რუსეთმა უკრაინული პოლკი "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

პოლკ "აზოვის" რამდენიმე მებრძოლი ამჟამად რუსეთის ტყვეობაში იმყიფება

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული პოლკი "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობა აკრძალა.

შესაბამისი სასარჩელო განცხადება უზენაეს სასამართლოში რუსეთის გენერალურმა პროკურორმა შეიტანა.

მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმა გამოვიდა უკრაინის მოხალისეთა პოლკის "აზოვის" მებრძოლების გასამართლების მოწოდებით და მხარი დაუჭირა მათ შემთხვევაში სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას.

მანამდე ივლისის ბოლოს ბრიტანეთში რუსეთის საელჩო ტვიტერით საშუალებით "აზოვის" დანაყოფის წევრთა "დამამცირებელი" სიკვდილისკენ მოწოდებით გამოვიდა.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ ტექსტში ბრიტანეთში რუსეთის საელჩო წერს - "აზოვის სამხედროები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, მაგრამ არა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დანაყოფისგან, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი არ არიან ნამდვილი ჯარისკაცები. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ".

ანდრეი იერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, რუსეთის საელჩოს განცხადებას "ტერორისტულ სახელმწიფოს" მხრიდან მორიგი "ველურობის" გამოვლინება უწოდა.

"21-ე საუკუნეში მხოლოდ ველურებს და ტერორისტებს შუეძლიათ დიპლომატიურ დონეზე იმაზე ილაპარაკონ, რომ ადამიანები ჩამოხრჩობით სიკვდილს იმსახურებენ. რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო მხარდამჭერია. კიდევ რა მტკიცებულებაა საჭირო?" - წერს იერმაკი ტელეგრამით.

უკრაინის ძალებმა, მათ შორის "აზოვის" დანაყოფის წევრებმა, მაისში დაასრულეს მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნის შენობის დაცვა და ჩაბარებას დათანხმდნენ. რუსმა სამხედროებმა "აზოვსტალის" დამცველი დაახლოებით 2500-მდე მებრძოლი აიყვანეს ტყვედ.

მათ ნაწილს რუსეთი ამყოფებდა დონეცკის დასახლებულ პუნქტ ელენოვკაში მდებარე კოლონიაში, რომელიც 29 ივლისს დაიბომბა. რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული თავდაცვის შტაბის მტკიცებით, დასახლებულ პუნქტ ელენოვკაში მდებარე კოლონიაზე უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 ადამიანი. უკრაინამ უარჰყო კოლონიის დამბომბვა და განაცხადა, რომ უკრაინის არმია სარაკეტო იერიშებს მხოლოდ ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს.