ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება, წინას მსგავსად, 8 აგვისტოს აღნიშნავს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოზე 7 აგვისტოს, იმ დღეს, როცა რუსეთის ჯარი უკვე იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული რუსეთის მიერ ოკუპირებულია

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ჩვენ ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენი, თარიღებზე სპეკულაციას, მე მინდა გთხოვოთ, რომ თავი შევიკავოთ.

მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ. საერთოდ უხერხულია ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახებთან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ამ შემთხვევაშიც, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისაუბრა წინა ხელისუფლებისა ("ნაციონალური მოძრაობის") და იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე.

"მთავარი რაც არის, არის შემდეგი - თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თვიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი. გაწირეს ჩვენი სამხედროები", - თქვა ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: მოღალატეებმა ომი ვერ და არ ააცილეს ჩვენს ქვეყანას

გუშინ, 7 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში ომი და მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს.

"ამ ქვეყანაში არავინ არის მომხრე ახალი ომის, მეორე ფრონტის. ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი და იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები და ამას პატივს უნდა ვცემდეთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.