კვლევა: საქართველო ეკონომიკურად უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზე

2022 წელს საქართველოში გადმორიცხული 1785 მილიონი დოლარიდან, 750 რუსეთიდან იყო.

2022 წელს უცხოეთში გატანილი ღვინის თითქმის 60 % რუსეთში გაიყიდა, საწვავის იმპორტი კი 280%-ით გაიზარდა. ჩრდილოელ მეზობელზე ეკონომიკური დამოკიდებულება სახიფათოა - წერენ კვლევის ავტორები. მოსკოვი ცნობილია იმით, რომ ეკონომიკას პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.

3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ (TI) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ორგანიზაციამ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით შეისწავლა. მათ შორისაა, პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი.

გაორმაგებული იმპორტი

2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა, იმპორტი კი 51%-ით გაიზარდა.

TI წერს, რომ ექსპორტის შემცირება, ყველაზე მეტად უალკოჰოლო სასმელებისა და ღვინის ხარჯზე მოხდა. ამისდა მიუხედავად, უცხოეთში გატანილი ღვინის ნახევარზე მეტი, 58% რუსეთში იყიდება.

ღვინის სანაცვლოდ საქართველომ 58 მლნ დოლარი მიიღო.

სულ რუსეთში საქართველომ 256 მილიონის საქონელი გაყიდა.

გაცილებით მეტი გადაიხადა საქართველომ რუსეთიდან შემოტანილ საქონელში - 706 მლნ დოლარი.

706 მილიონი დოლარი მთლიანი იმპორტის თითქმის 12%-ა. ეს ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.

მარტიდან მოყოლებული, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ყველაზე მეტით, 280%-ით, საწვავის იმპორტი გაიზარდა. მასში საქართველომ 118 მილიონი დოლარი გაიხადა. 4-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის ექსპორტიც. ამისდა მიუხედავად, საქართველოში მოხმარებული დენის მხოლოდ 3,5%-ა რუსული.

რუსული გაზის მოხმარებაც გაიზარდა - 8%-ით.

უალტერნატივობის მხრივ “ჩემპიონი” კვლავ ხორბალი და ხორბლის ფქვილია. ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლეულის 95% რუსეთიდან შემოდის.

6400 ახალი რუსული კომპანია

იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ადამიანი შემოვიდა და 152 მლნ. დოლარი დახარჯა. ეს დიდი მატებაა პანდემიურ 2020 და 2021 წლებთან შედარებით, თუმცა მაინც თითქმის სამჯერ ნაკლები ვიდრე 2019 წელს.

აპრილ-ივნისში რუსეთიდან 678 მილიონი დოლარი გამოაგზავნეს. 2021 წელთან შედარებით, 6,5-ჯერ მეტი. საქართველოს მთლიან ფულად გზავნილებში რუსეთის წილი 42%-მდეა გაზრდილი.

TI-ის ვარაუდით, მეტი ფული რუსეთიდან საცხოვრებლად ჩამოსული რუსების ხარჯზე ირიცხება, “როგორც ჩანს, მათმა ნაწილმა საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა გადაწყვიტა”.

ამის დასადასტურებლად, კვლევის ავტორებს მოჰყავთ კიდევ ერთი ფაქტი - ბოლო ოთხ თვეში საქართველოში თითქმის 6400 კომპანია დარეგისტრირდა. მათგან 93% ინდივიდუალური საწარმოა, ანუ რუსეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ბიზნესს საქართველოში აკეთებს.