საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ივლისის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციია 7,0%-ია.
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციაზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16,4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,25 პროცენტული პუნქტით აისახა.
- ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (29,3%)
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21,3%)
- ყავა, ჩაი და კაკაო (18,2%)
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18,1%)
- ზეთი და ცხიმი (17,5%), რძე, ყველი და კვერცხი (16,9%), თევზეული (14,9%)
- ხილი და ყურძენი (13,7%)
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (12,7%);
- ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20,6%-ით, რაც 2,46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25,6%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14,7%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,6%);
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ამ ჯგუფში ფასები 13,3%-ით გაზარდა რაც 1,31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
- ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27,3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13,1%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6,0%);
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,3%-ანი მატება, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7,4%).
ინფლაციია სამომხმარებლო ფასების ზრდას გულისხმობს, საქონლისა და სერვისების გაძვირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება.
მთავრობის მიერ ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3 პროცენტია.