პოლიციამ დაადგინა Facebook-ზე გავრცელებულ ინტიმურ კადრებში მონაწილე პირები

ფოტოილუსტრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა იმ ორი ადამიანის ვინაობა, რომელიც მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში არის ასახული. ღამით, ქალაქის ცენტრში, მარჯანიშვილის თეატრის წინ გადაღებული ინტიმური სცენების კადრები სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-ზე დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა და მოქალაქეთა ნაწილი პოლიციისგან რეაგირებას მოითხოვდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა", - აღნიშნულია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის წარმოება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური ქცევისთვის ადამიანი 100-დან 200 ლარამდე ჯარიმდება.