სიღნაღის სასამართლო 8 თვის წინ დაპატიმრებული კახელი ბიზნესმენის საქმის განხილვას ასრულებს. 34 წლის ლევან ბიძინაშვილს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას და ტარებას ედავება. ბიზნესმენი ამბობს, რომ იარაღი სამართალდამცავებმა “ჩაუდეს”.
ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში “რადიო თავისუფლება” გიყვებათ, როგორ “იკერება” საქმე და როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში, თუკი რამდენიმე პოლიციელი თქვენ წინააღმდეგ იდენტურ, თუნდაც აბსურდულ ჩვენებებს მისცემს, პროკურატურა კი ამ ჩვენებებზე დაყრდნობით ბრალდებას წაგიყენებთ.
Your browser doesn’t support HTML5
“არ ვაღიარებ, რაც არ ჩამიდენია, როგორ უნდა ვაღიარო?! გაფორმებული იარაღები მილაგია სახლში, ის არ გამომიტანია უკანონოდ, არ გადამიადგილებია”, ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც რადიო თავისუფლების კითხვებს წინასწარი პატიმრობის საკნიდან უპასუხა. ლევან ბიძინაშვილს დანაშაულისთვის, რომელსაც არ აღიარებს, 4-დან 7 წლამდე ციხე ელის.
- პროკურატურის ვერსია
- ბრალდებულის ვერსია
- ვინ არის ლევან ბიძინაშვილი
- ვერდიქტის მოლოდინში
- “თუ არ გაიწევი - დაისჯებიო”
- ერთი დაკავების ორი ისტორია
- სამი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც თვითმხილველების მონათხრობში პოლიციელების ჩვენებებს ეწინააღმდეგება.
- რატომ არ იშორებს ბიზნესმენი უკანონო პისტოლეტს?
- როგორ შეიძლება, ერთდროულად დაკავებულსაც ჩხრეკდე და მის მანქანასაც?
- დნმ-ის კვალი პისტოლეტზე
- რატომ არ გადაიღო პოლიციამ დაკავება და ჩხრეკა?
- ვინ უნდა გამოიძიოს - ჩაუდეს თუ არა
პროკურატურის ვერსია
2021 წლის 4 დეკემბერს, შებინდებისას, პოლიციის “პიკაპს” წნორი-ტიბაანის გზაზე მერსედესმა გადაასწრო. სწრაფად მიმავალი ავტომანქანა პიკაპში მჯდომმა წნორის პოლიციის სამმა თანამშრომელმა საეჭვოდ მიიჩნია. ისინი მძღოლის გადასამოწმებლად მერსედესს დაედევნენ და შეჩერება მოსთხოვეს. პოლიციელები ჰყვებიან, რომ მათ მოთხოვნას მერსედესის მძღოლი არ დაემორჩილა, 500 მეტრი ცენტრალურ ტრასაზე მისდევდნენ, შემდეგ მერსედესმა გრუნტის გზაზე გადაუხვია და დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლის შემდეგ ვენახებში გადავიდა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ იძულებული გახდა, გაჩერებულიყო.
პოლიციელების მონათხრობით, მერსედესს თითქმის კუდში სდიეს, თითქმის ერთდროულად გაჩერდნენ და ერთდროულად გადმოვიდნენ მანქანებიდან. პოლიციელები ჰყვებიან, რომ მანქანიდან გადმოსვლისას მერსედესის მძღოლს “ტანსაცმელი აეწია” და მათ დაინახეს, რომ წელთან, ქამარში ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ჩადებული. მძღოლი ადგილზევე დააკავეს. დაკავებული ტიბაანელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი აღმოჩნდა. მისი ჩხრეკისას ამოიღეს საბჭოთა წარმოების 1941 წელს გამოშვებული პისტოლეტი “TT”, რომელსაც “ნომერი წაშლილი ჰქონდა და გამოსაყენებლად ვარგისი იყო”.
