14 წელი დევნილობაში - "მამა-პაპაც სულ ომობდა, ძმებო!"

ზაურ ზუბაშვილი

76 წლის ზაურ ზუბაშვილის მშობლიური ხეითი, რომელიც 14 წლის წინ იძულებით დატოვა, დღეს ოკუპირებული და განადგურებულია - სოფელი აღარ არსებობს. ხეითი დღემდე ხელახლა ნადგურდება ზაურის სიზმრებშიც.

ხეითი სიზმარში

სიზმრებს ხშირად ხედავს - სოფელი, სახლი, ბაღ-ვენახი, იქაური ტყე და ჭალა, თავისი ძროხები და შავი ძაღლი ესიზმრება. მერე ხედავს, როგორ იძარცვება, ნადგურდება წლობით ნაშრომი და შექმნილი. ეს სიზმრები ხშირად მეორდება. მერე სიზმრები ლექსებად იქცევა ხოლმე, ლექსებს კი ერთ დიდ საქაღალდეში ინახავს. ყველაზე საყვარელი ლექსის „ჩემი ხეითის“ ყოველი წაკითხვისას ხმა უკანკალებს.

ხეითიდან სკრაში

ზაური დღეს სკრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. კოტეჯის გარშემო პატარა მიწის ნაკვეთი აქვს. უნდოდა, ეს ნაკვეთიც ხეითის ბაღნარს დაემსგავსებინა, მაგრამ მიწა ნესტიანი შეხვდა - გარშემო ჭაობი იყო. არ შეეგუა, ბევრი იშრომა, ვენახი და ხეხილი გააშენა. დღეს და ღამეს ასწორებს, რომ ქარიან და ჭაობიან დასახლებაში ვენახი ვენახს ჰგავდეს და ბაღი ბაღს. წელს ყურძნის კარგი მოსავალია. თითა მტევნებს ორ კილოგრამამდე შეივსებს. გორულ მწვანეს, ლომიაურსა და ჩინურსაც კარგი პირი უჩანს. ატამიც დამწიფდა.

„ხეითში მაინც სხვანაირი მოსავალი მოდიოდა, იქ მდინარეც სხვანაირად მოჩუხჩუხებდა, ჩიტიც სხვანაირად გალობდა, მთელი ზაფხული შაშვების დღეობაა იქა, მზე და მთვარეც კი სხვანაირად ამოდიოდა“, - ამბობს ზაური და ვაზების ძირიდან ბალახს გლეჯს, ეს ჩემი კურდღლების საღამოს ვახშამიაო.

სკრაში საქონელი აღარ იყოლია - მოვხუცდი, საქონელს მეტი მოვლა სჭირდებაო. ჩემი ძროხები და ძაღლიც იქ, ხეითში დარჩა და აქ აღარ მინდაო.

გამოქცევა

2008 წლის აგვისტოს დღეები და ხეითის დატოვება - ყოველი წუთი და წამი ახსოვს. 14 წლის წინანდელ ამბებს ზაურ ზუბაშვილი ისე ჰყვება, თითქოს გუშინ მოხდა. ახსოვს, წინა დღეებში დენი არ ჰქონდათ და ინფორმაციას ვერ იღებდნენ.

14 წლის წინ აგვისტოს დასაწყისიდან ჯერ ფრონეს ხეობის ქართულ სოფლებს, ავნევსა და ნულს ბომბავდნენ. დიდი ლიახვის ხეობაში სროლა კანტიკუნტად კი ისმოდა, მაგრამ იქაურებს ეს საგანგაშოდ არ მოეჩვენათ, მანამდეც, მსგავსი სროლა და აფეთქება, მათი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. მერე, სოფლის თავზე ვერტმფრენი გამოჩნდა, სოფლის გარშემო დაფრინავდა. ბომბები ჩამოყარა. მოსახლეობას ჯერ არ ბომბავდა. ზაურმა სამი ძროხა ლიახვის სანაპიროზე საბალახოდ გარეკა. რამდენიმე წუთში ვერტმფრენმა ისეთ დაბალ სიმაღლეზე გადაიფრინა, რომ ძროხები დაფრთხნენ და სახლისკენ გაიქცნენ. ზაური ისევ სახლისკენ გაბრუნდა. ამ დროს გზაზე თანასოფლელი შეხვდა და ერთ-ერთი ქართველი სპეცრაზმელის დანაბარები გადასცა, რუსები უკვე სოფელში შემოდიან და მოსახლეობა უნდა გაიხიზნოთო. შინ დაბრუნებულმა ზაურმა ძროხები ბოსელში დააბა და ცოლს გასძახა, მცირე ბარგი გაამზადე, ტყვიავში გადავიდეთ, ღამე ბენზინგასამართ სადგურზე გავათენოთ და ხვალ ისევ სახლში დავბრუნდეთო. ამ ამბის გამო ნათესავების შეწუხება არ ღირსო. წამოსვლის წინ ისევ ბოსელში შეტრიალდა, ძროხები აუშვა, აქ ბომბი რომ ჩამოვარდეს, დაბმულები ვერ გადარჩებიან, გაქცეულებს მეტი შანსი ექნებათო, - ჩაილაპარაკა და ძველი საბჭოთა ჟიგული დაქოქა.

ზაურ ზუბაშვილი

გზაში ნანახი

დიდი ლიახვის ხეობიდან, წვერიახოს შემოვლითი გზით პატარა ლიახვის ხეობაში უნდა გადასულიყო და იქიდან უკვე ტყვიავისკენ გაეგრძელებინა გზა. წვერიახოს მთის წვერზე ჟიგულიში წყალი ადუღდა. ფეხით მიმავალი ხალხი მიეხმარა, მანქანას მიაწვა და მთა ძლივს გადაიარა. მთიდან პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვში ჩავიდა. ეს სოფელიც უკვე იბომბებოდა.

