“ეს საქციელი (საუბარია რუსების მიერ უკრაინელი ტყვის კასტრაციასა და მკვლელობაზე) კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსული ჯარი პროფესიონალურად და მორალურად ბანკროტია. მთელი რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა აგებს პასუხს ამაზე, ეს მათ მიერ დანერგილი მიდგომების შედეგია. ჯარი, რომელიც ღიად, ან ირიბად, დაუსჯელად ტოვებს მსგავს საქციელს, ვერასოდეს ივარგებს მებრძოლ ჯარად. ომებს ჯერ კიდევ აქვთ წესები. არმია, რომელიც "ყველაფერი მოსულა" პრინციპით მუშაობს, არმია არ არის. ეს კრიმინალების ბანდაა", - ეუბნება ავსტრალიელი გენერალი და მსოფლიოში ცნობილი სამხედრო სტრატეგი მიკ რაიანი რადიო თავსუფლებას. ვაჟა თავბერიძემ გენერალ რაიანს უკრაინის ომის თეატრის შეფასება სთხოვა.
რადიო თავისუფლება: დავიწყოთ ე.წ. ომის თეატრით უკრაინაში: რუსების „ოპერაციული პაუზა“ - ეს მეორე აქტის დასასრულია?
უკრაინელებს მოუწევთ არა მარტო საკუთარ ხალხს დაუმტკიცონ, რომ ამ ომში გამარჯვების მიღწევა შეუძლიათ, არამედ დასავლეთს.
გენერალი მიკ რაიანი: პირიქით, ვფიქრობ, ეს პირველი აქტის დასასრულს და მეორის დასაწყისს გვამცნობს. ლუგანსკის დაპყრობის „ოპერაცია“, რომელიც რუსეთს იმაზე ბევრად ძვირად დაუჯდა, ვიდრე ელოდნენ, პირველი აქტის დასასრულია. ახლა რუსები ცდილობენ თავს შემოუძახონ, აღმოსავლეთით წინსვლა გააგრძელონ და სამხრეთში „მონაპოვარი“ დაიცვან უკრაინის კონტრიერიშისგან. უკრაინელები, ანალოგიურად, თავს აღმოსავლეთში იცავენ და მთავარი ფოკუსი სამხრეთის იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე აქვთ, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთმა შედარებით „იაფად“ ჩაიგდო ხელში. სტრატეგიული მნიშვნელობის მხრივ, სამხრეთის ფრონტი განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია. უკრაინას სჭირდება ფეხზე წამოდგომა, მათი სასოფლო-სამეურნეო, საწარმოო და წიაღისეულის მომპოვებელი შესაძლებლობების აღდგენა და ეს ძირითადად ქვეყნის სამხრეთითაა თავმოყრილი. თუ მათი კონტრიერიში წარმატებული იქნება და სამხრეთი „გაიწმინდება“, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს მოუწევს აღმოსავლეთში კონცენტრირებული ძალები სამხრეთით, ყირიმის შემოგარენის დასაცავად გადმოისროლოს. გარდა ამისა, უკრაინელებს მოუწევთ არა მარტო საკუთარ ხალხს დაუმტკიცონ, რომ ამ ომში გამარჯვების მიღწევა შეუძლიათ, არამედ დასავლეთსა და დასავლელ პოლიტიკოსებს, რომელთა ნებასა და მხარდაჭერაზე დიდწილად არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად კარგად შეიარაღებული იქნება უკრაინის არმია ზამთრის მოლოდინში და მის მიღმაც.
რადიო თავისუფლება: თუ მეორე აქტი დამთავრების ნაცვლად ახლა იწყება - ომის რა ეტაპზე ვართ ახლა?
გენერალი რაიანი: ვფიქრობ, ჯერ კიდევ ომის საწყის პერიოდთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე დასასრულთან. არც ერთი მხარე არ იძლევა რაიმე ნიშანს, რომ უკანდახევაზე ფიქრობს. კი, რუსებმა „ზმეინის“ კუნძული დატოვეს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მათი მდგომარეობა იქ უიმედო იყო და არა იმიტომ, რომ ომის გაგრძელების ხალისი გაუქრათ. შავი ზღვის ბლოკადა და [ხორბლის] შეთანხმება ყურადსაღებია. ვფიქრობ, რუსები მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ ამ გარიგებას, რომ უკრაინელების ნასროლი HARPOON-ები და, სავარაუდოდ, HIMARS-ებიც სევასტოპოლის ბაზას პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდიდა შავი ზღვის ბლოკადისთვის საჭირო ოპერაციებისთვის.
