კახელი ბიზნესმენი, ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა, დაკარგული დროის კომპენსირებისთვის ანაზღაურების მოთხოვნას აპირებს.
“მე ვფიქრობ, რომ მოვითხოვთ რაღაცას, აუცილებლად. არ უნდა ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ ეპატიოთ. არ უნდა ეპატიოთ. ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატებს და ერთი აზრი გვაქვს ყველას - კომპენსაციას ყველა ვარიანტში მოვითხოვთ. 8 თვის განმავლობაში ამ ადამიანს ძალიან ბევრი რამ გაუფუჭდა, ბევრ რამეზე დაიხია უკან ბიზნესში", - თქვა ლევან ბიძინაშვილის მამამ ოთარ ბიძინაშვილმა.
ციხეში ყოფნის პერიოდში ბიზნესსაქმიანობაში შექმნილ პრობლემებზე ლევან ბიძინაშვილი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშიც საუბრობდა.
“ჩემი უკვე 6 თვემდე ციხეში ყოფნის პერიოდში, ფაქტობრივად შემიჩერდა საწარმოები. წარმოება ვეღარ იხდის ბანკის კრედიტებს, ასევე გართულდა ხელფასების გაცემა და ამ საშინელი კრიზისის პერიოდში ამდენი ხალხი რჩება, ფაქტობრივად მშიერი”, - წერდა ის.
ლევან ბიძინაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებას ედავებოდნენ. ის კი ამტკიცებდა, რომ იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს, შემდეგ კი იძალადეს.
ბიძინაშვილის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე “რადიო თავისუფლებამ” ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.
ზიანის ანაზღაურება - რა გზა არსებობს?
უკანონოდ დაპატიმრებულს, ადმინისტრაციული სარჩელით, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, ასეთ შემთხვევაში მოპასუხე პროკურატურაა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, ვანო ჩიტაშვილი ამბობს, რომ ლევან ბიძინაშვილის გამართლებით მისი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ის ამ პროცესის რამდენიმე ასპექტს განმარტავს:
“პირველი ესაა უკანონო დაკავება იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდითაც იგი იყო პატიმარი; ასევე შეიძლება, მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება; თუ ბრალდებული, ან უკვე გამართლებული მუშაობდა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ან თუ რაიმე ზიანი მიადგა ბიზნესსაქმიანობას”.
მისივე თქმით, მორალური ზიანის შეფასება გამართლებულ პირზეა დამოკიდებული, როგორც პრაქტიკა მოწმობს ასეთ შემთხვევებში ზარალის ასანაზღაურებელი თანხა 1000-დან 10 000 ლარამდე მერყეობს.
ციხეში ყოფნის პერიოდს სხვადასხვა შემთხვევებში განსხვავებულად აფასებენ, მაგრამ პატიმრობაში გატარებული ერთი დღე 50 ლარით ანგარიშდება, რასაც შეიძლება, დაემატოს ამ პერიოდში ბიზნესსაქმიანობის შეფერხებით დამდგარი მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც.
დაკავებისას არაადამიანური მოპყრობის საქმე
დაკავებისას სამართალდამცველების მიერ შესაძლო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეს, 2021 წლის 5 დეკემბრიდან, ანუ დაკავების მეორე დღიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. უცნობია, მიმდინარე გამოძიების დასრულების დრო.
უწყებაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და “მიმდინარეობს ყოველმხრივი გამოძიება”.
იურისტი ვანო ჩიტაშვილი განმარტავს, რომ ძიების პროცესში შესაძლოა სხვა დანაშაულებიც გამოიკვეთოს - განზრახ უკანონო დაკავება, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და პოლიციელების მხრიდან სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა:
“ამ დანაშაულების გამოძიების პრეროგატივა პროკურატურისაა, ამიტომ წესით, თუ გამართლებული მიმართავს პროკურატურას, გამოძიება უნდა დაიწყოს ამ მუხლებითაც. რადგან გამართლდა, სავარაუდოდ, განაჩენშიც იქნება მითითებული სავარაუდო კანონდარღვევების შესახებ, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს. ამ მიმართულებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს”.
ასევე ნახეთ აბსურდული მტკიცებულებები კახელი ბიზნესმენის დაპატიმრების საქმეშიამასთან, ცნობილია, რომ პროკურატურა სიღნაღის სასამართლოს 8 აგვისტოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ლევან ბიძინაშვილის მამის, ოთარ ბიძინაშვილის განმარტებით, თუ პროკურატურა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს შესაგებელს წარუდგენს და საქმე შემდეგ ინსტანციებში გაგრძელდება.