„რასაც ისინი ამბობდნენ, სიცრუეა“. „მოსკვაზე“ დაღუპულის მამა - სიმართლის ძიებაზე

დმიტრი შკრებეცი თავის ვაჟთან, ეგორთან ერთად

დმიტრი შკრებეცმა, რომლის ვაჟი, ეგორი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვის“ ჩაძირვის შემდეგ, მისი გარდაცვალების მოწმობა 110-ე დღეს მიიღო. „შკრებეცი ეგორ დმიტრის ძე, სავალდებულო სამსახურის მეზღვაური, მომარაგების სამსახურის უფროსი კურიერი, რომელიც გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად ცნო საბრძოლო მოქმედებების მონაწილედ კრეისერ „მოსკვის“ ეკიპაჟის შემადგენლობაში - დაიღუპა. ახლა უკვე დოკუმენტურადაც...“ - დაწერა მან სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“.

ამ შეტყობინებასთან ერთად, გარდაცვლილი მეზღვაურის მამამ, რომელიც წარმოშობით იალტიდანაა, გამოაქვეყნა დოკუმენტები.

მათ მიხედვით, ოფიციალურ ვერსიაში ბევრი შეუსაბამობაა იმის შესახებ, თუ რა მოხდა კრეისერ „მოსკვაზე“ და რა დაემართათ მისი ეკიპაჟის წევრებს, ასევე შეუსაბამობაა იმის შესახებაც, თუ რას იტყობინებოდნენ ტრაგედიის დღეებში რუსული სახელმწიფო მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები მოჰყავდათ და რა ინფორმაცია ვრცელდებოდა არაოფიციალური არხებით, მაგალითად, რას ეუბნებოდნენ ნათესავებს.

დმიტრი შკრებეცის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში, ტელეარხების - "როსია 1"-ისა და "როსია 24"-ის ორი ვიდეოსიუჟეტია. ერთი მოგვითხრობს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები არ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში, ხოლო „დასახულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ“.

ამ დროს, დაღუპული მეზღვაური, ეგორ შკრებეცი სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცი იყო. მეორე, 14 აპრილის შეტყობინებაში, ნათქვამია, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ „გაჩნდა ხანძარი და ის აგრძელებს ცურვას, ცეცხლის კერა ლოკალიზებულია, ბორტზე ღია ცეცხლი არ შეინიშნება, საბრძოლო მასალების აფეთქებები შეწყდა, ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა. მიიღება ზომები ნავსადგურში კრეისერის ბუქსირებისთვის ... ეკიპაჟი, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად ევაკუირებულია“.

მაშინ, როცა რუსული მედია ამ ცნობას გადასცემდა, კრეისერი „მოსკვა“ უკვე ჩაძირული იყო. ეს 14 აპრილს მოხდა, ღამის პირველ საათზე, და რადგან უკრაინული ძალების დარტყმა „მოსკვაზე“ 13 აპრილს განხორციელდა, ამიტომ სწორედ ამ თარიღითაა დათარიღებული ყველა დოკუმენტი, რომელიც მეზღვაურ ეგორ შკრებეცის გარდაცვალებას ეხება და რომელსაც მისი მამა ასაჯაროებს. ვაშინგტონმა, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, დაადასტურა კრეისერის დაღუპვის ვერსია, რის შესახებაც აცხადებდნენ უკრაინის ოფიციალური პირები.

კრეისერი „მოსკვა“ დაღუპვამდე, სევასტოპოლში

რუსეთის სახელმწიფო მედია არ იტყობინებოდა იმის თაობაზე, რომ „მოსკვის“ ბორტზე სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ეკიპაჟის 27 წევრიდან 19 ასეთი იყო. ოფიციალურად მათ სწორედ დაღუპულებად არ აცხადებდნენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ირიცხებოდნენ. ერთადერთი, ვინც ოფიციალურად დაღუპულად იქნა აღიარებული „მოსკვაზე“, იყო მიჩმანი ივან ვახრუშევი, და ეს ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ დაუდასტურა და უთხრა, რომ მისი სიცოცხლე შეწყდა „მისი მოვალეობების შესრულებისას“.

