ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე მორიგი ვადით ასარჩევად არ წარადგინა

გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს თავმჯდომარე.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

„საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

თავის დროზე ოპოზიციური პარტიებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურამ, ის ჩვეულებრივი უმრავლესობით, ორჯერ, 6-თვიანიანი ვადით იყო არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ და მესამედ სურდა ამ თანამდებობის დაკავება.