კომუნისტური ეპოქა ჯინსის შარვალს უფრთხოდა, ეშინოდა მისი და ისევე კრძალავდა, როგორც დისიდენტურ ლიტერატურას.
1957 წლის აგვისტოში, ე.წ. დათბობის პერიოდში, მოსკოვში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ასზე მეტი ქვეყნიდან ათასობით უცხოელი ახალგაზრდა ჩავიდა. მათ თან ჩაიტანეს დასავლური ყოფა, მათ შორის ჯინსიც, ჩაიტანეს რა, უბრალოდ ზედ ეცვათ. აქედან დაიწყო ჯინსების პოპულარობა საბჭოთა კავშირში.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მიუხედავად რკინის ფარდისა, ჯინსი მაინც აღწევდა საბჭოთა კავშირში და მისი ჩაცმა პროტესტის ფორმადაც კი აღიქმებოდა.
რას ერჩოდა საბჭოთა კავშირი ჯინსს?
„ეს არის ცივი ომის პერიოდი, დაპირისპირება კომუნისტურ სამყაროსა და დასავლეთს შორის. მოწინააღმდეგე მხარის სიმბოლოებს დასცინოდნენ, „საფრთხობელად“ იყენებდნენ. ასეთი იყო: კოკა-კოლა, ჯაზი, როკი, ჯინსი..., - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა კავშირის შემსწავლელი ლაბორატორიის წარმომადგენელი, - როდესაც მოპირისპირე ბანაკში ჯინსი არის ახალგაზრდული ცხოვრების სიმბოლო, საბჭოთა კავშირისთვის ეს ხდება სიმბოლო, რომლითაც საკუთარი მოქალაქეები უნდა შეაშინოს ან მიზიდულობის ძალა გაუნეიტრალოს. ამისთვის, [ჯინსს] ერთი მხრივ, მაქსიმალურად აშარჟებენ და, მეორე მხრივ, ცდილობენ, მოსახლეობამდე არ მიაღწიოს“.
საბჭოთა თაობას კარგად ახსოვს პოპულარული მულტფილმი Ну, погоди! („აბა, დამაცადე“). ის ძალიან ჰგავს დისნეის „ტომი და ჯერის“. ერთში კურდღელი და მეორეში თაგვი დაუსრულებლად ცდილობენ მტერს ხელიდან გაუსხლტნენ. თუმცა, თუკი „ტომი და ჯერიში“ თაგვი მხოლოდ თაგვია და კატაც მხოლოდ კატა, საბჭოთა მულტფილმში საქმე უფრო რთულადაა. ტომისა და ჯერისგან განსხვავებით, აქ პერსონაჟებს ტანსაცმელი აცვიათ. კურდღელი პიონერივით შორტსა და მაისურშია გამოწყობილი, მგელი კი გაღეღილ, ამოჩაჩულ პერანგსა და სლაქსებში, რომელიც მართალია შავია, მაგრამ ძალიან ჰგავს ჯინსს. კურდღელი პიონერის დოლზე უკრავს, მგელი ელექტროგიტარაზე და თან პაპიროსს აბოლებს.
„ხულიგანი“ მგელი აშკარად დასავლეთის სიმბოლოა, წესიერი ყურცქვიტა კი - საბჭოთა მოქალაქის. რა თქმა უნდა, მულტფილმის ყველა სერიაში გამარჯვებული კურდღელი გამოდის.
„ახალგაზრდებისთვის ის თავისუფალი ცხოვრების სიმბოლო იყო, საბჭოთა კავშირისთვის კი „გარყვნილი“, „ვერაგი“, „მტრული“ კაპიტალისტური სამყაროს ნაწილი“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
ჯინსების შოვნა რთული იყო, მაგრამ შოულობდნენ, ვინც საზღვარგარეთ მოხვდებოდა, ჩამოჰქონდა, ვინც არა - „სპეკულანტებთან“ დახლს ქვემოთ მოვაჭრეებთან ყიდულობდა. ჯინსი 100-200 მანეთი ღირდა, რაც მაშინ, უმრავლესობისთვის სულ მცირე ორი თვის ხელფასი იყო.
