პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

ფოტოკოლაჟი: სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული პილოტები, მაშველები და ექიმები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული პილოტები, მაშველები და ექიმები სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ ცნობილია, ვინ ისხდა იმ ვერტმფრენში, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა

29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით თქვა, რომ გარდაიცვალა სამაშველო ოპერაციაში ჩართული, ვერტმფრენში მჯდარი ყველა ადამიანი და ტურისტი.

"სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია დაშავებული. უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც იყო, ის ამოიყვანეს, ცოცხალია, გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე ნახეთ რა შეგვიძლია ვთქვათ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებზე - ინტერვიუ მფრინავთან

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის) იძიებს.