ბრალდებულის ვერსია
ლევან ბიძინაშვილი, წნორიდან სახლში, სოფელ ტიბაანში ბრუნდებოდა, როდესაც ცენტრალურ გზაზე პოლიციის პიკაპმა ფარები აუნთო და ანიშნა შეჩერებულიყო. მას შემდეგ რაც სავალი გზიდან გადავიდა და ავტომანქანა შეაჩერა, რამდენიმე პოლიციელი მივარდა და მერსედესიდან პოლიციის პიკაპში გადასვეს. მისი მანქანის საჭესთან პოლიციელი დაჯდა. ორივე ავტომანქანა ცენტრალური გზიდან გრუნტის გზაზე გადაიყვანეს და ვენახებთან მინდორში გააჩერეს. შემდეგ პიკაპიდან გადმოიყვანეს, წელზე იარაღი მიადეს და ამავე იარაღის ამოღების ინსცენირება გააკეთეს.
ბიძინაშვილი დაკავებისას შედგენილ არც ერთ დოკუმენტს არ დაეთანხმა და ხელი არ მოაწერა.
ვინ არის ლევან ბიძინაშვილი
34 წლის ტიბაანელ ბიზნესმენს, ლევან ბიძინაშვილს წნორის რაიონში 2012 წლიდან დაფუძნებული აქვს რამდენიმე კომპანია, რომელთა წლიურმა ბრუნვამ 2021 წელს 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბიძინაშვილი ფლობს ბეტონისა და სამშენებლო ბლოკის ქარხნებს და მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროებს; ოჯახთან ერთად აქვს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესიც. მისი კომპანიები ხშირად მონაწილეობდნენ სახელმწიფო ტენდერებში, კახეთში აშენებული აქვს შენობები, დაგებული აქვს გზები. ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი. აქვს ოფიციალურად რეგისტრირებული 3 ცეცხლსასროლი იარაღი - 1 გლუვლულიანი თოფი და ორი, კოლტის და ვალტერის ფირმის პისტოლეტი. Არ არის ნასამართლევი და სამართალდამცველებთან პრობლემა არასდროს ჰქონია 2021 წლის 4 დეკემბრამდე - როდესაც წნორი-ტიბაანის გზაზე იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
ვერდიქტის მოლოდინში
იარაღის უკანონოდ შეძენა და ტარება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიღნაღის სასამართლოში ბიძინაშვილის საქმის არსებითი განხილვა 29 ივლისს თითქმის დასრულდა. მოსამართლე ვერდიქტს სავარაუდოდ 5 აგვისტოს გამოაცხადებს.
“თუ არ გაიწევი - დაისჯებიო”
ლევან ბიძინაშვილი “რადიო თავისუფლებას” ციხიდან მიცემულ ინტერვიუში ეუბნება, რომ მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწაა, რომელიც არ დათმო.
“დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, მომიგზავნეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში სჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტარიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49-წლიანი იჯარა მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან.
მე უნდა გავჩუმებულიყავი და გავწეულიყავი, რაზეც არ დავთანხმდი, შემომითვალეს, თუ არ გავიწეოდი, დავისჯებოდი და შემოთვლიდან მალევე ეს გამიკეთეს. იარაღი სიღნაღის პოლიციის უფროსის [ლევან მაისურაძის] დავალებით ჩამიდეს, პირადად ხელმძღვანელობდა და პირადად დამიჭირა”, - ლევან ბიძინაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვებს ციხიდან წერილობით უპასუხა.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც ლევან ბიძინაშვილი საუბრობს, კახეთში, სოფელ ტიბაანშია. ეს ნაკვეთი მის სიმამრს 2004 წლიდან 49-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. სიმამრის გარდაცვალების შემდეგ იჯარის უფლება მამის მემკვიდრემ, ბიძინაშვილის მეუღლემ ითხოვა, თუმცა სიღნაღის მერიამ და საჯარო რეესტრმა უარი უთხრეს. ბიძინაშვილმა და მისმა მეუღლემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინეს, რომ ეს ნაკვეთი იჯარით მათ ოჯახს ეკუთვნოდა და მემკვიდრეობა შვილზე უნდა გადასულიყო.
მესამე წელია, ბიძინაშვილის ოჯახი ამ ნაკვეთისთვის სასამართლოებში დავობს, სიღნაღის სასამართლომ რეესტრის უარი შეაჩერა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წელს შეტანილი ძირითადი სარჩელი დღემდე არ განუხილავს.
ლევან ბიძინაშვილი ამბობს, რომ მასთან მისული პოლიციის უფროსის შუამავალი სწორედ ამ ნაკვეთის დათმობას და გვერდზე გაწევას სთხოვდა.
