კოსოვოს ხელისუფლებამ დაიწყო საბუთების გაცემა სერბებზე, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-სთან და ევროკავშირთან კონსულტაციის შემდეგ დათანხმდა გადაედო ამოქმედება ორი წესისა, რომლებიც ეხება მანქანების ნომრებს და სამოგზაურო დოკუმენტაციას სერბეთიდან შესული მგზავრებისთვის.
1 აგვისტოს შლიდნენ ბარიკადებს, რომლებიც კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა პროტესტის ნიშნად აღმართეს სასაზღვრო გასასვლელებზე. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა შესვლა-გასვლის პირველი საბუთები სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს სერბეთთან ამჟამად მოქმედი ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთის გზით.
1 აგვისტოს, დილით მიღწეული შეთანხმებით, ახალი წესების ამოქმედება 30 დღით გადაიდო.
31 ივლისს, გვიან ღამით, პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მოუწოდა 30 დღით გადაედო წესების ამოქმედება, "რადგან, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებების გარშემო გავრცელდა დეზინფორმაცია და გაუგებრობა". მანამდე, კოსოვოს მთავრობა აცხადებდა, რომ 1 აგვისტოდან სერბეთიდან შემომავალ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ საბუთებს შეუცვლიდნენ შესვლა-გასვლის დოკუმენტაციით, რომელსაც პრიშტინა გასცემდა და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნებოდა ძალაში.
ასევე ნახეთ სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა, დემონსტრანტებმა გადაკეტეს გადასასვლელები ასევე ნახეთ კოსოვომ გადადო დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება