კოსოვომ გადადო დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება

კოსოვოს მერდარის სასაზღვრო პუნქტი. 2022 წლის 1 აგვისტო

კოსოვოს მთავრობამ ერთი თვით, 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გადადო სერბეთთან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების გაცემა და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბთა ავტომანქანების სერბული სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა. კოსოვოს მთავრობის მიერ წუხელ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაძაბულობა საზღვართან, სადაც 31 ივლისს, საღამოს, ასეულობით კოსოვოელმა სერბმა სატვირთო ავტომანქანებით გზები გადაკეტა ორ სასაზღვრო პუნქტთან.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იღებენ ვალდებულებას გადაწყვეტილებების აღსრულება გადადონ 30 დღით, იმ პირობით, რომ საზღვარზე ბარიკადებს აიღებენ და სრულად აღდგება თავისუფალი მიმოსვლა.

კოსოვოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი. მისი განცხადებით, კოსოვომ და სერბეთმა საჯარო საკითხები ევროკავშირის თანადგომით, დიალოგის გზით უნდა გადაწყვიტონ.

31 ივლისს, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოში მცოვრები სერბებისთვის ასეთი რთული სიტუაცია არასდროს ყოფილა და თუ მათ თავს დაესხმებიან, სერბეთი გაიმარჯვებს. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ ვუჩიჩი დაადანაშაულა სიტუაციის დაძაბვასა და არეულობის პროვოცირებაში და გზების გადაკეტვას დაგეგმილი აქცია უწოდა.

კოსოვოში ნატოს ხელმძღვანელობით მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობამ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერიოს სასაზღვრო კონფლიქტში, თუ კოსოვოს ჩრდილოეთში სტაბილურობას საფრთხე შეექმნება. ამასთან, სარდლობამ დაადასტურა, რომ კვლავაც მხარს უჭერს პრიშტინასა და ბელგრადს შორის ურთიერთობების მოგვარებას დიალოგის გზით, რომელშიც ევროკავშირი მონაწილეობს.

კოსოვოელი ალბანელების მიერ სერბებთან 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებლობა 2008 წლიდან აღიარებული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს. სერბეთი კოსოვოს ისევ თავის ავტონომიურ ოლქად თვლის.