კობახიძე ლომჯარიაზე: ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი

ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ქსენოფობიაში ადანაშაულებს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახალხო დამცველის კომენტარი რუსეთის მოქალაქეებზე დასაგმობია.

"ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში. ეს არის წარმოდგენელი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით მან ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა...

დასაგმობია სახალხო დამცველის ქსენოფობიური განცხადება. ინდივიდები შეიძლება დასაგმობ რაღაცებს აკეთებენდნ, მაგრამ ქსენოფიური კამპანიის საფუძველი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება", - თქვა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძე ნინო ლომჯარიას ქსენოფობიურ კამპანიაში ჩართვაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ მოსახლეობა სიყვარულს არ გამოხატავს. მისი თქმით, თუ მმართველი პარტიის ლიდერები მოქალაქეების ამ განწყობაში ქსენოფობიის ნიშნებს ხედავენ, მიმართვის შემთხვევაში მზად არიან საკითხი შეისწავლონ და "არაპოპულარული" დასკვნაც დადონ.

"8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულებში და რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ", - თქვა სახალხო დამცველმა.

ასევე ნახეთ ბუნებრივია, რომ საქართველოში სიყვარული არ გამოხატონ მათ მიმართ, ვინც იბრძოლეს და იბრძოლებენ ჩვენ წინააღმდეგ - ლომჯარია

ნინო ლომჯარიას ამ კომენტარს წინ უსწრებდა მმართველი პარტიის ოფისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი. მან თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანია ქვეყანის ომში ჩარვთა.

ასევე ნახეთ კობახიძე: ომის შემდეგ რუსეთიდან შემოსული 110 ათასამდე მოქალაქე არ გასულა, ტყუილია, რომ ეს საფრთხეა
ასევე ნახეთ "დედაენის ბარის" მიმართ შეტევაზე "ქსენოფობიური პასუხის" მიზანი ომია - მდინარაძე