ასევე ნახეთ ჟურნალისტებმა კრეისერ "მოსკვაზე" დაღუპული ერთ-ერთი რუსი მეზღვაურის ვინაობა დაადგინეს

ვახრუშევის გარდა, ცნობილია კიდევ ორი დაღუპულის შესახებ - ესენი არიან ეგორ შკრებეცი, რომლის მამამაც მიიღო გადაწყვეტილება, გაესაჯაროებინა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, და ასევე უფროსი მეზღვაური, ვიტალი ბეგერსკი, რომლის ნათესავებმაც არასაკმარისად ჩათვალეს ის ახსნა-განმარტებები, რომლებიც სამხედროებისგან მიიღეს „მოსკვაზე“ მომხდარის შესახებ.

გემიდან სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცების ევაკუაცია, მეთაურებისგან განსხვავებით, არ მომხდარა. ცნობილია, რომ კრეისერის მეთაური, პირველი რანგის კაპიტანი, ანტონ კუპრინი, დაღუპულად გამოცხადდა, თუმცა ეკიპაჟის შეხვედრის ვიდეოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალთან, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვთან და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობასთან უკრაინული ძალების მიერ კრეისერის დაბომბვის შემდეგ, კუპრინი იქ იმყოფება.

მას, საზღვაო ძალების ოფიცრების ქცევის კოდექსის თანახმად, პირველს არ უნდა დაეტოვებინა გემი. ამასთან, მთლად ცხადი არ არის, როდის იყო ჩაწერილი რუსული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეო.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტს ჯარისკაცების გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთების მიღების შესახებ, გარდაცვლილი ეგორ შკრებეცის მამამ ასევე დაურთო მიმოწერა შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლებთან, საიდანაც ირკვევა, რომ 14 აპრილს, გარდაცვლილი წვევამდელების ნათესავებს უკვე გაუგზავნეს შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ მათი შვილები დაჭრილთა ან ევაკუირებულთა სიებში არ იყვნენ.

ერთ-ერთი ასეთი შეტყობინება მიიღო დმიტრი შკრებეცმაც - მასში ნათქვამია, რომ იმის იმედი, რომ მისი ვაჟი ცოცხალია, არ არის. მაშინ, როცა რუსულ არხებზე ამბობდნენ, რომ გემი მიცურავდა, ნათესავებს შეატყობინეს, რომ „მოსკვის“ ჩაძირვის შედეგად გადარჩენილი ეკიპაჟის წევრები ოთხი მომცრო გემის საშუალებით მიემართებიან ხმელეთისკენ, და თუ დმიტრი შკრებეცის ვაჟი წყალში ჩავარდა, მაშინ „წყლის ასეთი ტემპერატურის გათვალისწინებით, [გადარჩენის] შანსები არ არის“. შეკითხვაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, მეთაურმა გარდაცვლილის ნათესავებს ურჩია, „ელოცათ“.

საზოგადოებამ კრეისერის დაღუპვის შემდეგ დანაკარგების შესახებ მხოლოდ მომხდარიდან 10 დღეში შეიტყო, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამისი ცნობები გამოაქვეყნა.

ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, წარმოდგენილია შავი ზღვის ფლოტის სამხედრო პროკურატურის 5 მაისის დოკუმენტში, რომელიც გარდაცვლილი ჯარისკაცის მამამ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ „გემი, რომელზეც შკრებეცი სამხედრო სამსახურს გადიოდა ... არ იყო შეტანილი იმ შენაერთებისა და სამხედრო ნაწილების სიაში, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ“.