როკოტოვის და ფაიბიშენკოს საქმე
1953 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის ადგილი დაიკავა და ცოტა ხანში „პიროვნების კულტი“ დაგმო. მავზოლეუმში დაკრძალული სტალინი უკან გამოასვენეს. ტოტალიტარულ სისტემას თითქოს წყალი შეუდგა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ცოტა ხანში ხრუშჩოვმა ყველაფრის უკან საბჭოთა კალაპოტში დაბრუნება დაიწყო და გადამყიდველების წინააღმდეგ ბრძოლაც გამოაცხადა.
1961 წლის შემოდგომაზე უკანონო სავალუტო ოპერაციებისთვის იან როკოტოვი და ვლადისლავ ფაიბიშენკო დააკავეს. ისევე როგორც ყველაფერი დასავლური, საბჭოთა კავშირში დოლარიც დახლქვეშ იყიდებოდა.
როკოტოვი და ფაიბიშენკო კაპიტალისტურ სამყაროში ალბათ დიდი ბიზნესმენები გახდებოდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირში მათი ნიჭი სხვაგვარად გამოვლინდა, ისინი ვალუტის შავ ბაზარს „განაგებდნენ“, დოლარებს, მარკებს და სხვა ვალუტას მანეთებზე ცვლიდნენ, ვაჭრობდნენ ოქროთი. თუმცა, სანამ მსხვილ ოპერაციებზე გადავიდოდნენ, უცხოური ტანსაცმლის, მათ შორის, ჯინსების და ფირფიტების ვაჭრობით დაიწყეს.
მაშინ სავალუტო ოპერაციებისთვის მაქსიმალური სასჯელი 8 წელი იყო, თებერვალში ის 15 წლამდე გაიზარდა და ბრალდებულებსაც სწორედ 15 შეუფარდეს.
ამავე წლის 1 ივლისს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ ვალუტასთან დაკავშირებულ დანაშაულზე სწორი იქნებოდა, სასჯელის მაქსიმალური ზომა სიკვდილით დასჯა ყოფილიყო. იმავე დღეს მიიღეს საიდუმლო დადგენილება 155/2, რომელითაც დასჯის უმკაცრესი ზომა უკანა რიცხვით როკოტოვსა და ფაიბიშენკოს მიუსადაგეს. თუმცა ისინი რომ დაეხვრიტათ, ჯერ მოსკოვის სასამართლოს დადგენილება უნდა გაეუქმებინათ და დაკავებულები ხელმეორედ გაესამართლებინათ. სსრკ-ის პროკურატურამ როკოტოვი და ფაიბიშენკო ხელმეორედ გაასამართლა. 1961 წლის 18 ივლისს მათ დახვრეტა მიესაჯათ. დახვრიტეს კიდევ ერთი კვირის შემდეგ.
როკოტოვისა და ფაიბიშენკოს საქმე იურისპრუდენციის ისტორიაში დღემდე უკანონობის მაგალითად რჩება. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს რეტროაქტიურად, ანუ არა იმ სასჯელის მიხედვით, რომელიც დაკავებისას იყო კანონმდებლობით განსაზღვრული, არამედ - რომელიც შემდეგ მიიღეს.
უკვე ოცდამეერთე საუკუნეში ამ ისტორიით შთაგონებულმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა რეჟისორმა ვიტალი ალიზიერმა გადაწყვიტა დაეარსებინა ჯინსების მწარმოებელი კომპანია Rokotov & Fainberg. ამ ბრენდის ჯინსების იარლიყზე ორი ტყვიაა გამოსახული.
სად იშოვებოდა ჯინსი და ყველაფერი „აკრძალული“?
ნინელი (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ბედმა გაუღიმა და რკინის ფარდის ეპოქაში საზღვარგარეთ მოხვდა. მართალია, ბერლინის კედლის აქეთ მხარეს - გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირის ფარგლებს მიღმა. 1988 წელი იდგა.
„უნივერსიტეტიდან მასწავლებლები და ლექტორები მიჰყავდათ „გედეერში“, იქაური გამოცდილების გასაზიარებლად, ჩაწყობით, რა თქმა უნდა. ფრანგული სუნამო ვაჩუქე, მაშინ არ იშოვებოდა“.