„არ იფიქროთ, რომ რუსები მოვდუნდით, სუსტები ვართ ან ხელი ავიღეთ უკრაინელების ხოცვაზე. ამას გავაგრძელებთ, ისევე როგორც გავაგრძელებთ უკრაინის დაპყრობას“, - აი, ოდესის პორტის დაბომბვის „გზავნილი“.
რადიო თავისუფლება: რადგან სტამბოლის შეთანხმება ახსენეთ, გკითხავთ - რუსეთმა გარიგების მეორე დღესვე დაბომბა ოდესის პორტი - როგორც მიიჩნევა, მიზანში ხორბლის საწყობები იყო ამოღებული. ფაქტია, ეს სიგნალია - რა უნდა წავიკითხოთ რუსეთის ამ „გზავნილში“?
გენერალი რაიანი: ვფიქრობ, მათი გზავნილი იკითხება ასე: „ოკ, შეიძლება მოვრიგდით კიდეც, რომ ხორბლის ექსპორტირების ნებას მოგცემთ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ რუსები მოვდუნდით, სუსტები ვართ ან ხელი ავიღეთ უკრაინელების ხოცვაზე. ამას გავაგრძელებთ, ისევე როგორც გავაგრძელებთ უკრაინის დაპყრობას“.
რადიო თავისუფლება: და არც ოდესის ხელში ჩაგდების ამბიციებს შელევიან.
გენერალი რაიანი: ვფიქრობ, ისინი ჯერ არ შელევიან საერთოდ მთელი უკრაინის დაპყრობის იმედებსა და ამბიციებს. ამიტომაცაა სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოუსადეგარი ამ პირობებში, რადგან რუსეთი, ასე ვთქვათ, „მეორე დღეს“ გააგრძელებს გუშინ დაწყებულს, ანუ უკრაინის დაპყრობას. რუსებმა ეს ომი უნდა წააგონ, რუსები უნდა დამარცხდნენ. და, ამასთანავე, თვითონაც უნდა იცოდნენ, რომ წააგეს.
რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ პუტინს გეგმა A არ გამოუვიდა - როგორ გამოიყურება გეგმა B? საერთოდ რამდენი გეგმა აქვს?
გენერალი რაიანი: ვფიქრობ, პუტინის მთავარი მიზანი არ შეცვლილა - მას უნდა, უკრაინა მუხლებზე დააჩოქოს და ის არასდროს გახდეს მისაბაძი მაგალითი რუსებისთვის, რომ თურმე სამეზობლოში მმართველობის სხვანაირი, დემოკრატიული ფორმაა შესაძლებელი. ეს მის მთავარ მიზნად რჩება, სწორედ ეს არის მისი ყველა გეგმის ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება გეგმებს, რამდენიმე კიდევ ექნება „სახელოში გადამალული“. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ის გეგმავს „ლოდინის თამაში“ ითამაშოს, და დასავლეთს გამძლეობაში აჯობოს - იმედი აქვს, რომ დასავლეთს ომობანა მობეზრდება, რომ გაზრდილი ფასები შეაწუხებს და უკრაინის დახმარებაზე თანდათან ხელს აიღებს. რაღაც არ მგონია, ეს ჭკვიანური გეგმა იყოს. მაგრამ ომის დაწყებიდან მოყოლებული თუ რამეს ვერ დააბრალებს კაცი პუტინს, ეს გამჭრიახობაა. და არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ის შეიცვლება.
რუსებმა ეს ომი უნდა წააგონ, რუსები უნდა დამარცხდნენ. და, ამასთანავე, თვითონაც უნდა იცოდნენ, რომ წააგეს.
რადიო თავისუფლება: მისი რომელიმე გეგმა, ერთი მაინც თუ მოიცავს „თამაშიდან გამოსვლის“ ვარიანტს? თუ ბოლომდე „მიაწვება“, რადაც არ უნდა დაუჯდეს? არსებობს ალტერნატიული სცენარი, სადაც პუტინი უკანდახევაზე დაფიქრდება?
