როცა იგებენ, რომ უკრაინიდან ვართ, ყურმილს კიდებენ - ორი კვირა  ბინის ძებნაში

პირველ აგვისტოს უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობამ სასტუმროები დატოვა. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მათ ცხოვრების ხარჯებს უნაზღაურებდა, გუშინ შეწყდა. ზოგმა ბინა ბოლო მომენტში იპოვა, ზოგიერთს თბილისიდან სხვა ქალაქში მოუწია წასვლა. ლტოლვილების ძალიან მცირე ნაწილი, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა, სასტუმროებმა კიდევ ცოტა ხნით შეიფარეს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ, ვინც თავი საქართველოს შეაფარა, ბევრი სირთულე შეხვდათ: ბინების მფლობელებმა ზოგს ნახევარწლიანი კონტრაქტის დადება მოსთხოვეს, ზოგს საერთოდ უარი უთხრეს, როცა გაიგეს, რომ უკრაინელი ლტოლვილები იყვნენ; ბევრ ახალჩამოსულს ისევ ვერ გადაუწყვეტია, რაში დახარჯოს ის მცირე დანაზოგი, რაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიყოლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გამოსავალი, რასაც ლტოლვილები პოულობენ, დროებითია.

ვლადიმირი, ოქსანა და ხუთი წლის დაშა უკვე “ჩაბარგდნენ”, მაგრამ სასტუმროდან გასვლას არ ჩქარობენ, 12 საათის შესრულებას, “ჩეკაუტს” ელოდებიან. მართალია, უთხრეს, თუ გინდათ საღამომდე დაიცადეთო, მაგრამ გადაწყვიტეს, დროებით რომელიმე სასტუმროში გადავიდნენ და ბინის ძებნა გააგრძელონ. ვლადიმირი, ოქსანა და დაშა საქართველოში 19 ივლისს შემოვიდნენ და მოხვდნენ პროგრამაში, რომელიც 10 დღით სასტუმროს ხარჯებს უნაზღაურებს. ამ პერიოდის განმავლობაში ლტოლვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს, ოჯახზე 300-ლარიანი და ერთ სულზე 45-ლარიანი დახმარებისთვის. ახლა მთელი ეს დახმარება სასტუმროზე უნდა დახარჯონ - ვლადიმირის გათვლებით, თუ ამ დახმარებას იმ დანაზოგს დაამატებენ, რაც დარჩათ, სასტუმროში ერთი კვირით ცხოვრებას შეძლებენ, თუ ამასობაში ბინა ვერ ნახეს, ქუჩაში რჩებიან. ოჯახი თითქმის ორი კვირაა, რაც ქირით გადასვლას ცდილობს, მაგრამ მფლობელები უკეთეს შემთხვევაში სამი თვის ერთიანად გადახდას სთხოვენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ სცემენ პასუხს - ვლადიმირი ამბობს, რომ ბევრი უბრალოდ ტელეფონს უთიშავს, როცა იგებს, რომ უკრაინიდანაა.

უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში არაერთი სახელმწიფო უწყება და არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული, თუმცა უკრაინელები ამბობენ, რომ ამბებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ იგებდნენ - ხან ტელეგრამის ჯგუფში, ხან ვიღაცას ჭორი მოჰქონდა. ზოგმა სოციალურ დახმარებას იმიტომ არ მიმართა, რომ კონტრაქტი ქართულ-ინგლისურად იყო და ვერ გაიგეს, რა უნდა ექნათ.

ალექსანდრე შვილთან ერთად სასტუმროს ტოვებს. ისინი ბათუმში მიდიან

“ვერაფერი ვერ ვნახე ჩემთვის გასაგები ამ კონტრაქტში და თავი შევიკავე”, - მითხრა მარტოხელა მამამ, ალექსანდრმა, რომელიც სამი შვილით ჩამოვიდა. “თან ეს 300 ლარი ვერ გადაგვარჩენს ოთხკაციან ოჯახს. მაინც ველოდებოდით, რომ ყველაფერი დალაგდება და სახლში წავალთ, მაგრამ როგორც ვხედავთ, არ გამოდის”. ორკვირიანი ძებნის მერე, ალექსანდრის ოჯახმა სამი დღით, ბათუმში იპოვა დასარჩენი და დღეს იქ მიდის. “თუ რამეა და კარავში დავიძინებთ მერე, ზღვაა მაინც”, - ხუმრობს ის.