“სხვა მიზეზი არაფერი არ ვიცი, ლევანის რა უნდა დაეშავებინა, თუ ჩამოშორდებოდა ამ მიწას, მაღალჩინოსნები ისარგებლებდნენ ისე, რომ არანაირ გადასახადს არ გადაიხდიდნენ, თუ მოდავე არავინ ეყოლებოდა“, - ამბობს ოთარ ბიძინაშვილი, ლევან ბიძინაშვილის მამა.
Რადიო თავისუფლების კითხვებს სიღნაღის პოლიციის უფროსის, ლევან მაისურაძის წინააღმდეგ ბიზნესმენის ბრალდებების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უპასუხეს. “რადიო თავისუფლების” ზარებს და ტექსტურ შეტყობინებას არც თავად ლევან მაისურაძემ უპასუხა.
“რადიო თავისუფლებამ” დეტალურად შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღმოაჩინა, რომ ბიძინაშვილის მტკიცება, რომ იარაღი ჩაუდეს, უსაფუძვლო არ არის. პროკურატურას ბიძინაშვილის წინააღმდეგ მწირი მტკიცებულებები აქვს.
ერთი დაკავების ორი ისტორია
მთავარი მტკიცებულება - პოლიციელების ჩვენებებია, სამივე პოლიციელი, ვინც ბიზნესმენის დევნასა და დაკავებაში მონაწილეობდა, ერთსა და იმავეს ამტკიცებს: შემთხვევის დღეს წნორიდან ტიბაანისაკენ სწრაფად მიმავალი მერსედესის მძღოლი გაჩერების ბრძანებას არ დაემორჩილა და მათ მანქანას ჯერ ტრასაზე, მერე გრუნტის გზაზე და ბოლოს ვენახებში თითქმის 2 კილომეტრი სდიეს. წერილობით ჩვენებებში გრამატიკული შეცდომებიც კი მეორდება.
თუმცა, 4 დეკებრის საღამოს მომხდარ ფაქტს ორი თვითმხილველი ჰყავს. და მათი მონათხრობი პოლიციელების ჩვენებს არ ემთხვევა.
ტიბაანელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ლევან ბიძინაშვილის ავტომანქანის გაჩერებას შეესწრნენ, რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ იმ დღეს საკუთარი ნივით წნორიდან ტიბაანში ბრუნდებოდნენ.
“ლევანიმ გადაგვასწრო ამ ადგილას (რადიო თავისუფლებამ ცოლ-ქმართან ინტერვიუ მათ მიერ მითითებულ ადგილზე, წნორი-ტიბაანის საავტომობილო გზაზე ჩაწერა), ვიცანი მისი მანქანა, რადგან “ლევანი” აქვს ნომერი, გადაგვასწრო თუ არა, შემხვედრი მხრიდან მომავალმა პოლიციის პიკაპმა ანიშნა [გააჩერეო] და გააჩერა, მე ვიფიქრე, რომ ჩვენი გადასწრების გამო გააჩერეს, მე “პავაროტნიკი” (მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი რ.თ.) ჩავრთე, გვერდი ავუარე ლევანის გაჩერებულ მანქანას და გზა გავაგრძელე”, - ჰყვება ალიკა სომხიშვილი. მან იგივე გაიმეორა სიღნაღის სასამართლოშიც, რომელიც ბიძინაშვილის საქმეს განიხილავს.
“აი, ამ ადგილას გადაგვასწრო ლევანიმ, იქედან პატრული იყო, ანიშნა გაეჩერებინა. ეს გადავიდა გზიდან და შეაჩერა…
- პიკაპი იყო?
- კი, პიკაპი, იქიდან ანიშნა, კი, ალბათ შუქები აუნთო“, - ჰყვება მეორე თვითმხილველი, ელზა გოგაშვილი, ალიკა სომხიშვილის მეუღლე, რომელიც მასთან ერთად იჯდა მანქანაში.
სამი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც თვითმხილველების მონათხრობში პოლიციელების ჩვენებებს ეწინააღმდეგება.
პირველი - პოლიცია ამბობს, რომ მათი ავტომანქანა წნორიდან ტიბაანისკენ მოძრაობდა, მოწმეები ამბობენ, რომ პიკაპი პირიქით, ტიბაანიდან წნორისკენ მიდიოდა.
