პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ ქმნის. მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას" "ომისა და ღალატის პარტია" უწოდა და თქვა, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ "სამარცხვინო, ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიას ეწევიან".
"მარტიდან 5 თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა "ომისა და ღალატის პარტია" იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც მათ აქვთ მცდელობა საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსულები და ეს ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს. ამ აღქმის გამყარებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ", - თქვა კობახიძემ.
მან ჟურნალისტებს გააცნო უკრაინაში ომის დაწყებიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკაც და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი 2019 წლის (კოვიდპანდემიამდე) მონაცემებს ჩამორჩება. 2022 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ აქვს.
"საზღვრის კვეთის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში იმყოფებიან 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია...
თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი, სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს", - თქვა მან, თუმცა არ აღნიშნა ის ფაქტი, რომ გუშინ თბილისის ცენტრში მდებარე ბარს, რომელიც უკრაინაში ომს ღიად აპროტესტებენ რუსეთის მოქალაქეები ონლაინ დაესხნენ თავს.
მან თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაზრდის მიზანია საქართველო ომში ჩაერთოს.
"რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია. ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. რაც ემსახურება ერთადაერთ მიზანს, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ „ნაცისტები, ბარში არ შეგვიშვეს“ - რაზე წუხს რუსი ტურისტი თბილისშიპარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა და ვიზის გაცემის რიცხვი არ შეცვლილა.
მისივე თქმით, კვლევებითაც დასტურდება ქვეყანაში ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად, არიან IT-ის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროდან.