უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ინფორმაცია მთლიანად ეხება რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, რომელიც ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთში მარტიდან მოქმედებს რუსეთის რეგულარულ არმიასთან კოორდინაციით.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, როგორც ჩანს, რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფების მსგავსად, „ვაგნერიც“ პასუხისმგებელია ფრონტის ხაზის განსაზღვრულ მონაკვეთებზე. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ეს არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც 2015 წლიდან ხდებოდა, როცა „ვაგნერი“ რუსეთის რეგულარული სამხედრო მოქმედებებისგან განსხვავებულ ამოცანებს ასრულებდა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინტეგრაციის ახალი დონე კიდევ უფრო ასუსტებს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, კერძო სამხედრო კომპანიის როლი, როგორც ჩანს, იმის გამო შეიცვალა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განიცდის მებრძოლი ქვეითების სერიოზულ ნაკლებობას, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ვაგნერის“ ძალები საკმარისი იქნება ომის ტრაექტორიის არსებითად შესაცვლელად.
ასევე ნახეთ აშშ 10 მილიონ დოლარს გადაიხდის ინფორმაციისთვის "პუტინის მზარეულ" პრიგოჟინის შესახებრუსეთი უკვე წლებია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. "ვაგნერის" მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.