შეხვედრები მოსკოვში - კრემლი ბიჭვინთის მიწის მოლოდინშია, აფხაზები პროტესტისთვის ემზადებიან
ბიჭვინთის სანაპიროს რუსეთისთვის გადაცემას აფხაზეთში მოსახლეობა აპროტესტებს, ე-ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში დაიბარეს, თბილისი კი ისევ სდუმს.
ასლან ბჟანიასა, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რობერტ კიუტი მოსკოვში გუშინ გაემგზავრნენ. ბჟანია უკვე შეხვდა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს. ოფიციალური ინფორმაციით მათ „აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის საკითხები“ განიხილეს, თუმცა ექსპერტები ამ ვისიტს ბჟანიას კრემლში „დაბარებად“ აღიქვამენ.
საპროტესტო ტალღა აფხაზეთში თითქოს ჩაცხრა მას შემდეგ, რაც 21 ივლისს, ე.წ. პარლამენტის დღის წესრიგში ვერ მოხვდა იმ დოკუმენტის რატიფიცირების საკითხი, რომლის საფუძველზეც აფხაზეთის ლიდერებმა მოსკოვი უნდა დაასაჩუქრონ.
მაგრამ ყველა ელოდება, რომ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში ისევ დადგება.
როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზა“ სოხუმიდან იტყობინება ადგილობრივი აქტივისტები და ვეტერანები სოხუმში გაშლილ კარვებში უკვე 22 ივლისიდან შიმშილობენ. ამჟამად ფიზიკურად დასუსტებული მოშიმშილეები ძალებს იკრებენ და უკმაყოფილო ხალხის გაერთიანებას ცდილობენ.
რატომ გახდა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბიჭვინთის სანაპიროს გასხვისება პრინციპულად მიუღებელი? რა პოზიცია აქვს ოფიციალურ თბილისს? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.
კობახიძის ინფორმაციით, ივანიშვილსა და დეგნანს შორის შეხვედრა მეგობრული არ ყოფილა
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ილაპარაკა ბორჯომში, თანაგუნდელებთან შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, ელჩსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა მეგობრული არ ყოფილა.
„პირადი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმისა, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და პასუხი გასცემოდა ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე, რომ იყოს საუბარი, მინიმუმ ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე“, - თქვა კობახიძემ.
გუშინ აშშ-ის ელჩმა გაავრცელა განცხადება, სადაც ერთის მხრივ ადასტურებს, რომ მარტში მართლაც შეხვდა ბიძინა ივანიშვილს (როგორც ეს ივანიშვილმა ერთი დღით ადრე გავრცელებულ წერილში აღნიშნა), და აქვე ელჩი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არასდროს ყოფილა ივანიშვილთან საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე.
ასევე ნახეთ კელი დეგნანის თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს პოლიტიკოსები აფერხებენსააკაშვილის მდგომარეობა და ნიკა მელიას პასუხი მხარდამჭერებს
გუშინ ნიკა მელია გამოეხმაურა იმ მხარდამჭერებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსახსნელად.
მელია წერს, რომ „ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები - სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი“. ის ამ მოწოდებებს „განზრახ მავნებლებად“ მიიჩნევს, იმ ნაწილს კი ვინც სააკაშვილის მდგომარეობით გულწრფელად შეწუხებულია მოუწოდებს "ნუ გახდებიან ამ პროპაგანდის მსხვერპლი“.
„მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს!“,- წერს ნიკა მელია.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ადვოკატები იმედებს სასჯელის გადავადებაზე ამყარებენ. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ინტერპრესნიუსს უთხრა, შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი გადავადების შემდეგ სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანონ.
„პროცედურულად ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, ეს იოლი სამუშაო არ არის, ძირითადი სამუშაო ექიმებმა და ექსპერტებმა ჩაატარეს, ახლა ყველაფერი ფინალშია მისაყვანი, დასკვნით ეტაპზეა, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა საექსპერტო ბიურომ უნდა გასცეს. ჩვენ ვვარაუდობთ ასევე, რომ უცხოელი ექსპერტებიც დადებენ თავიანთ დასკვნებს და მერე შევალთ სასამართლოში შუამდგომლობით, რომ სასჯელის გადავადება მოხდეს, რადგან სასიცოცხლო პარამეტრებში არანაირი გაუმჯობესება და წინსვლა არ არის“, - აცხადებს ადვოკატი.
ომი უკრაინაში: ქალაქ კროპივნიცკიზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
უკრაინის ცენტრალურ ქალაქ კრაპოვნიცკიზე რუსეთის ჯარების სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 25 დაშავდა, - აცხადებს ტელეგრამის არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რაიკოვიჩმა.