"ოკუპაცია ციხეზე უარესია”, მაგრამ ვბრუნდები

მეგობრებს, ალიონა კლუევასა და ელენა ლოტოცკაიას სასტუმროდან გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი. იცოდნენ, რომ 1 აგვისტოს მათი გზები გაიყრებოდა - ელენას ოჯახი მანქანით, თურქეთში აპირებს გადასვლას, ალიონამ კი თბილისში იშოვა ბინა. ორივე ოჯახს დანაზოგი კი ჰქონდა, მაგრამ ოკუპაციაში ფული მოსალოდნელზე სწრაფად დაეხარჯათ. ფასები გასამმაგდა, გაიაფდა მხოლოდ ბენზინი, რომელიც რუსეთიდან შემოაქვთ. ელენა და ალიონა ამბობენ, რომ თავისუფალი უკრაინით გასვლა, განსაკუთრებით ბავშვებით, თითქმის შეუძლებელია.

ალიონა კლიუევა და 11 წლის ანდრეი

"არაოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე რომ ცდილობს ხალხი მოხვედრას, 4-5 დღე უწევთ ღია ცის ქვეშ გათენება. ჩვენ პატარა ბავშვებით ვმოგზაურობთ და ვერ გავრისკავდით ასე", - ამბობს ელენა.

ამიტომ, როგორც უმრავლესობა, რუსეთის გავლით წავიდნენ, თვითონაც არ იცოდნენ, სად. "ოკუპაცია ციხეზე უარესია - ოღონდაც მალე გავსულიყავით, არც ვიცოდით საქართველოში თუ წავიდოდით. უკრაინის ხელისუფლება მოგვიწოდებდა, ვისაც საშუალება აქვს, დატოვეთ ტერიტორიაო".

ალიონა ჰყვება, რომ თბილისში ბინის შოვნა მარტივი არ იყო - მეპატრონეები უკრაინელებს უარს ეუბნებიან. "მეპატრონეები მეუბნებოდნენ, რომ ჰქონდათ შემთხვევები, როცა უკრაინელები ქირის ფულს აღარ იხდიდნენ და როცა პატრონს პოლიცია გამოუძახებია, ვერაფერს გახდნენ, რადგან იმ უკრაინელებს დევნილის სტატუსი ჰქონდათ მიღებული. ამიტომ ჩვენ მეპატრონისთვის რისკი ვართ".

ელენას შვილი ვალერია

ალიონას და ელენას სასტუმროში ახლა მხოლოდ უკრაინელები არიან. მათი დიდი ნაწილი საქართველოდან წასვლაზე ფიქრობს, სხვებს კი დანაზოგი ჰყოფნით, სამსახურის შოვნამდე რამდენიმე თვის ქირა გადაიხადონ. უკრაინელების მცირე ნაწილი უკან მიდის - ოკუპაციაში.

მაგალითად, ელენა, რომელიც ანონიმურად მესაუბრა, მარიუპოლში ბრუნდება. ქმართან ერთად საქართველოში 8 აპრილს ჩამოვიდა. როცა მოდიოდნენ, ქალაქის ცენტრში ბრძოლები იყო - “აზოვსტალს ჯერ კიდევ იცავდნენ. პანიკა იყო, ხალხი გარბოდა. არ ვიცოდით, სად მივდიოდით, უბრალოდ გავდიოდით. აქ დასარჩენად არ გვაქვს ფინანსები, გადავწყვიტეთ დაბრუნება. ახლა გვეუბნებიან, რომ იქ საომარი მოქმედებები აღარ არის, ცხოვრება ლაგდება, მაგრამ რა იქნება, არ ვიცით. ეს პროგრამა რომ არ დამთავრებულიყო, აქ დავრჩებოდით”.

მარიუპოლიდან ოთხი შვილით ახალჩამოსული პენსიონერები ევგენი და იულია ამბობენ, რომ ოკუპაციაში დაბრუნება უკრაინელობაზე უარის თქმაა - ისინი ხედავდნენ, როგორ იყრებოდა სკოლის ფანჯრიდან უკრაინული წიგნები და ნადგურდებოდა უკრაინის დროშა. იულია არ იხსნის სამაჯურს უკრაინული დროშის ფერებით.

ამ ოჯახს არსად აქვს წასასვლელი, ამიტომ სასტუმრომ ისინი ჯერჯერობით, საკუთარი ხარჯით დაიტოვა. იულია ამბობს, რომ ბინას მოკლე დროში ვერ იპოვიან - ოთხ ბავშვს მუდმივად ყურადღება სჭირდება, თანაც ბავშვები ახლახან ავად იყვნენ და ბინის საძებნად ვერ მოიცალეს.

