რუსეთის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა ირანის თანამგზავრი

რუსეთის რაკეტა „სოიუზის“ და ირანის თანამგზავრ „ხაიამის“ სტარტი. ბაიკონური. 9 აგვისტო. 2022 წელი

9 აგვისტოს რუსეთის რაკეტამ წარმატებით გაიყვანა კოსმოსში ირანის თანამგზავრი ბრალდების ფონზე, რომ მოსკოვმა შეიძლება ის უკრაინაში სამხედრო ობიექტების სამეთვალყურეოდ გამოიყენოს.

დისტანციური ზონდირების თანამგზავრმა სახელწოდებით „ხაიამი“, 9 აგვისტოს რუსეთის რაკეტა „სოიუზის“ საშუალებით აიღო სტარტი ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარე კოსმოდრომ ბაიკონურიდან. სტარტის ვიდეოჩანაწერი რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ YouTube-ით გაავრცელა.

გასულ კვირაში Washington Post-ი წერდა ამერიკელი მოხელეების შეშფოთების შესახებ, რომ რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა კოსმოსის სფეროში არა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება უკრაინაში ომში, არამედ მან შეიძლება ირანს შეუწყოს ხელი თვალყური ადევნოს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში პოტენციურ საომარ მიზნებს.

ირანი ამტკიცებს, რომ თანამგზავრს სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულება აქვს და მოემსახურება რადიაციული და ეკოლოგიური ვითარების შესწავლას სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის და რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია „ხაიმის“ მონაცემებზე წვდომა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ცდილობს ირანთან ურთიერთობების გაღრმავებას. გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თეირანს ეწვია, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი მეორე მოგზაურობა იყო უცხოეთში.