ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში გაუქმდა რუსეთის ფლოტის დღის საზეიმო ღონისძიებები, მას მერე, რაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე დრონით იქნა იერიში მიტანილი.
სევასტოპოლის კრემლის მიერ დანიშნული გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი 31 ივლიის ამბობს, რომ ინციდენტის შედეგად დაიჭრა შტაბ-ბინის ექვსი თანამშრომელი. მანამდე რაზვოჟაევი ტელეგრამით წერდა, რომ რუსეთის დღესასწაული "გაუქმდა უსაფრთხოების მიზეზებით". მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.
რაზვოჟაევი გამოთქვამს ეჭვს, რომ თავდასხმისას გამოყენებული დრონი ეკუთვნის უკრაინის არმიას. შავი ზღვის ფლოტი იუწყებოდა, რომ შეტევა განხორციელდა თვითნაკეთი უპილოტო საფრენი აპარატით, რომელზეც მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
უკრაინის ოდესის სამხედრო დანაყოფის პრესმდივანი, სერჰი ბრაჩუკი უარყოფს ცნობას, რომ ინციდენტი უკრაინის მოწყობილი იყო და ბრალდებას "სრულ პროვოკაციას" უწოდებს.
სევასტოპოლი ყირიმის უდიდესი ქალაქი და ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი პორტია, და იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული. დანარჩენ ნახევარკუნძულთან ერთად, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, სევასტოპოლი საერთაშორისოდ უკრაინის ნაწილადაა აღიარებული.