მეორე - პოლიცია ამბობს, რომ ბიძინაშვილის მერსედესმა მათ გადაასწრო, თვითმიხლველები ამბობენ, რომ ბიძინაშვილს პიკაპისთვის არ გადაუსწრია, არამედ მათ ნივას გადაასწრო, პოლიციის პიკაპმა კი შემხვედრი მხრიდან ანიშნა მერსედესს, გაჩერებულიყო.
მესამე - სამივე პოლიციელი ჩვენებებში და სასამართლოზეც ამბობდა, რომ ლევან ბიძინაშვილს ავტომანქანა ტრასაზე წამიერადაც არ შეუჩერებია, ცოლ-ქმარი კი ჰყვება, რომ ბიძინაშვილი პოლიციის მოთხოვნას უმალ დაემორჩილა, გზიდან გადავიდა და ავტომანქანა შეაჩერა.
და მეოთხე ...
თვითმხილველების მონათხრობის გარდა, პოლიციელების ჩვენებებს ლევან ბიძინაშვილის დაუმორჩილებლობის და დევნის ოპერაციის შესახებ, საეჭვოს ხდის კიდევ ერთი გარემოება - როგორ მოახერხა პოლიციის პიკაპმა, არ ჩამორჩენოდა ბიზნესმენის მერსედესს?
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პოლიციელები იმ დღეს Mitsubishi L200-ს მოდელის “პიკაპით” მოძრაობდნენ, ლევან ბიძინაშვილი კი, ბევრად სწრაფი - Mercedes GLK 350-მოდელის ავტომანქანით.
ბიძინაშვილის ავტომანქანის აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით ორჯერ აღემატება პოლიციელების პიკაპის შესაბამის მონაცემებს. ერთ-ერთმა პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ პიკაპი ტრასაზე ბიძინაშვილის მერსედესს ვერ დაეწეოდა.
სასამართლო განხილვისას ბრალდებულმა სთხოვა პოლიციელებს, აეხსნათ, მათი აზრით, დევნისას რატომ გადაუხვევდა ის გრუნტის გზაზე, როდესაც ტრასაზე მის მანქანას აშკარა უპირატესობა ჰქონდა.
პოლიციელების ჩვენების მიხედვით, როდესაც მათ პიკაპს ბიძინაშვილის მერსედესმა გადაასწრო და არ გააჩერა, “გაზს ჩააჭირეს” და დაეწივნენ.
მოსამართლის კითხვაზე, დაეზუსტებინათ, რა მანძილზე მიჰყვებოდნენ დევნისას მერსედესს, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ 5-10 მეტრში.
საავტომობილო საქმის სპეციალისტები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ პოლიციელების მიერ აღწერილი დევნის სცენა, მანქანების ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, შეუძლებელია სიმართლეს შეესაბამებოდეს.
Საქმის შესწავლის შემდეგ რადიო თავისუფლებას კიდევ რამდენიმე კითხვა გაუჩნდა.
რატომ არ იშორებს ბიზნესმენი უკანონო პისტოლეტს?
პოლიციის ლოგიკით, რომელსაც პროკურატურაც დაეყრდნო, მძღოლის გაქცევის ერთადერთი მიზეზი უკანონო იარაღი, 1941 წლის მოდელის უნომრო TT, უნდა ყოფილიყო. როგორც პოლიციელები ჰყვებიან, ბიძინაშვილის მანქანას შებინდებულზე, ბოლო 500 მეტრი კი ვენახებში სდიეს. თუკი მართლაც ასე იყო, რატომ არ მოიშორა თავიდან ბიძინაშვილმა გაუფორმებელი იარაღი? რატომ არ სცადა მაინც?
“რადიო თავისუფლებამ” შეისწავლა პოლიციელების მიერ აღწერილი დევნის მარშრუტი: სიგანეში, დაახლოებით, 3-მეტრიან გრუნტის გზას ორივე მხარეს ხეების რიგი მიუყვება და უმეტესი ადგილი ხშირი ბუჩქნარითაა დაფარული, სადაც მცირე ზომის ნივთის - იარაღის გადაგდება, სიბნელეში ძნელი შესამჩნევი იქნებოდა.