ან პასპორტი, ან ბინის ქირა

წინა კვირას 75 წლის ზინა კრუტიენკოს ვესაუბრე. ამ კვირაში ის ლოგინიდან ვეღარ ადგა - ინერვიულაო, მითხრა მისმა შვილმა, ირინა კოჟუხარენკომ. დღისით სასტუმრო თითქმის ცარიელია, სახლში მოხუცები არიან და ის რამდენიმე ადამიანი, ვინც აქ სამუშაოდ მოეწყო. დანარჩენები მთელ დღეებს გარეთ ატარებენ, სამსახურისა და ბინის ძებნაში.

75 წლის ზინა კრუტიენკო

“ვინც ვერ გავდივართ, ტელეფონში ვიყურებით, ძირითადად ვარიანტები ტელეგრამის ჯგუფებში იდება. დაბნეულები ვართ, ყველაფერი ერთად უნდა მოძებნო. თან გაუგებარია, ჯერ სამსახური მოძებნო და მერე იმის გვერდით სახლი, თუ პირიქით”.

ერთი თვეც არაა, რაც ირინას ოჯახი საქართველოშია. ოკუპაციიდან მხოლოდ მაშინ წამოვიდნენ, როცა უკრაინის მთავრობამ დაჟინებით მოითხოვა ტერიტორია დატოვეთო. ზინას ამ მომენტისთვის პენსია უკვე აღარ ჰქონდა, ფულს ხელზე იღებდა, ოკუპაციის პირობებში კი ფოსტა გაჩერდა. არ მუშაობს არც ბანკები და არც ბანკომატები - ოჯახს ის ფული შერჩა, რაც იმ მომენტში, ხელზე ჰქონდა.

“არ ვიცით, აქ რამდენ ხანს ვიქნებით - აქ არ გვაქვს საზღვარგარეთის პასპორტი. სამი თვიდან იწყება ლოდინი, მაგრამ ვისთვისაც მიკითხავს, სამ თვეში არავის მიუღია. ბევრ ადამიანს კიდევ აქვს სადღაც წასასვლელი, ჩვენ - არა”.

"მე უკან მინდა წასვლა, მაგრამ ქალებს არ უნდათ" - 69 წლის ვიქტორ ბიკოვეცი მარიუპოლში დაბრუნებაზე

უკრაინის საკონსულოს ინფორმაციით, საზღვარგარეთის პასპორტი 419 ლარი ღირს. უკრაინის მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ, უფასოდ გაიხანგრძლივონ ვადაგასული პასპორტები, რომლითაც გერმანია, ავსტრია და კვიპროსი მიიღებენ. თუმცა ბევრი უკრაინელი საქართველოში შიდა დოკუმენტებით არის შემოსული და საზღვარგარეთის პასპორტი საერთოდ არ აქვს.

“ჩვენ რომ გავედით, პასპორტის ფული გადავდეთ მაგრამ გაუგებარია, როდის იქნება. ბინაში რომ დავხარჯოთ, მერე პასპორტის ფული არ გაქვს. არადა, უპასპორტოდ სიმბარათსაც ვერ იყიდი - ორ-ორს ყიდულობენ ხოლმე ისინი, ვისაც პასპორტი აქვს და მერე ჩვენ გვაძლევენ”, - ამბობს ირინა.

ზოგიერთი ოჯახი სასტუმროებმა მცირე ხნით, კიდევ დაიტოვეს

ეს საუბარი პირველ აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. კრუტიენკოებმა პატარა ბინა ბოლო წამში, სასტუმროს დატოვებამდე ნახევარი საათით ადრე იპოვეს, დიღომში, 400$-ად. ისინი თორმეტნი არიან, ბინა კი, მაქსიმუმ ხუთ ადამიანზეა გათვლილი, ამიტომ კიდევ ერთი ფართის მოძებნა მოუწევთ.

“ჩვენთვის მთავარია, რომ ღამის გათენება სარდაფში ან სადგურში არ მოგვიწიოს, დანარჩენი იქნება - ვეცდებით, სამსახურიც ვიპოვოთ და საჭმელზეც რამეს მოვახერხებთ. შეგვიძლია პარკებიც ვალაგოთ, ჭურჭელიც ვრეცხოთ, არაფერი არ გვეთაკილება და ყველაფერი შეგვიძლია”.