სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა, დემონსტრანტებმა გადაკეტეს გადასასვლელები

ეთნიკურმა სერბებმა ქუჩა გადაკეტეს ჩრდილოეთ კოსოვოში, 31 ივლისი, 2022

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბიასთან ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან, იმ ფონზე, როცა რეგიონში ვითარება დაიძაბა, სერბეთის სანომრე ნიშნებთან და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული, კოსოვოს მთავრობის მიერ შემოღებული ორი წესის გამო.

კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

ეს წესი შეესაბამება ბელგრადში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედ პრაქტიკას, რომელიც ეხება სერბეთში ჩასულ კოსოვოს მოქალაქეებს.

ამასთან, 1 აგვისტოდან ძალაში შედის წესი, რომელიც სანომრე ნიშნებს ეხება.

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი).

კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენებას ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ.

ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად. მძღოლებს ცვლილებისთვის სექტემბრამდე მოუწევთ ლოდინი.

31 ივლისს, გვიან საღამოს, კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დაკეტა იარინიესა და ბრნიაკის სასაზღვრო გადასასვლელები მოგზაურობისთვის და ტრანსპორტისთვის, დემონსტრანტების მიერ მათი ბლოკირების გამო.

"ყველა მოქალაქეს შევატყობინეთ, რომ მოძრაობისთვის სხვა სასაზღვრო პუნქტები გამოიყენონ" - ამბობს კოსოვოს პოლიცია.

მანქანების თაობაზე უთანხმოებამ იფეთქა 2021 წლის სექტემბერშიც - მას მერე, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთიდან შესულ ყველა მძღოლს მოსთხოვა გამოეყენებინათ დროებითი, 60-დღიანი, დაბეჭდილი ნომრები, იმ ზომების პასუხად, რომლებიც სერბეთმა კოსოვოელ მძღოლებთან მიმართებით 2008 წელს შემოიღო - როცა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მაშინ კოსოვოს ჩრდილოეთით მცხოვრებმა სერბებმა მანქანებით და ბარიკადებით გადაკეტეს იარინიესა და ბრნიაკის გადასასვლელები, კოსოვოს ხელისუფლებამ ადგილზე პოლიციის დანაყოფები გაგზავნა, ცაში სერბეთის სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავდნენ, ძალის დემონსტრირების ნიშნად.

სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, არც მის უფლებას შემოიღოს წესები, მაგალითად მანქანების რეგისტრირების შესახებ. კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს ევროკავშირის წევრთა უმეტესობა, თუმცა არა სერბეთის მოკავშირე რუსეთი და ჩინეთი.

ევროკავშირი ათწლეულის განმავლობაში ცდილობს იშუამავლოს ორ ბალკანელ მეზობელს შორის, თუმცა ჯერჯერობით კავშირების ნორმალიზების ძალისხმევას შედეგი არ გამოუღია.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის განცხადებით, კოსოვო 2022 წლის ბოლოს შეიტანს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მიუხედავად შეშფოთებისა ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე სერბეთთან დაძაბულობის გამო.