CNN: რუსეთი აშშ-ისგან ითხოვს, პატიმართა გაცვლამ მოიცვას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი

ვადიმ კრასიკოვი, ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული პირი

ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, აშშ-ის მიერ შეთავაზებულმა პატიმართა გაცვლის გეგმამ მოიცვას რუსეთის საშინაო სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი პოლკოვნიკი, ვადიმ კრასიკოვი - რომელიც გერმანიაში, სამუდამო პატიმრობაში იმყოფება 2019 წელს ბერლინში ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობის გამო. პატიმართა გაცვლის გეგმა ამჟამად ითვალისწინებს რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გაცვლას ამერიკელებზე, პოლ უილენზე, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს, და ბრიტნი გრაინერზე, კალათბურთელზე, რომელსაც რუსეთში ჩაფრენისას სამედიცინო მარიხუანა აღმოუჩინეს, მისი სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. აშშ ორივე პირისთვის წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

როგორც CNN-ს წყაროებმა შეატყობინეს, რუსეთის მხარემ აშშ-ს ეს მოთხოვნა მიმდინარე თვეში გადასცა, არაოფიციალური არხებით, რომლებსაც ეფესბე იყენებს.

ამ მოთხოვნას რამდენიმე მიზეზით პრობლემურად განიხილავენ, - უთხრეს წყაროებმა ტელეკომპანიას, მათ შორის იმის გამო, რომ კრასიკოვი გერმანიის საპატიმროში იმყოფება. ამიტომ, და კიდევ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნას ოფიციალური სახე არ ჰქონდა, აშშ-ის მთავრობა მას არ განიხილავს ლეგიტიმურად საიმისოდ, რომ შეიცვალოს აშშ-ის მიერ თავდაპირველად წამოყენებული შეთავაზება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის პატიმართა გაცვლაზე 29 ივლისს სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა მხარეები იუწყებიან, რომ ჯერჯერობით პროგრესი არ იქნა მიღწეული. ბლინკენი სატელეფონო საუბარს "გულწრფელ და პირდაპირ ლაპარაკად" ახასიათებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ ლავროვმა ბლინკენს პატიმართა შესაძლო გაცვლის თაობაზე "მყარად ურჩია" დაბრუნება "მშვიდ დიპლომატიასთან". CNN-ის თანახმად, უცნობია, სატელეფონო საუბარში კრასიკოვიც თუ განიხილეს.

ტელეკომპანიას გერმანიის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა წყარომ შეატყობინა, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს არაფორმალურად მიმართეს იმის თაობაზე, რამდენად იქნებიან ისინი მზად კრასიკოვი ჩაერთოს პატიმართა გაცვლაში. აშშ-ის წარმომადგენელი ამ კომუნიკაციას ახასიათებს კრასიკოვის სტატუსის შესახებ მოკვლევად.

ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ბერლინის პარკში. ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა ტერორიზმის ბრალდებით. ხანგოშვილი გერმანიაში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა.

პოლიციამ მკვლელობის დღესვე დააკავა ეჭვმიტანილი, ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. 2021 წლის დეკემბერში გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს. პროკურორები აცხადებდნენ, რომ მას ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებმა დაუკვეთეს.