რუსეთი „აძლიერებს თავდაცვას“ უკრაინის სამხრეთში, ამასთან განაგრძობს აღმოსავლეთში, დონბასში, უკრაინის პოზიციებზე დარტყმებს, მაგრამ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მან მხოლოდ 10 კილომეტრით შეძლო წინ წაწევა თავის „ყველაზე წარმატებულ მიმართულებაზე“, იუწყება დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.
თავის რეგულარულ ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვამ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის სხვა რაიონებში სამ კილომეტრზე მეტზე არ წაწეულად წინ.
ასეთი ტემპი „თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბევრად ნაკლებია დაგეგმილზე,“ ნათქვამია ანგარიშში. „მიუხედავად იმისა, რომ ის ამ რეგიონებში კვლავაც აქტიურად იყენებს არტილერიას, რუსეთმა ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობით ბრძოლისუნარიანი ქვეითი ჯარის თავმოყრა, რათა უზრუნველყოს უფრო არსებითი წინსვლა.“
მანამდე, 8 აგვისტოს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს იყენებს საკუთარი თავდაცვითი ხაზების დასაცავად და შესანარჩუნებლად, რაც საფრთხეს უქმნის როგორც სამხედროებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას.
უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა 9 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების შეტევა გრძელდება საკვანძო მნიშვნელობის ქალაქების, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში და მტერი ცდილობს, „მაქსიმალური დანაკარგი“ მიაყენოს უკრაინის ჯარებს. ცნობაში ნახსენებია, რომ რუსეთის ავიაცია ბომბავდა სამხედრო ობიექტებს დონეცკის მიმართულებით. ამ მიმართულებით რუსეთი ახორციელებს საარტილერიო და სხვა სახმელეთო ოპერაციებს, რომელთა მიზანია ფრონტის ხაზიდან უკრაინის ჯარების განდევნა.
ამასობაში უკრაინის ენერგეტიკული კომპანია „ენერჰოატომის“ ხელმძღვანელი გამოვიდა მოწოდებით, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ომისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 8 აგვისტოს განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგური „ნორმალურ რეჟიმში“ მუშაობს.