დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებს ევროპის ტერიტორიაზე შესვლა უნდა აუკრძალონ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი სიტყვებით, აქამდე დაწესებული ყველა სანქცია სუსტია რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთი წლით საზღვრების ჩაკეტვასა და ენერგომატარებლების შეძენის შეჩერებასთან შედარებით.
„ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაშია, იმიტომ რომ რუსები სხვას მიწას ართმევენ“, - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ რუსებმა „თავიანთ სამყაროში უნდა იცხოვრონ, სანამ არ შეიცვლიან ფილოსოფიას“.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთის მოსახლეობასაც დაეკისროს პასუხისმგებლობა და მოხდეს მათი იზოლირება. ზელენსკის რწმენით, ეს პუტინზე ზეგავლენის ერთადერთი საშუალებაა.
„რომელ რუსებზეც არ უნდა იყოს საუბარი, დააბრუნეთ ისინი უკან რუსეთში. მერე გაიგებენ, მერე იტყვიან: ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ ომთან. მთელი ერი ვერ იტვირთავს პასუხისმგებლობას, ხომ ასეა? იკისრებს. ამ ხალხმა აირჩია ასეთი ხელისუფლება, არ ებრძვის მას, არ ეკამათება, არ უყვირის მას“, - უთხრა ზელენსკიმ The Washington Post-ს.
ევროკავშირის რიგ ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ მსჯელობენ. ამგვარი ინიციატივით უკვე გამოვიდნენ ესტონეთი, ლატვია და ფინეთი. 26 თებერვლიდან ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული მექანიზმი გააუქმა. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და სავიზო ცენტრებმა შეზღუდეს ან სრულად შეაჩერეს რუსებისთვის შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაცემა.
ამასთან, ევროკომისია გამორიცხავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტის შესაძლებლობას, ვინაიდან ეს ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. "ყოველთვის არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ, არის ჰუმანიტარული შემთხვევები, [ევროკავშირის მოქალაქეების] ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და დისიდენტები", - აცხადებენ კომისიაში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ათიათასობით ადამიანმა დატოვა რუსეთი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკასთან შეუთავსებლობის გამო.
ბრიუსელის სანქციები მიმართული არაა რუსეთის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ „პირველ რიგში“ ხელისუფლებისა და რუსული ელიტის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ომის დაფინანსება, ხაზს უსვამს ევროკომისია.
პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით უკრაინაში დაწყებული ომის გამო შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რაც არა მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და რუსულ ბიზნესს, არამედ რუსეთის რიგით მოქალაქეებსაც შეეხო.