იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის პირობების შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა.
კომიტეტის სხდომა დღეს, 4 აგვისტოს გაიმართა, სადაც განსაზღვრეს, რომ ჯგუფები კანონპროექტებს შეიმუშავებენ "დეოლიგარქიზაციის" საკითხზე, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე.
4 სამუშაო ჯგუფს, ("დეოლიგარქიზაციის“, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერების) კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს, მეხუთე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის ჯგუფს - გივი მიქანაძე.
სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია "ქართული ოცნების" და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.
მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.
ასევე ნახეთ დეოლიგარქიზაცია - საშვი ევროკავშირში? რა ხდება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში ასევე ნახეთ ორი ფორმატი 12 პუნქტისთვის - როგორ მოახერხებენ მმართველი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმებას?ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.