Reuters-ი:კრემლი უკრაინაში თავის საიდუმლო აგენტების ქსელზე აკეთებდა გათვლას

ჩერობილის აეს-ის სარკოფაგი

უკრაინაში შეჭრამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე დიდი ხნით ადრე, კრემლმა დაიწყო თავისი საიდუმლო აგენტების ქსელის შექმნა უკრაინაში, რომელსაც დიდი წვლილი უნდა შეეტანა სამხედრო ინტრვენციის წარმატებაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაშია ნათქვამი.

Reuters-ის წყაროების თანახმად (სააგენტო ეყრდნობა ხუთ ადამიანს, რომლებიც სავარაუდოდ იცნობდნენ ომისთვის სამზადისში კრემლის გეგმებს ), რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იმაზე ჰქონდა გათვლა, რომ ინტერვენციის დაწყებისთანავე კრემლის მიერ შექმნილი აგენტების ქსელი ხელს შეუწყობდა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უკრაინიდან გაქცევას, მიაღწევდა მის მიერ ძალაუფლების დათმობას ან კაპიტულაციას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, შეჭრის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგა, - ჯიუტად აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებთან ინტერვიუებსა და უკრაინის სასამართლოების დოკუმენტებზე დაყრდნობით, "როიტერი" ირწმუნება, რომ რუსეთის აგენტების ქსელი უფრო ღრმა და ვრცელი იყო, ვიდრე ადრე ეგონათ. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთს სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებს შორის აგენტები ჰყავდა ჩანერგილი.

კერძოდ, ამტკიცებენ, რომ რუსი აგენტების ქმედებების შედეგი იყო ომის პირველ დღეებში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ჩაბარება ბრძოლის გარეშე. ატომური ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ტვიტერი, ისევე როგორც უკრაინის სპეცსამსახურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილი.

Reuters-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ მოსკოვი უკრაინაში ძალაუფლების შეცვლას გეგმავდა. კერძოდ, წყაროების თანახმად, მარიონეტულ მთავრობას სათავეში უნდა ჩასდგომოდა უკრაინის ვერხოვნა რადას ყოფილი პრორუსი დეპუტატი, ოლეგ ცარევი, რომელიც რუსეთში 2014 წლიდან ცხოვრობს. მან მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას, მაგრამ ამის შემდეგ საოკუპაციო ადმინისტრაციებში არც ერთი პოსტი არ დაუკავებია.

რუსეთის გეგმა სხვა მიმართულებითაც ჩაიშალა. რუს სამხედროებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვება აპრილის დასაწყისში, კიევიდან უკან დახევის შემდეგ მოუწიათ.

თუმცა კრემლის ნაწილობრივ წარმატებას "როიტერის" წყაროები იმ ფაქტს უწოდებენ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური ძულებულია ბევრი დრო დაუთმოს მათ შორის საკუთარ რიგებში რუსეთის აგენტების ძებნას. სწორედ ისეთ თანამშრომელთა დიდი რაოდენობა, რომლებიც რუსეთზე მუშაობაში იყვნენ ეჭვმიტანილი, იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ივან ბაკანოვის გადადგომა განაპირობა.