როგორ შეიძლება, ერთდროულად დაკავებულსაც ჩხრეკდე და მის მანქანასაც?
ლევან ბიძინაშვილის საქმეში დევს პოლიციელთა ჩვენებები, სადაც წერია, რომ იარაღის ამოღებისას და დალუქვისას პოლიციელებს ხელთათმანი ეცვათ.
პოლიციელები სასამართლოში გამოკითხვისას დაიბნენ, ერთმა თქვა, რომ სინამდვილეში ხელთათმანი არ ეკეთა, მეორემ ვერ გაიხსენა, ზუსტად რა მომენტში ჩაიცვა ხელთათმანი. მესამემ ვერ გაიხსენა, ვინ და როდის მიიტანა ხელთათმანი ჩხრეკის დროს, არადა, საქმეში წერია, რომ ხელთათმანები პოლიციის პიკაპიდან დაკავების ადგილამდე მან მიიტანა.
ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა დაკავებისას შედგენილ ოქმებშია, კერძოდ, მათი შედგენის დრო.
დაკავების ადგილზე ორი ოქმი შედგა: პირველი - ბიძინაშვილის ჩხრეკა-დაკავების და მეორე მისი ავტომობილის ჩხრეკის. ოქმების მიხედვით, ბიძინაშვილის ჩხრეკა-დაკავებასა და ავტომანქანის ჩხრეკაში მონაწილეობდა ერთი და იგივე პოლიციელი ლევან აფციაური, თუმცა, ოქმების მიხედვით, ეს ორი მოქმედება ერთდროულად ხდებოდა და გამოდის, რომ ეს პოლიციელი ერთდროულად ორ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ, რომ ერთდროულად დაკავებულსაც ჩხრეკდე და მის მანქანასაც, პოლიციელებმა სასამართლო სხდომაზე ვერ ახსნეს.
ერთი მხრივ, ეს ალოგიკურობა ოქმების გაბათილების საფუძველს იძლევა, მეორე მხრივ კი, ადვოკატები ამით ამტკიცებენ, რომ ბიძინაშვილს ჯერ იარაღი “ჩაუდეს”, ოქმები შემდეგ, ფორმალურად შეადგინეს და შეცდომაც ამიტომ მოუვიდათ.
დნმ-ის კვალი პისტოლეტზე
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იმ პისტოლეტზე, რომელიც პოლიციელების თქმით ლევან ბიძინაშვილს უპოვეს, მისი დნმ-ია აღმოჩენილი. ბიძინაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ იარაღზე დნმ მისი ნერწყვით თავად პოლიციელებმა გადაიტანეს: “როდესაც გადამათრიეს მანქანიდან, ჩამსვეს პიკაპში და წამიყვანეს მინდორში, გზაში მეუბნებოდნენ, გაიგებ რისთვისაც ხარ დაჭერილიო, მეთქი, ვიღაცაში ხომ არ გეშლებით, მოწმეები სად არიან ან ვიდეოგადაღება სად არის? მერე პირი გამაღებინეს ძალით, ხომ არაფერს მალავო, ხელთათმანიანი ხელი ჩამიდეს პირში, მომატარეს, მეთქი, უკვე დნმ-ის ამბავია, ყველაფერი დადგმულია და ვიცი რაცა ხდება”, - ჰყვება ლევან ბიძინაშვილი.
სასამართლო პროცესზე ექსპერტს ადვოკატებმა ჰკითხეს, როგორ შეძლება საგანზე ვინმეს დნმ აღმოჩნდეს? ექსპერტმა უპასუხა, რომ დნმ-ის კვალის ნივთზე გადატანა თითქმის ნებისმიერი კონტაქტით შეიძლება.
სასამართლო სხდომაზე პოლიციელებმა უარყვეს ხელთათმანიანი ხელით ბიძინაშვილის პირის გაჩხრეკა, თუმცა ბრალდებულის დაკავება და ჩხრეკა ვიდეოკამერით მათ გადაღებული არ აქვთ, შესაბამისად, ძნელი დასადგენია ვინ ტყუის.
“რადიო თავისუფლებამ” ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ უშუალოდ ბიძინაშვილის საქმის პროკურორს რამდენჯერმე ჰკითხა, კიდევ რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ბიზნესმენის წინააღმდეგ, თუმცა პროკურორმა ანა ცუცქირიძემ დამატებითი მტკიცებულებები არ დაგვისახელა.