ჯგუფის წევრებმა წასვლამდე თადარიგი დაიჭირეს. იქიდან თუნდაც ოჯახის წევრებისთვის რომ რამე ჩამოეტანათ, ფული სჭირდებოდათ. საბჭოთა კავშირიდან ფულის გატანა კი არ იყო იოლი საქმე.
„სამხრეებიანი კოსტიუმი შევაკერინე და ამ სამხრეებში შევტენე ათმანეთიანები. მერე მატროშკები, დოქები, რაღაც სუვენირები ვიყიდე, ელექტროობა. იქ ჩვენზე უკეთესი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი უფრო იაფი იყო და კარგად იყიდებოდა. თუ რამე გეკეთა ოქროსი, დეკლარაციაში უნდა აგესახა, მაგრამ შეიძლება გაგეყიდა და მერე უკანა გზაზე ჩვეულებრივი ბიჟუტერია გაგეკეთებინა. უკვე იქ ჩასულები სასტუმროში მაგიდაზე ვტოვებდით ნივთებს და ზედ ფასს ვაწერდით. დამლაგებელი ეტყოდა, თუ ვინმე იყო მსურველი და უკან დაბრუნებულებს უკვე ფული დაგვხვდებოდა ხოლმე“.
ჯგუფი გერმანიის ხუთ ქალაქში ჩაიყვანეს. მაშინ მივხვდით პირველად, ჩვენზე ბევრად უკეთ რომ ცხოვრობდნენო, იხსენებს ნინელი.
„მე მხოლოდ ახლობლებისთვის ვიყიდე რაღაცები, კარგი ფეხსაცმელი, კარგი ტანსაცმელი. ჩვენთან არაფერი იშოვებოდა. უზარმაზარ რიგში ჩადგებოდი და მერე რაც დაგხვდებოდა, ის უნდა აგეღო. ან მოსკოვში, ოდესაში, ან გემებზე ტურისტებისგან უნდა გეყიდა. ჯინსებსაც გემზე ტურისტებისგან ვყიდულობდით. ერთხელ ორი შარვალ-კოსტიუმი ვიყიდე მოსკოვში და მილიციამ შემამოწმა, დამაბეზღეს, ძვირიანს ყიდულობსო. კიდევ საწყობიდან გამოტანაც შეიძლებოდა, ნაცნობი თუ გყავდა“.
კარტოფილივით მოხარშული
იმის გამო, რომ ჯინსი იშვიათი ხილი იყო, საბჭოთა კავშირში მისი უამრავი ყალბი რეპლიკა გაჩნდა, მოსახლეობაში კი ორიგინალის ამოცნობის ათასნაირი მეთოდი გავრცელდა, მათგან უემტესობას რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
ბებიაჩემს ვკითხე - სად იყიდება ნამდვილი ამერიკული ჯინსები-მეთქი და ლვოვის „ტალკუჩკაზეო“, მითხრა. იმ დღეს რუკაზე მოვძებნე ლვოვი და ისე შორს აღმოჩნდა თბილისიდან, რომ ბებიაჩემის შავმა იუმორმა გული დამწყვიტა.დათო ტურაშვილი
ორიგინალობის ერთ-ერთი უტყუარ ნიშნად ითვლებოდა ის, რომ ხმარების შედეგად ჯინსი იხეხებოდა. ამ ეფექტის მისაღწევად საბჭოთა კავშირში ჯინსებს პირდაპირი მნიშვნელობით ხეხავდნენ, ზოგი აგურით და ზოგი პემზის ქვით. ჯინსებზე ჩატარებული საბჭოთა ექსპერიმენტების შედეგი იყო მოხარშული ჯინსიც. ჯინსის შარვალი უნდა დაგეგრიხა, წყალში გახსნილ მათეთრებელში ჩაგედო და საათობით გედუღებინა. როგორც საჭმლის კეთება ყველას არ გამოსდის, ჯინსის ხარშვაც ყველას არ ეხერხებოდა, თუმცა ვინც საქმეს სკრუპულოზურად მიუდგებოდა, შესაძლოა შედეგიც მიეღო - თეთრი ხაზებით აჭრელებული ჯინსი.