ადგილობრივი მაღალჩინოსნის თქმით, რუსული რაკეტები ანგარებს მოხვდა.
"რაკეტების ტიპი დგინდება. რაკეტის ნამსხვრევები ჯერ არ არის ნაპოვნი. ექსპერტები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს სარაკეტო დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია. ანგარებზე ორი დარტყმა განხორციელდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამჟამად, 25 დაჭრილი უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ხუთი ადამიანი დაიღუპა. არის მატერიალური ზარალი", - განაცხადა ანდრეი რაიკოვიჩმა ბრიფინგზე.
გუშინ რუსეთმა იერიში განახორციელა კიევს ოლქზეც. იქ სარაკეტო იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
"ალტ-ინფოს" ფინანსური კრიზისი აქვს, არხი დახურვის საფრთხის წინაშეა
ჰომოფობიური და პრორუსულად განწყობილი ჯგუფების დაფუძნებულ ტელეარხ "ალტ-ინფოს" ფინანსური კრიზისი აქვს. არხი მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, კონსტანტინე მორგოშია ესაუბრა.
"ფინანსებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დამფინანსებლების უმრავლესობას, რომლებსაც ბანკებსა და ორგანიზაციებში ჰქონდათ ბიზნესაქტივობა, მისცეს მითითება, რომ ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს ახსნეს იმით, რომ ამ ბანკების და კომპანიების პარტნიორები არიან უცხოელები, რომლებისთვისაც ეს არის პრობლემა", - ამბობს მორგოშია.
ფინანსური პრობლემები აქვს არამხოლოდ ტელეარხს, არამედ ამავე ჯგუფის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პატია "კონსერვატიულ მოძრაობას".
"პარტიაშიც იგივე პრობლემებია. იქ ცალკე ვმუშაობთ, რა გამოვა, ჯერ ვერ გეტყვით. [პარტიების ოფისების შემცირებაზეც] არის საუბარი, გააჩნია რა ფინანსები გვექნება, მანდედან გამომდინარე ვიმოქმედებთ", - ამბობს კონსტანტინე მორგოშია.
„საქართველოსთვის HIMARS-ების მიცემა შეიძლება, თუ...”- გენერალი რეპასი, აშშ-ის სპეცოპერაციების სარდლობის ყოფილი მეთაური ევროპაში
„რაც უფრო ჭიანურდება ომი უკრაინაში, მით უფრო სუსტდება რუსეთი და ძლიერდება უკრაინა“, - ამბობს ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოფილი მეთაური. გადამდგარ გენერალ-მაიორ მაიკ რეპასს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვაჟა თავბერიძე უკრაინის ომსა და მის გავლენებზე ესაუბრა.
გენერალი მიიჩნევს, რომ ომის ხუთი თვის თავზე რუსეთს გარკვეული წარმატებები აქვს. მან ყირიმი წყლით უზრუნველყო და ჩრდილოეთ ყირიმის არხი ჩაიგდო ხელში, სახმელეთო დერეფანი გაჭრა ყირიმთან, მაგრამ ამით ამოიწურა რუსეთის „აუცილებელი მინიმუმი“.
„ახლა მივადექით „ესეც არ გვაწყენდა“-ს გრძელ სიას. ამ სიაში შედის: ლუგანსკი, რომელიც მოახერხეს და ხელში ჩაიგდეს. ამას დიდ გამარჯვებად გაასაღებენ. უნდათ დონბასიც, და დაახლოებით ნახევარს, ნახევარზე ცოტა მეტს აკონტროლებენ. მაგრამ „გაზი გაუთავდათ“ და დანარჩენი შესაძლოა, ვერც ჩაიგდონ ხელში“, - ამბობს მაიკ რეპასი.
მისი წაიკითხე სრული ინტერვიუ აქ.
მარიამ ბერიაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია. თავის დროზე, მამამისმა, გიორგი ბერიაშვილმა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა საბრძოლველად, შვილის არჩევანს მხარი დაუჭირა - დიდი გეგმებიც ჰქონდა, ოცნებობდა, მარიამი სწავლის გასაგრძელებლად ლონდონში წაეყვანა. „პუტინის ომმა“ მარიამი დააობლა - 18 მარტს გიორგი ბერიაშვილი გმირულად დაიღუპა ქალაქ ირპენთან მომხდარ შეტაკებაში. „შვილის“ ახალი გმირი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ აუცილებლად გაჰყვება იმ გზას, რომელიც გიორგი ბერიაშვილმა გაიარა.