Your browser doesn’t support HTML5
Რატომ არ გადაიღო პოლიციამ დაკავება და ჩხრეკა?
რადიო თავისუფლებამ ბიძინაშვილის დაკავებაში მონაწილე ერთ-ერთ პოლიციელს, დავით ჩითინაშვილს ჰკითხა, რატომ არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი და რატომ არ გადაიღო დაკავების მომენტი. მან კითხვას არ უპასუხა.
Your browser doesn’t support HTML5
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პოლიციელები ვალდებულნი არიან, ნებისმიერი გზით შეაგროვონ მტკიცებულებები, მათ შორის, შესაძლებელია, ჩხრეკა საკუთარი სმარტფონითაც კი გადაიღონ, 2021 წლის ივლისიდან ამოქმედდა.
იარაღის და ნარკოტიკის “ჩადების” და შემდეგ “ამოღებულ ნივთმტკიცებასა” და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენების მრავალწლიანი მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ ახალი სტანდარტი საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს “ბირჟა მაფიის” მუსიკოსის, გიორგი ქებურიას სარჩელის განხილვის შედეგად დაადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ ბრალდებულთა გამამართლებელი განაჩენები უკვე დააყრდნო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოსამართლე გიორგი არევაძემ, 2022 წელს გამოტანილ განაჩენში დაწერა, რომ სამართალდამცავების ვალდებულება იყო, მოეპოვებინათ მტკიცებულებები და რაკი იარაღის ამოღება ვიდეოკამერით არ გადაიღეს, ამოღების ფაქტი საეჭვოაო და ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლე არევაძე წერს, რომ პოლიციელთა ზოგადი ახსნა, რომ გადაღება ვერ მოხერხდა, მიუღებელი და არასაკმარისი.
ლევან ბიძინაშვილის დაკავებაში მონაწილე პოლიციელებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ გადაღება ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას ტელეფონები თან ჰქონდათ. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელები ჩვენებაში წერენ, რომ როდესაც ორ მათგანს ეჭირა დაკავებული, მესამემ მობილურით დარეკა პოლიციის სამორიგეოში. თუნდაც ამ დროს რატომ არ გადაიღო პოლიციელმა იარაღი, რომელიც ბიძინაშვილს “ქამრიდან უჩანდა”, გაუგებარია.
ვინ უნდა გამოიძიოს - ჩაუდეს თუ არა
ლევან ბიძინაშვილი დაკავების დღიდან ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს და სიღნაღის პოლიციის განყოფილებაში მასზე იძალადეს კიდეც. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ პოლიციელებმა სცემეს და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
ამ ფაქტების გამოძიების თხოვნით ბიძინაშვილმა დაკავებისთანავე, 2021 წლის დეკემბერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა. ამ უწყებას ევალებოდა პოლიციელების შესაძლო დანაშაულის გამოძიება, თუმცა ეს სამსახური რამდენიმე თვეში გაუქმდა და წარმოებაში არსებული ყველა საქმე ახალ უწყებას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რადიო თავისუფლებას მისწერა, რომ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 8 თვის წინ დაიწყო და დღემდე “მიმდინარეობს ყოველმხრივი გამოძიება”, თუმცა რა გამოიკვეთა ამ გამოძიებისას, არ გაამხილეს.
კანონით პროკურატურასაც ევალება, გამოიკვლიოს ყველა დეტალი როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ, ასევე მის სასარგებლოდ. “რადიო თავისუფლებამ” საქმის პროკურორსაც ჰკითხა, როცა ბრალდებული იარაღის ჩადებაზე საუბრობს, აწარმოა თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით. “გამოძიება სრულყოფილი სახით არის ნაწარმოები”, იყო საქმის პროკურორის პასუხი.
ბიძინაშვილის საქმის განხილვა სიღნაღის სასამართლოში ფაქტობრივად დასრულდა. მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ განაჩენი შესაძლოა 5 აგვისტოს გამოაცხადოს. თუკი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი ამ სასამართლო პროცესს წააგებს, გლდანის ციხეში პატიმრობაში დარჩება, მისი ოჯახი კი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
განახლება: კახელი ბიზნესმენი სასამართლომ გაამართლა