რუსეთის არამეგობრული ქვეყნების ორი სია - საქართველო არც ერთში არაა

დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრა გერმანიაში. ყველანი რუსეთის "არამეგობრულ ქვეყნებს" წარმოადგენენ, 2022 წლის 26 ივნისი.

ჯერ კიდევ 2018 წელს ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთმა არამეგობრული ქვეყნები უნდა აღნუსხოს. დღეს უკვე არსებობს ორი მსგავსი სია, რომლებშიც 50-ზე მეტი ქვეყანა მოხვდა. მტრულ ქვეყნად საქართველოს აღარც რუსეთის მოსახლეობა მიიჩნევს.

2014 წლის ბოლოს, ჩეხეთის პატარ ქალაქ ვრბეტიცეში იარაღის ორი დიდი საწყობი აფეთქდა. 16 ოქტომბერს - 50 ტონა ტყვია-წამალი, 3 დეკემბერს - 150 ტონა. ორი ადამიანი დაიღუპა. ჩეხეთის ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურება 1 მილიარდ კრონაზე (20 მილიონი ლარი) მეტი დაუჯდა.

2021 წლის 17 აპრილს, გამოძიებამ დაასკვნა, რომ საწყობები რუსეთის ორმა მოქალაქემ გრუ-ს დავალებით ააფეთქა. მოტივი - იქ შენახული ტყვია-წამალი უკრაინას უნდა ეყიდა. ჩეხეთმა ეს „სახელმწიფო ტერორიზმად” შეაფასა და 18 რუსი დიპლომატი გააძევა.

ამ ამბიდან 1 თვეში რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. ამ სიაში მხოლოდ ორი ქვეყანა იყო - ჩეხეთი და აშშ. მოსკოვმა მათ საელჩოებს ახალი თანამშრომლების აყვანა გაურთულა.

ორი სია

უკრაინაში შეჭრისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, კრემლმა სია გააფართოვა და ანალოგიურად გაურთულა საქმე კიდევ 5 ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

მაგალითად, საბერძნეთის საელჩოს რუსეთში 34-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ეყოლება, დანიისას - 20, სლოვაკეთისას - 16. სლოვენიის და ხორვატიის საელჩოები კი საერთოდ ვეღარ აიყვანენ ახლებს.

არსებობს არამეგობრული ქვეყნების მეორე სიაც. ის უკვე ომის დაწყების შემდეგ დამტკიცდა, 22 მარტს. მასში 48 ქვეყანაა. მათ შორის, ევროკავშირის ყველა წევრი, უკრაინა, ავსტრალია, იაპონია, კანადა და სხვები… ყველა მათგანს კრემლი სთხოვს, გაზის საფასური რუბლებში გადაიხადონ. ზოგიერთ დიპლომატსა და პოლიტიკოსს კი რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

ბალტიის ქვეყნების გარდა, ორივე სიაში პოსტსასაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინა მოხვდა. „ახალწვეულები” ბოლოს 24 ივლისს მიიღეს - კუნძული მენი და ბაჰამის კუნძულები.

“მითხარი, ვინაა შენი მეგობარი…”

პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი დარწმუნებულია, რომ ამ სიებით მოსკოვი “არამეგობრებს” ბევრს ვერაფერს დაუშავებს. სია რუსეთის მოქალაქეებზეა გათვლილი, იმის საჩვენებლად, რომ ირგვლივ მხოლოდ მტრები არიან.

“წმინდა წყლის პროპაგანდაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მოსკოვის სისუსტეს აჩვენებს. თანაც, რუსეთის მეგობრების სია მწირია… მოკლედ, მითხარი, ვინაა შენი მეგობარი და მე გეტყვი, ვინ ხარ შენ. ჩემი აზრით, ადრე რუსეთი ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა იყო, ახლა კი მოსაწყენ აზიურ დესპოტიას ემსგავსება”, - ამბობს იგი.

სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი იური ფიოდოროვი “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ, დიდი ალბათობით, რუსეთი მომავალშიც გააფართოებს ამ სიას, რადგან “კრემლის საგარეო პოლიტიკა, ყველაზე ოდიოზური რეჟიმების, მაგალითად, ჩრდ. კორეისა და სირიის გარდა არავის ეხატება გულზე”.
აი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი აცხადებს, რომ რუსეთს მეგობრად მიაჩნია “ყველა, ვინც სიაში არ მოხვდა”.

ხალხი რას ფიქრობს?

“ლევადა-ცენტრი”, რომელიც კრემლისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციად ითვლება, ყოველ წელს ეკითხება რუსეთის მოსახლეობას, რომელი ქვეყანაა, მათი აზრით, მტერი და რომელი მოყვარე.

2022 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო არამეგობრულია. ეს რეკორდია. შარშან “არაკეთილმოსურნედ” საქართველო 15-მა პროცენტმა დაასახელა და ის ათეულში მოხვდა. ყველაზე მეტი 2009 წელს იყო - 62.

ყველაზე არამეგობრულ ქვეყნებს შორის, 8 წელია პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. წელს - ისინი გამოკითხულთა 73%-მა დაასახელა.

საქართველოს არც მეგობარი ქვეყნების ათეულში შეხვდებით. გამოკითხვით, პირველ ადგილზე ბელარუსია - 72%, მეორეზე კი ჩინეთი - 50%. საქართველოს საუკეთესო მეგობრად გამოკითხულთა 7% ასახელებს. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მეტი ხმა საქართველომ მხოლოდ 2019 წელს მიიღო - 8%.