გენერალი რაიანი: მხოლოდ მაშინ, თუ ეცოდინება, რომ ეს მისი როგორც პრეზიდენტის დასასრულის, დამხობის ტოლფასი არ იქნება. მან ხომ ამხელა ფსონი დადო ამ ყველაფერზე. თანდათან შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ ამ ომში გამარჯვებასა და პუტინის ხელში ძალაუფლების შენარჩუნებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა გახდება შესაძლებელი. ამიტომ მას უწევს ახლა, ყველაფერი ფრთხილად გათვალოს - სანამდე შეუძლია შეტოპოს, სად არის მიჯნა, რომლის მიღმაც მისი მთავარი მხარდამჭერები - ოლიგარქები და სხვა კრიმინალები, მის წინააღმდეგ დაირაზმებიან.
არ მგონია, რომ უკრაინელები დანებდებიან, ისევე როგორც ვიეტნამელები არ დანებდნენ.
რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს - უკრაინელების, ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილის ყურს ეს ეამება, მაგრამ თავად რუსეთს შეუძლია ამის უფლება მისცეს თავს? რად დაუჯდება რუსეთს ამ ომის წაგება?
გენერალი რაიანი: თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისცა თავს უფლება, ვიეტნამსა და ავღანეთში დამარცხებულიყო, რუსეთი რატომ ვერ იზამს ამას? უახლეს ისტორიას აქვს მაგალითები, როდესაც სუპერსახელმწიფოებმა ომი წააგეს და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ გადასულან, და არც მათი ქვეყანა ჩამოქცეულა. სწორედ ამ მაგალითებზე ავიღებდი სწორებას და არა გერმანიაზე ან იაპონიაზე მეორე მსოფლიო ომში. პუტინმა შესაძლოა იგივე გააკეთოს, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში: გამოიყვანოს ჯარები, მხრები აიჩეჩოს და თქვას: რაც გვინდოდა, გავაკეთეთ. რუსეთისთვის ეს ეგზისტენციალური ომი არ არის, თუმცა შეიძლება ის ასეთი იყოს რუსეთის მთავრობის ზოგიერთი ელემენტისათვის, თუ რუსი ხალხი დაინახავს, რომ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ უკრაინას თავადვე შეუძლია საკუთარი ლიდერები აირჩიოს. აი, უკრაინისთვის კი ნამდვილად სამკვდრო-სასიცოცხლო ომია - მათ არჩევანი არ აქვთ, უნდა იბრძოლონ. არ მგონია, რომ უკრაინელები დანებდებიან, ისევე როგორც ვიეტნამელები არ დანებდნენ.
რადიო თავისუფლება: უკრაინის კონტრიერიშს დავუბრუნდეთ - პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ სპეციფიკური იყო თავის განკარგულებაში: მან ბრძანება გასცა, გაეთავისუფლებინათ სამხრეთი, სანაპიროს ჩათვლით. სწორედ ან სანაპირო ხაზზე მინდა, გკითხოთ - რამდენად რეალურია ეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი შავ ზღვაზე დომინირებს? თუ მარიუპოლი რამდენიმე ათასმა უკრაინელმა მებრძოლმა თვეების განმავლობაში დაიცვა, თანაც ყოველმხრივ წამგებიან პირობებში, რამდენად რეალურია მისი უკან დაბრუნება, როდესაც ახლა თავდაცვის მხარეს აქვს მკვეთრი რიცხობრივი, საარტილერიო, საჰაერო და საზღვაო უპირატესობა?
გენერალი რაიანი: მართებული შენიშვნაა. თავდასხმითი ოპერაციები ყოველთვის უფრო რთულია კოორდინირების და ლოგისტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ის მარიუპოლელი ჯარისკაცები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, იცავდნენ თავიანთ მიწას, ოჯახებს, ქალაქებს, სამშობლოს. რუსები? ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსებიც ასევე გააფთრებით დაიცავენ მიტაცებულ მიწას, ბოლო ჯარისკაცამდე. განსაკუთრებით, არაკვალიფიციური ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის პირობებში.
პირდაპირ ვთქვათ: როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური იმპერატივი ასეთია - უკრაინელებმა რაც შეიძლება მეტი რუსი ჯარისკაცი უნდა დახოცონ და ტერიტორია უკან დაიბრუნონ.
