საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი. მან ამ დღის მნიშვნელობასა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა.
"მინდა სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ყველაფერი ტრაგიზმში არ უნდა გადავიტანოთ, ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით - ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა და დემოკრატია უფრო ძლიერია, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ...
იმისთვის რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა და სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს...
ამ ქვეყანაში არავინ არის მომხრე ახალი ომის, მეორე ფრონტის. ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი და იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები და ამას პატივს უნდა ვცემდეთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სოფელ შინდისში იყო და აგვისტოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების საფლავი გვირგვინით შეამკო.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.