გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაცემული მასალების საფუძველზე.
საქართველოს პროკურატურის პრესცენტრიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გადამეტებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 164-ე პრიმა მუხლებით.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა" გაასაჯაროვეს ინფორმაცია და ათობით დოკუმენტი, რომელიც ეხება, სავარაუდოდ, სახელმწიფო რესურსების უკანონო გამოყენებით, ფაქტობრივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პარტიის სასარგებლოდ ხმების შეგროვებას. დოკუმენტაცია მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა იოსებ გოგაშვილმა გადასცა.
ასევე ნახეთ როგორ შეაგროვო საარჩევნო ხმები - მმართველი გუნდის რეცეპტი „გოგაშვილის ფაილებიდან“გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.