„საქართველოსთვის HIMARS-ების მიცემა შეიძლება, თუ...”- გენერალი რეპასი, აშშ-ის სპეცოპერაციების სარდლობის ყოფილი მეთაური ევროპაში

გენერალი მაიკ რეპასი

„რაც უფრო ჭიანურდება ომი უკრაინაში, მით უფრო სუსტდება რუსეთი და ძლიერდება უკრაინა“, - ამბობს ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოფილი მეთაური. გადამდგარ გენერალ-მაიორ მაიკ რეპასს ვაჟა თავბერიძე უკრაინის ომსა და მის გავლენებზე ესაუბრა.  
რუსეთი ისევ ის ძაღლია, რომელიც „მანქანას“ მისდევს, ჯერ ვერ დაიჭირა.

რადიო თავისუფლება: საინტერესო მეტაფორის ავტორი ბრძანდებით რუსეთ-უკრაინის ომზე: ერთი კვირის დაწყებული იყო, როდესაც განაცხადეთ, რუსეთი ის ძაღლი გამოდგა, რომელიც მანქანას მისდევს და დაიჭერსო. დღეს რას იტყოდით, როგორაა საქმე - დაიჭირა ძაღლმა მანქანა?

გენერალი მაიკ რეპასი: კარგი კითხვაა - ვფიქრობ, რუსეთი ისევ მისდევს „მანქანას“, ჯერ ვერ დაიჭირა, და აი, რატომ: მათ გარკვეული წარმატებები აქვთ - ძირითადად ორ რამეს მიაღწიეს: ყირიმი წყლით უზრუნველყვეს და ჩრდილოეთ ყირიმის არხი ჩაიგდეს ხელში. იმ შესაძლო ამოცანებიდან, რომელიც რუსულ არმიას შეიძლება ჰქონოდა ამ ომში, ეს ორი აბსოლუტურად აუცილებელი კომპონენტი იყო. ამას გარდა, სახმელეთო დერეფანი გაჭრეს ყირიმთან, რაც კარგია მათთვის, მაგრამ არა კრიტიკული ან სასიცოცხლო მნიშვნელობის. ამით ამოიწურა რუსული „აუცილებელი მინიმუმი“ - ის, რაზეც რუსები იტყოდნენ: ეს უცილობლად ჩვენს ხელში უნდა იყოს. ახლა მივადექით „ესეც არ გვაწყენდა“-ს გრძელ სიას. ამ სიაში შედის: ლუგანსკი, რომელიც მოახერხეს და ხელში ჩაიგდეს. ამას დიდ გამარჯვებად გაასაღებენ. უნდათ დონბასიც, და დაახლოებით ნახევარს, ნახევარზე ცოტა მეტს აკონტროლებენ. მაგრამ „გაზი გაუთავდათ“ და დანარჩენი შესაძლოა, ვერც ჩაიგდონ ხელში. ასე რომ, დიახ, ისევ მისდევენ ამ „მანქანას“. ახლახან, ბატონმა ლავროვმა საინტერესო რამ განაცხადა: დონბასი და ლუგანსკი მხოლოდ დასაწყისია, ზაპოროჟიე და დანარჩენი ოლქებიც გვინდაო. ასე რომ, რუსეთს მთელი უკრაინის გადაყლაპვაზე ხელი ჯერაც არ ჩაუქნევია. ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოახერხებენ ამას, მაგრამ კიდეც რომ მოახერხონ, შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.

40 მილიონი ადამიანის ეროვნულ იდენტობას ვერ ჩაახშობ. არ გამოუვათ.

რადიო თავისუფლება: ანუ, თუ ძაღლი მანქანას დაეწევა...

გენერალი მაიკ რეპასი: ვეღარაფერს უზამს. ეს იგივეა, პითონმა რომ მაჩვზღარბას შეჭმა მოინდომოს - გადაყლაპვით შეიძლება გადაყლაპოს, მაგრამ ვეღარ მოინელებს. რუსეთისთვის ზედმეტად მტკივნეული იქნება უკრაინის ჯერ ჩაყლაპვაც, და მერე მონელებაც. ეს წარმოუდგენელია. 40 მილიონი ადამიანის ეროვნულ იდენტობას ვერ ჩაახშობ. არ გამოუვათ.

