ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთს "ძალა ეცლება"

უკრაინაში განადგურებული რუსეთის ტექნიკა

ბრიტანეთის დაზვერვის, MI-6-ის ხელმძღვანელი, რიჩარდ მური ტვიტერით წერს, რომ კრემლს "ძალა ეცლება". ეს კომენტარი მან დაწერა პასუხად ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოზე, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის მიერ დაშვებულ სავარაუდო შეცდომებზე ომისთვის მზადებისას და მისი მიმდინარეობის პერიოდში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს კომენტარად წერს: "კრემლს სასოწარკვეთა უტევს. რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო დაკარგა და საბჭოთა პერიოდის იარაღს იყენებს. მათი მოძველებული რაკეტები უდანაშაულო უკრაინელებს ხოცავს და მათ დაჭრას იწვევს. რუსეთი ვერ მოიგებს ამ უსამართლო ომს".

ვიდეოში ლაპარაკია, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში "ათი ათასობით" სამხედრო დაკარგა, ხოლო საომარი ტექნიკის დანაკარგების შევსება სულ უფრო რთული ხდება. ამ შეფასების გადამოწმება ომის პირობებში შესაძლებელი არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მარტის შემდეგ აღარ ავრცელებს მონაცემებს დანაკარგებზე.