ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებას უკრაინა მარტის შემდეგ ითხოვს. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს ამერიკელმა კანონმდებლებმა. ჯერჯერობით თავს იკავებს გადაწყვეტილების მიმღები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და შესაბამისი მიზეზებიც სახელდება.
რის გამო ენიჭებათ ქვეყნებს ტერორიზმის სპონსორის სტატუსი?
ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიის მართვა 1979 წლიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეროგატივაა. ოფიციალური წყაროს მიხედვით, ტერორიზმის სპონსორებად ითვლებიან ქვეყნები, რომლებიც „არაერთხელ დაეხმარებიან საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“ და მათი სიის შედგენა ქვეყნის სამი ძირითადი კანონით განისაზღვრება.
სხვადასხვა გამოცდილებით, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ტერორისტული ორგანიზაციების სხვადასხვა გზით ფარული დაფინანსება, იარაღის მიწოდება და ასე შემდეგ. თუმცა კრიტერიუმები, რისთვისაც ეს სტატუსი სახელმწიფოებს აუცილებლად მიენიჭებათ, მთლად ნათელი არ არის სპეციალისტებისთვის.
„ეს უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება“, - ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ ჯოზეფ დეტომასი - პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი. მისი განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანწილად, „პოლიტიკურ და დიპლომატიურ კონტექსტზეა“ დამოკიდებული.
ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სია განახლებადია და, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის მსგავსად, მასში ქვეყნები შესაძლოა რამდენჯერმეც მოხვდნენ.
ამჟამად სიაშია ოთხი ქვეყანა: ჩრდილოეთი კორეა, ირანი, სირია და კუბა. სხვადასხვა დროს ამ სიაში იყვნენ ასევე, მაგალითად: ერაყი, ლიბია, სამხრეთი იემენი და სუდანი.
ბალტიის ქვეყნები ცდილობენ, რომ გაკვალონ გზა და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ევროკავშირის ქვეყნებმაც გამოაცხადონ. Delfi წერს, რომ ლატვიის სეიმში დამტკიცდა შესაბამისი კანონპროექტი - რუსეთის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ; ხოლო მანამდე, მაისში, გავრცელდა ცნობები, ლიეტუვის სეიმის მიერ ამავე შინაარსის რეზოლუციის დამტკიცების შესახებ.
ვისთვის რა სანქციებია გათვალისწინებული?
აშშ-ში ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის განსაზღვრულია ოთხი კატეგორიის სანქციები და მოიცავს:
- აშშ-ის საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას;
- სამხედრო საქონლის ექსპორტისა და გაყიდვის აკრძალვას;
- კონტროლის დაწესებას ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე;
- ფინანსური და სხვა შეზღუდვების დაწესებას.
საერთაშორისო სპეციალისტების განმარტებით, რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება საშუალებას მისცემს უკრაინის მოქალაქეებს, რომ, ამერიკის სასამართლოების დახმარებით, კომპენსაციები მოითხოვონ რუსეთის მთავრობისგან. წინასწარი ინფორმაციით, გადახდა რუსეთისთვის დაყადაღებული აქტივების საშუალებით მოხდება.
სანქციები უწესდებათ ასევე „იმ პირებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობაში არიან ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოსთან“.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების პირობები და მოსალოდნელი სანქციები გასათვალისწინებელი იქნება აშშ-ის ყველა პარტნიორისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ექნება პასუხისმგებლობა, რომ არ გაატაროს სანქცირებული პროდუქცია რუსეთის მიმართულებით და არ მოახდინოს ასეთი პროდუქციის საქართველოში შემოტანა. ეს ვალდებულებები ქვეყანას ახლაც აქვს [დასავლეთის მიერ უკვე დაწესებული სანქციების პირობებში]“, - გვეუბნება ჩიტაძე.
რა განსხვავება იქნება ამჟამად უკვე დაწესებული სანქციებისგან?