მაგრამ მაინც რთულია გარღვევა და შემტევი ოპერაციის წარმატება ასეთ პირობებში. უკრაინელები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმატებით კარნახობენ ოპონენტს თამაშის წესებს - მტრის სიღრმეში დარტყმებით რუსეთის ლოგისტიკურ და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე; მიზანში შტაბები ჰყავთ ამოღებული, რაც რუსების ტაქტიკურ შესაძლებლობებს აზიანებს. ყოველივე ეს ემსახურება „თამაშის“ მთავარ ფაზაზე გადასვლას, რაც ორი არმიის უშუალო დაპირისპირება იქნება, სადაც უკრაინელებს მოუწევთ გაარღვიონ რუსული თავდაცვის ხაზი და, პირდაპირ რომ ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურონ და ტერიტორია უკან დაიბრუნონ. ეს არის როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური იმპერატივი - როდესაც ამ ჯარისკაცების ცხედრები რუსებს სახლში მიუვათ, ეს გაზრდის ზეწოლას პუტინზე.
რადიო თავისუფლება: დასავლეთმა რა უნდა მოიმოქმედოს, რომ ეს კონტრიერიში წარმატებული აღმოჩნდეს? რა უნდა მისცეს უკრაინას? რა რაოდენობით?
გენერალი რაიანი: აქაც რამდენიმე იმპერატივთან მივდივართ. პირველ რიგში, დასავლეთს ვალდებულება აქვს, დემოკრატია დაიცვას. მეორე - მორალური ვალდებულება გვაქვს, მსხვერპლი შევამციროთ, და რადგან რუსებს ამის გაგონებაც არ უნდათ, ერთადერთი გზა ამისთვის ისაა, რომ უკრაინელებს მივაწოდოთ რაც სჭირდებათ, რათა ეს ომი მოიგონ და თანაც, რაც შეიძლება მალე, რადგან ყოველდღე მეტი უკრაინელი იღუპება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ მეტი შეიარაღება, მეტი HIMARS-ი, მეტი შორი მანძილის რაკეტები, მეტი ჰარპუნები (Harpoons), მეტი არტილერია, განსაკუთრებით, მობილური არტილერია, მეტი ჯავშანტრანსპორტი. უკრაინელი მებრძოლების წვრთნა არ არის ის ტვირთი, რომელიც მხოლოდ ერთმა ქვეყანამ უნდა იტვირთოს. ამჟამად ბრიტანეთი აკეთებს ამას, მაგრამ, ვფიქრობ, ამას დასჭირდება სრულიად ნატოს ეგიდით მუშაობა, არა მხოლოდ მოკლე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ნიშნავს, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებას F-16-ით და NASAMS-ის სისტემებით.
კანცლერმა შოლცმა ომის დასაწყისში დიდებული სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია.
რადიო თავისუფლება: ისიც ფაქტია, რომ ნატოს ზოგი ქვეყანა გაცილებით ნაკლები ხალისით ეკიდება ამ ვალდებულებებს. ამას რა ეშველება?
გენერალი რაიანი: დიახ, შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, ფეხს ითრევს ამ კუთხით. კანცლერმა შოლცმა ომის დასაწყისში დიდებული სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია. არ ვიცი, რატომ ეშინია ასე რუსეთის ევროპის ყველაზე დიდ დემოკრატიას. რუსეთს უფრო სჭირდება გერმანია, ვიდრე გერმანიას რუსეთი. სწორედ გერმანიაა, რომელიც რუსულ ენერგიაში ამდენ ფულს იხდის. მეორე პრობლემაა ამ შეიარაღებების და ამუნიციის ხელმისაწვდომობა. ცივი ომის შემდეგ, თავდაცვითი ინდუსტრია „შეიკვეცა“, უამრავი ქარხანა დაიხურა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციები არ ითხოვდა მსგავსი რაოდენობის არსენალს და ჩავთვალეთ, რომ ასეც გაგრძელდებოდა. ახლა კი ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ასე სულაც არაა. ჩვენ ხელახალი ინვესტირება გვჭირდება სამხედრო-ინდუსტრიული შესაძლებლობების წარმოებაში, რომ შევძლოთ უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის რაოდენობისა და მიწოდების სიჩქარის გაზრდა.
რადიო თავისუფლება: და განა ეს იმდენად მოკლე დროში მოხდება, რომ უკრაინის დახმარებაც მოესწრება?
გენერალი რაიანი: ალბათ არა, და ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები რისკზე უნდა წავიდნენ და საკუთარი მარაგებიდან გაიღონ საჭირო რაოდენობა როგორც შეიარაღების, ასევე აღჭურვილობისა. რა ჯობია, ახლა გაიჭყლიტოს რუსეთი თუ სამომავლოდ შევინახოთ რეზერვები? ჯობია, ახლავე შევიწუხოთ თავი, რათა მომავალში უფრო დიდი თავისტკივილი ავირიდოთ.