თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის პრესმდივნის თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მარცვლეულით დატვირთული პირველი საექსპორტო გემი უკრაინას 1 აგვისტოს დატოვებს.
"ხვალამდე ყველა [დეტალი] თუ დასრულდება, როგორც ჩანს, პირველი გემი პორტს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს" - უთხრა პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა თურქეთის ტელევიზიას 31 ივლისს. "ყველაზე გვიან გემები პორტებს შემდეგ დღეს დატოვებენ" - დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში თქვა, რომ უკრაინა მზადაა დაიწყოს მილიონობით ტონა მარცვლეულის გადაზიდვა სამხრეთის პორტებიდან, და ოპერაციის დასაწყებად ელოდება თურქეთსა და გაეროს - რომლებიც დათანხმდნენ გადაზიდვებზე ზედამხედველობას.
კიევმა და მოსკოვმა 22 ივლისს გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლებაზე. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეიჭრა. ამ შეთანხმებამ საექსპორტო გზა გაუხსნა მილიონობით ტონა მარცვლეულსა და სასუქს, იმ ფონზე, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი საკვების კრიზისის ზღვარზეა.
უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში - თუმცა ზელენსკიმ 31 ივლისს ტვიტერით დაწერა, რომ წელს მოსავალი შესაძლოა ჩვეულებრივი ოდენობის ნახევარი იყოს, რუსეთთან მიმდინარე ომის გამო.