საკმაოდ ფართო საერთაშორისო სანქციები უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ და ეს, მაგალითად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის აკრძალვასაც მოიცავს. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, „სპონსორის“ სტატუსის რუსეთისთვის მინიჭება დღის წესრიგში დააყენებს კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრების საკითხსაც და შესაძლოა, აკრძალული პროდუქციის სიაც გაფართოვდეს.
ეს გარემოება, ექსპერტების შეფასებით, რუსეთს ბევრად უფრო ძლიერ იზოლაციას უქადის, რადგან სტატუსის მინიჭება „ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალიც“ იქნება და რუსეთთან კონტაქტს ბევრად უფრო მეტი კომპანია და ბიზნესმიმართულება მოერიდება.
„თუკი რუსეთი ამ სიაში მოხვდება, არცერთი წესიერი კომპანია აღარ ითანამშრომლებს რუსეთთან... კრიმინალები და ნახევრად კრიმინალები თუ შეგვრჩებიან, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ“, - ეუბნება გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველეს" რუსი ექსპერტი, პაველ ლუზინი.
ამასთან, რუსეთში ფიქრობენ, რომ ტერორიზმის სპონსორის სტატუსი მეტ განხეთქილებას შეიტანს პუტინის გარემოცვაში და გააფართოებს ბზარს მის მიმართ ბიზნესელიტის დამოკიდებულებაში.
აღიარებენ თუ არა რუსეთს ტერორიზმის სპონსორად?
ამ ეტაპზე პერსპექტივა ბუნდოვანია. ჯერჯერობით რეალური ნაბიჯები გადადგმულია მხოლოდ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში. სენატში 27 ივლისს დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.
მოთხოვნა, პირველ რიგში, განპირობებულია უკრაინაში რუსეთის სასტიკი ნამოქმედარით; თუმცა ტექსტში, სენატორები რუსეთს ასევე უხსენებენ ჩეჩნეთს, საქართველოსა და სირიას, სადაც მან „აურაცხელი რაოდენობის უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი გამოიწვია“.
მსგავსი რეზოლუცია წარდგენილია კონგრესმენების მიერაც, წარმომადგენელთა პალატაში.
New York Times -ის თანახმად, მას მხარს დაუჭერს პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიულ პარტიაში. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ის აღმასრულებელი ხელისუფლების იძულებას ცდილობს. Politico-ს ცნობით, პელოსიმ განაცხადა, რომ ამ საქმეს კონგრესმენები მიხედავენ, თუკი სახელმწიფო მდივანი უარზე იქნება.
New York Times-ის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასულ კვირაში განმარტა, თუ რატომ არ არის ამ ეტაპზე მიზანშეწონილი რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება. გამოცემა იტყობინება, რომ თავშეკავების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა იმის საფრთხე, რომ საჭირო გახდება მეორადი სანქციების დაწესება აშშ-ის ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ბიზნესურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან.
„საფასური, რომლის გადახდაც ჩვენ და სხვა ქვეყნებმა ვაიძულეთ რუსეთს, იმის ტოლფასია, რისი გადახდაც მას მოუწევდა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შედეგად. ანუ ჩვენს მოქმედებებს იგივე პრაქტიკული შედეგები მოაქვს“, - საერთაშორისო მედიის ცნობით, ეს განცხადება ბლინკენმა გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის თავშეკავების მიზეზია ასევე ბირთვული ომის საფრთხე, რომლის ალბათობაც რუსეთთან ურთიერთობებში „ყველა ხიდის დაწვამ“, შეიძლება, კიდევ უფრო გაზარდოს. რუსეთი აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტითაც დაემუქრა.
უკრაინის ხელისუფლება ტერორიზმის სპონსორად რუსეთის გამოცხადებას უკვე თვეებია, ითხოვს და ამ თხოვნით პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც მიმართა. ექსპერტები მოელიან, რომ, საბოლოოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.