ამასთან, ომის დაწყებისთანავე, თებერვლის ბოლოს, ფლოტის ფლაგმანი „მოსკვა“ მონაწილეობდა შავ ზღვაში კუნძულ ზმეინის დაპყრობის ოპერაციაში. მოგვიანებით კუნძული გათავისუფლდა უკრაინული ძალების მიერ. ის ასევე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში რუსეთის ომის ჯერ კიდევ ამჟამინდელი ეტაპის დაწყებამდე - როგორც სირიაში, ასევე ყირიმის ანექსიის დროსაც, როცა კრეისერი ბლოკავდა უკრაინულ ხომალდებს დონუზლავის სრუტეს გასასვლელთან.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - შეიცვალა თუ არა მან თავისი დამოკიდებულება საბრძოლო მოქმედებების მიმართ, რომელსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს - პასუხის გაცემაზე დმიტრი შკრებეცმა უარი თქვა. თუმცა, ადრე მან ინტერვიუში თქვა, რომ მომხდარის შემდეგ აღარ უყურებს ტელევიზორს და არ სჯერა იმ ცნობების, რომელსაც რუსული სახელმწიფო არხები გადასცემენ.

- თქვენ ვაჟის გარდაცვალების დადასტურებას 110 დღე ელოდეთ და, პრაქტიკულად, მისი დაღუპვის პირველივე დღიდან ეძიებდით სიმართლეს. როგორ აფასებთ ამ ვითარებას, რომ ამდენი დღე გავიდა, სანამ გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობა მოგცეს?

- კანონის მიხედვით, თუ ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ ადგილას, სადაც სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხე არსებობს, ლოდინის ვადა ექვსი თვეა. ჩვენ კიდევ შეგვიმცირეს ლოდინის ვადა. ანუ, თუ მაშინვე ვერ მოხერხდა ადამიანის ამოცნობა დაღუპულთა შორის, მაშინ ჩვეულებრივ, ნახევარ წელიწადს ელოდებიან.

სხვა საკითხია, რომ ჩვენ ვიცოდით მომხდარის შესახებ 14 რიცხვის საღამოდან... ამიტომაც დავიწყე ხმაურის ატეხა 17 აპრილს, რომ მათ სიმართლე ეთქვათ. იმიტომ, რომ ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ოფიციალურად ამბობდნენ - სიცრუე იყო (რომ ევაკუაცია მოახდინეს, რომ ყველა გადარჩა). აი, ამიტომ ვეძიებდით სიმართლეს. და აი, გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

- როგორი იქნება თქვენი შემდგომი მოქმედებები იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც გუშინ შეიტყვეთ?

- შემდგომში დავწერ იმას, რაზეც ვსაუბრობდი. მე შავი ზღვის ფლოტის სარდლობას ოფიციალურად და საჯაროდ დავუსვამ კითხვებს, რომლებზეც მათ მოუწევთ პასუხის გაცემა. ან არა და, ისინი კვლავ გააგრძელებენ დუმილს. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვიცი ადამიანებთან, თვითმხილველებთან ურთიერთობის, სასამართლოების შემდეგ, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც შემიძლია საჯაროდ გავავრცელო და ოფიციალურ პირებს დავუსვა შეკითხვები, რომლებზეც მათ მოუწევთ პასუხების გაცემა. ან არა და, მთელი ქვეყანა უბრალოდ დაინახავს, როგორ არ უპასუხებენ ისინი ამ შეკითხვებს.

- და რა შეკითხვებია ეს?

- თვითონ შეკითხვიდან გამომდინარეობს ოფიციალური ვერსიის აბსურდულობა. შეკითხვები ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ გვაქვს ოფიციალური ვერსია - ხანძარი და საბრძოლო მასალის აფეთქება. მე მხოლოდ იმაზე დაყრდნობით ვილაპარაკებ, რაც ჩემს შვილს დაემართა სამზარეულოში, სასადილოში. მეორე საკითხი - იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ან არ ჩატარდა სამაშველო ოპერაცია და, შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ევაკუაცია, ვისი ევაკუაცია შეიძლებოდა მომხდარიყო და რატომ არ მოახდინეს ჩემი შვილის ევაკუაცია. ამ მთავარი კითხვებიდან გამომდინარე იქნება ყველა სხვა დანარჩენი კითხვა.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსია სინამდვილეს არ შეესაბამება?