„ერედვში რომ გადმოვედი, დავინახე, სახლს ბომბი დასცემოდა და ხალხი დაღუპულიყო. ქვემოთ სოფლებში მოვდიოდი და ეს სოფლები დაცლილი მხვდებოდა, დიცი, ტირძნისი უკვე დაცლილი იყო. კარალეთამდე ჩამოვაღწიე. ისეთი არეულობა იყო, ხალხი აქეთ-იქით გარბოდა, ზოგი ფეხით მიდიოდა, ზოგი ტრანსპორტს ეძებდა, რომ სოფლიდან გაქცეულიყო და ამ დროს მეც ბენზინი გამითავდა. ერთ ბიჭს შევჩივლე, სად ვიშოვო საწვავი-მეთქი. რას ამბობ, ძია, რა ბენზინზეა ლაპარაკი, თვითმფრინავმა ქარსაცავ ზოლთან ბიჭები დაგვიხოცა და აქ ერთი ამბავი ტრიალებსო, მაგრამ მე მაქვს ცოტა და მოგცემო. ის გაახაროს ღმერთმა".

ბიჭმა 5 ლიტრი საწვავი აჩუქა. დღემდე არ იცის მისი სახელი. ზაურმა ამ 5 ლიტრიდან ბიძაშვილსაც უწილადა - მას ორი ბავშვი ჰყავდა მანქანაში და უბენზინოდ იყო დარჩენილიყო. როგორც იქნა, გორში ჩავიდნენ. გათენდა და მაინც უკან, სახლში დაბრუნებას ფიქრობს. ბაზარში გაიარა, პომიდორი და პური უნდა ეყიდა და მხოლოდ ერთი ვაჭარი დახვდა. გაუკვირდა, ჩვენ ომში ვიყავით და არ გვეშინია და ეს გორელები რამ შეაშინა, სად არის ხალხიო. თანასოფლელს დაურეკა, ის დილით ადრე გავიდა ხეითისკენ. ერედვიდან აღარ გამიშვეს და უკან გამომაბრუნესო - უთხრა. გორის შემდეგ უკვე რუსთავში ამოყო თავი. იქ და-ძმა ჰყავს.

"ერთი კვირის მერე თბილისში გადმოვედით და ასე გავატარეთ, სანამ კოტეჯებს აგვიშენებდნენ. 4 თვე იქ დავყავით. ძალიან მწარე ყოფილა მშობელი კუთხის მიტოვება“.

ომი უკრაინაში

ზაური უკრაინას მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. რამდენიმე წლის განმავლობაში იქ ისწავლა. დღეს რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინული ქალაქები სოხუმსა და ცხინვალს ახსენებს. ახსენდება მშობლიური ხეითი, დევნილობა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ყოველდღე „მოკითხვას“ უთვლის.

„არ შეიძლებოდა მაგ ომის მოწყობა, მაგრამ ეგ უსისხლო და უჯიგრო კაცია, პუტინზე ვამბობ. მე უკრაინაში ვსწავლობდი. სამშენებლო ფაკულტეტი დავამთავრე. ხალხს კარგად ვიცნობ და ძალიან თბილი და ჯიგრიანი ხალხია და გადაყოლილები იყვნენ ჩემზე. ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს რომ აცხადებენ, იქიდან 12 კილომეტრში ვცხოვრობდი და ფეხით მაქვს მოვლილი ეგ ქალაქები. როგორც ჩემი სამშობლო, ისე მიყვარს უკრაინა და ამოწყდეს ყველა, ვინც ის დაბომბოს. პუტინმა არ გაიხაროს!“.

ვინ დაბრუნდება?

ხეითი აღარ არსებობს, მაგრამ იქ დაბრუნებაზე მაინც ყოველდღე ფიქრობს. ჩვენ, ბებრები რომ დავიხოცებით, იქ კაციშვილი აღარ წავაო; როგორ გავამტყუნო ჩემი შვილიშვილები, თუ ხეითში დაბრუნებას არ მოინდომებენ, ეს სოფელი მათ ხომ თვალით არ უნახავთო- ამბობს. ზაურის შვილი და შვილიშვილები ახლა გერმანიაში, ქალაქ ესენში ცხოვრობენ. ხან წელიწადში ერთხელაც ვერ ნახულობს მათ. ომმა მისი ოჯახიც გაფანტა.

ეჰ, ჩვენ შემდეგ იქ ვინღა დაბრუნდებაო, ამბობს და ერთ ნატვრას ამხელს - ნეტა, რომელიმე გამომცემელი დაინტერესდებოდეს და ამ ჩემ ლექსებს კრებულად დამიბეჭდავდეს, რომ ხეითის ხსოვნა და სამშობლოს სიყვარულიც ამ ლექსებით დავუტოვო ჩემ შთამომავლებსო:

”ნურვინ იტყვის დავიღალეთ ძმებო, დავიღალეთ აღარ შეგვწევს ძალა,
ომი იყო ერთობ მომქანცველი, რა თქმა უნდა ყველა დაიღალა"-
ომი იყო ხანგრძლივი და დიდი, რა თქმა უნდა ყველა დაიღალა,
მაგრამ რუსი თუ არ გავა ძმებო, ომი ისევ გველოდება ხვალა.
მამა-პაპაც სულ ომობდა ძმებო, მუდამ ჰქონდათ საამისო ძალა,
ჩვენც მივბაძოთ, ძია გენაცვალოთ, ჩვენ მათი ვართ და იმათა ვგავართ“
.