სტალინის დაკრძალვიდან ჯინსებით დაბრუნებული
გარდა დასავლეთისა და პროტესტისა, კიდევ რისი სიმბოლო იყო ჯინსი, სოციალური კუთვნილების? ან იქნებ, რამე უპირატესობის? რადიო თავისუფლებას მწერალი დათო ტურაშვილი ესაუბრა. 2008 წელს მან გამოსცა წიგნი „ჯინსების თაობა“, რომელიც მაშინვე ბესტსელერი გახდა და დღემდე განმეორებით იბეჭდება.
დათო ტურაშვილი: „ჯინსების თაობა“ იმ თაობის ისტორიაც არის, ვისთვისაც ჯინსი იყო იმ ყველაფრის სიმბოლო, რაც საბჭოთა ადამიანს ყოველთვის აკლდა. ამიტომაც, ალბათ, ძნელია ცალსახად იმის თქმა, რომ ჯინსი იყო სოციალური კუთვნილების ან უპირატესობის განმსაზღვრელი, რადგან ჯინსების მოპოვება ერთნაირად ძნელი იყო სოციალურად განსხვავებული ადამიანებისთვის.
- სად შოულობდნენ ჯინსებს?
- ჯინსების შოვნის რთული და ძვირი, მაგრამ რამდენიმე გზა, მაინც არსებობდა საბჭოთა საქართველოში და უპირველესად ეს იყო ებრაელებით დასახლებული რამდენიმე მისამართი. მაგალითად, სურამში ფილოსოფოს ვაჟა დურმიშიძეს სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, მშობლებმა უყიდეს არა მხოლოდ ნამდვილი ამერიკული ჯინსები, არამედ ეგრეთ წოდებული ვილვეტის ტროიკაც.
მაშინ ქართველები ვაჭრობას ერიდებოდნენ, ამიტომაც ნანატრი ჯინსები ჰქონდათ (არცთუ იაფად) იმ პოლონელებს, ვისაც უშვებდნენ ხოლმე საბჭოთა საქართველოში როგორც ტურისტებს და ბოლოს კი ისინიც ჯინსებს ამოიღებდნენ ხოლმე გასაყიდად სხვა დეფიციტურ ნივთებთან ერთად. ჯინსების შოვნის მეტი შანსი ჰქონდათ სოხუმში, ფოთსა და ბათუმში. საპორტო ქალაქებს მომდგარი უცხოური გემების მეზღვაურებმა იცოდნენ, რა უნდოდათ საბჭოთა ქართველებს. ჯინსები ჩამოჰქონდათ გასტროლებიდან და სპორტული შეჯიბრებებიდან დაბრუნებულ არტისტებსა და სპორტსმენებსაც.
- თუ გახსენდებათ რამე ისტორია ჯინსებთან დაკავშირებით?
- ბევრი ისტორია მახსოვს ბავშვობიდან, მაგრამ შემიძლია პირველი გავიხსენო, როცა ბებიაჩემს ვკითხე - სად იყიდება ნამდვილი ამერიკული ჯინსები-მეთქი და ლვოვის „ტალკუჩკაზეო“, მითხრა. იმ დღეს რუკაზე მოვძებნე ლვოვი და ისე შორს აღმოჩნდა თბილისიდან, რომ ბებიაჩემის შავმა იუმორმა გული დამწყვიტა. მერე, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როცა იქ აკა მორჩილაძესთან ერთად მოვხვდი, ის „ტალკუჩკა“ მართლა მოვძებნეთ ლვოვში და ჯინსებიც დიდხანს ვათვალიერეთ, მაგრამ ყიდვით მხოლოდ მაისურები ვიყიდეთ ტარას შევჩენკოს ლეგენდარული ფრაზებით. რაც შეეხება ჩემი ბავშვობის პირველ ჯინსებს, მამაჩემმა რომ ჩამომიტანა, სიხარულისგან მართლა მინდოდა იმ ჯინსებით დაძინება და კიდევ კარგი, ზამთარი იყო.
სხვათა შორის, პირველი ქართველი, ვინც საბჭოთა პერიოდში ჯინსები ჩაიცვა, იყო ზესტაფონელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც 1953 წელს სტალინის დაკრძალვაზე წავიდა მოსკოვში და იქიდან კი ნამდვილი ჯინსები ჩამოიტანა...