სახელისუფლებო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიურ კამპანიაში ჩართვაზე საუბრობს. მისი თქმით, ქსენოფობიური კამპანია ვიწრო პოლიტიკურ ინტერესსა და ომში ჩართვის სურვილს ემსახურება.
"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში. სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში. საერთოდ მოიტანა სიტყვა "სიყვარული" - სპეკულაციისთვის სჭირდებოდა. რა სიგიჟეა, საერთოდ! საუბარია იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა შვებოდეს მისი ქვეყანა თუ ხელისუფლება, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და მასზე თავდასხმა, მოწოდება ზემოდან, არის ქსენოფობია, სიბნელე და წარმოუდგენელი რამ ცივილიზებულ სამყაროში", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს სახალხო დამცველი.
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ მოსახლეობა სიყვარულს არ გამოხატავს. მისი თქმით, თუ მმართველი პარტიის ლიდერები მოქალაქეების ამ განწყობაში ქსენოფობიის ნიშნებს ხედავენ, მიმართვის შემთხვევაში მზად არიან საკითხი შეისწავლონ და "არაპოპულარული" დასკვნაც დადონ.
"8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულებში და რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ", - თქვა სახალხო დამცველმა.
ასევე ნახეთ ბუნებრივია, რომ საქართველოში სიყვარული არ გამოხატონ მათ მიმართ, ვინც იბრძოლეს და იბრძოლებენ ჩვენ წინააღმდეგ - ლომჯარიანინო ლომჯარიას ამ კომენტარს წინ უსწრებდა მმართველი პარტიის ოფისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი. მან თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანია ქვეყანის ომში ჩარვთა.
ასევე ნახეთ კობახიძე: ომის შემდეგ რუსეთიდან შემოსული 110 ათასამდე მოქალაქე არ გასულა, ტყუილია, რომ ეს საფრთხეა