რატომ მოკლეს ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი - პროკურატურის ვერსია

ფოტოილუსტრაცია

მცხეთის საქალაქო სასამართლოში 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის, ახალგაზრდა კაცის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა იმართება. ამ სხდომაზე პროკურორმა ისაუბრა იმ ღამით, დაბადების დღის წვეულებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რაც ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი.

"დაახლოებით, ღამის 02:10 საათზე დაბადების დღეზე მყოფ გიორგი ხორავას ერთ-ერთი სტუმარი, მირიან კუკავა [დაღუპული] შემთხვევით მიეჯახა მხარზე. ამ უმნიშვნელო საბაბით გაღიზიანებულმა გიორგი ხორავამ მის მეგობრებთან ერთად, დავით ჯიჯეიშვილთან [მკვლელობაში ბრალდებული] და გიორგი კუჭავასთან ერთად დაიწყო გინება აგარაკის ტერიტორიაზე მყოფი სტუმრების მისამართით... მათ შორის, დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით აგრძელებდა ხულიგნურ ქმედებებს და ეს ხულიგნური ქმედებები ასევე განაგრძო აგარაკის გარეთ ტერიტორიაზე, რა დროსაც დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები", - თქვა პროკურორმა.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ მან თავად უთხრა მოსამართლეს. მისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ასევე ნახეთ ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა

22 წლამდე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით 29 ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.

ასევე ნახეთ ცხვარიჭამიაში ბიჭის მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს

გამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით. მათ შორის ყველაზე მძიმე კვალფიკაცია სიხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია - განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.