- ის არ შეესაბამება ლოგიკას, ეს მარტივი ლოგიკაა, რომლიდანაც მომდინარეობს კითხვები, რომელთა დასმაც რატომღაც არავის მოუვიდა თავში საჯარო სივრცეში, თუმცა ისინი ზედაპირზეა. მე ვაპირებ ამის შესახებ „ვკონტაქტეზე“ დავწერო ამ კვირის ბოლოს. ანუ, თვითონ შეკითხვები ისე იქნება დასმული, რომ ნებისმიერი, ვინც წაიკითხავს, თავად დაფიქრდება: მართლაც, ასე როგორ შეიძლება? და შეიძლება იფიქროს: და მე რატომ არ დავსვი ეს შეკითხვა? ყველაფერი ზედაპირზეა, ყველაფერი ცხადია. წაიკითხეთ და ყველაფერს გაიგებთ. იქ თვითონ შეკითხვიდან გამომდინარეობს ოფიციალური ვერსიის აბსურდულობა.

- თქვენ გარდა, ძალიან ცოტა მათგანი, ვისი შვილებიც დაიღუპნენ კრეისერ „მოსკვაზე“, დათანხმდა მათ საჯაროდ დასახელებაზე. თქვენ გაქვთ კონტაქტი სხვა დაღუპულების ნათესავებთან, რომლებიც ისეთსავე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როგორშიც თქვენ?

- თავიდან, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, დიახ, გვქონდა კონტაქტი. ახლა მე უშუალოდ მხოლოდ ერთ ოჯახთან მაქვს კონტაქტი, მათი ვაჟი იმ მომენტში ჩემს შვილთან ერთად იმყოფებოდა გემის სამზარეულოში, და ისინი არც ერთი არ გამოსულან იქიდან, ორივე იმ სამზარეულოში დაიღუპა. ანუ, ორი ადამიანი გადარჩა და ჩემი შვილი და ლიონია სავინი იქ დარჩნენ. ამიტომ მათთან გვაქვს კონტაქტი, ვურთიერთობთ, სევასტოპოლშიც ერთად გავემგზავრეთ გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობის ასაღებად. დანარჩენებთან არ მაქვს ურთიერთობა, იმიტომ რომ ბევრი მათგანი უბრალოდ საკუთარ თავში ჩაიკეტა, ზოგიერთებს აქამდე სჯერათ, რომ მათი შვილი ცოცხალია, იქ ყველა აბსურდის ზღვარზეა, ამიტომ ახლა არ ვურთიერთობთ.

- რა იქნება მას შემდეგ, რაც მიიღეთ თქვენი ვაჟის გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთები? კიდევ რამე სხვა საბუთების გაფორმებაც მოგიწევთ? ჩატარდება გამოთხოვების ცერემონია?

ეგორ შკრებეცი

- ჩვენ შეკვეთილი წერილი მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილებით. შემდეგ, კვირის განმავლობაში სამხედრო კომისარიატში მოვა ჩვენი ვაჟის საქმე, ამონაწერით სამხედრო ნაწილიდან, და მივიღებთ მოწმობას იმის შესახებ, რომ ჩვენი შვილი მიჩნეულია ვეტერანად, სამხედრო მოქმედებების მონაწილედ.

არა, არანაირი დაკრძალვა არ იქნება. მე მისი კლასის ხელმძღვანელი დამიკავშირდა მისი სკოლიდან, სადაც ეგორმა სამი წელი ისწავლა, იქ მათ რაღაც გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობა სურთ, დირექტორს რაღაც მემორიალის გაკეთება უნდა უშუალოდ სკოლაში. მათთან ერთად შევიკრიბებით, რაღაც ხსოვნის საღამოს გავაკეთებთ. იმიტომ რომ ჩვენი შვილის სამარე შავი ზღვაა, მისი საფლავი კი - საძმო საფლავია, კრეისერი...