რადიო თავისუფლება: მთელი უკრაინის ოკუპაციაზე რა გითხრათ, მაგრამ ფაქტია, ამჟამად რუსეთს ევროპის უდიდესი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული. მოახერხებს ამ ოცი პროცენტის შენარჩუნებას?

პარადოქსია, მაგრამ რუსები „კაცნაკლულები“ არიან უკრაინაში ომში - ხალხი არ ჰყოფნით.

გენერალი მაიკ რეპასი: ფაქტია ის, რომ იმის შენარჩუნებაც უჭირთ, რაც ახლა აქვთ. და ამის გასაღები რუსული არმიის სტრუქტურულ ნაკლოვანებებში იმალება. კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს როტაცია უწევთ, და მათი უფრო და უფრო მცირე ნაწილი ბრუნდება უკან, ომის გასაგრძელებლად. ახალწვეულები, რომლებითაც ისინი დანაკარგების ჩანაცვლებას ცდილობენ, „უხარისხოები“ არიან, დაბალი საბრძოლო მომზადება აქვთ... ეს კი პირდაპირ ყველაზე მგრძნობიარე წერტილებში ურტყამს: მათ ტექნიკურ მხარდაჭერას, რადიოელექტრონულ საბრძოლო საშუალებებს, შორი მოქმედების არტილერიას, დაზვერვას და მსგავს დანაყოფებს. ნებისმიერი საბრძოლო მფრინავი საშუალება - ვერტმფრენი იქნება თუ თვითმფრინავი, აი, სწორედ მათზე აისახება პროფესიონალი ჯარისკაცების ნაკლულობა. ამ პრობლემის „რიცხვებით გადაფარვა“ შეიძლებოდა, როგორც სტალინმა თქვა: „რაოდენობა თავისთავადაც გულისხმობს ხარისხს” (ეს სიტყვები, თუმცა მათ ხშირად სტალინს მიაწერენ, რეალურად ენგელსს ეკუთვნის - რედ.), მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეცხადებინა ოფიციალური მობილიზაცია. ეს კი ნიშნავს, რომ რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რუსები „კაცნაკლულები“ არიან უკრაინაში ომში - ხალხი არ ჰყოფნით. პუტინი მისივე შექმნილი სტრატეგიული პრობლემის გადაჭრას ცდილობს - ცდილობს იმ ძალებით მოიგოს ომი, რაც თავიდან შემოიყვანა თამაშში. და ამისთვის საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს. ამიტომ გაუჭირდება იმის შენარჩუნებაც, რასაც ახლა აკონტროლებს.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად ამისა, რიცხობრივიც და საარტილერიო უპირატესობაც ისევ რუსების მხარეზეა. რა არის საჭირო ძალების გასათანაბრებლად?

რუსების ლოგისტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რკინიგზის მიღმა უსუსურები არიან.

გენერალი მაიკ რეპასი: უფრო სპეციფიკურად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს შეუზღუდავ ომთან რუსების მხრიდან - ისინი მზად არიან, ნებისმიერი რამე ან ვინმე ამოიღონ მიზანში უკრაინაში და გაანადგურონ. ნგრევის მასშტაბი მათ არ ანაღვლებთ და არც ჟენევის კონვენცია ედარდებათ. ამისგან განსხვავებით, უკრაინელები საკუთარ მიწაზე ომობენ და საკუთარ მიწას, საკუთარ ინფრასტრუქტურას, თუნდაც ამჟამად რუსების მიერ კონტროლირებულს, ისეთივე ხელაღებით ვერ ამოიღებენ მიზანში. რუსებს სამ-ნახევარჯერ მეტი შორი მანძილის საარტილერიო დანადგარი აქვთ. თუ უკრაინას 3-5 ათასამდე საარტილერიო გასროლის განხორციელება შეუძლია, ამის საპასუხოდ, 1300-მდე ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის ხარჯზე, რუსებს შეუძლიათ 20-30 ათასამდე გასროლით უპასუხონ. ასე რომ, რიცხობრივად უკრაინის სარაკეტო შესაძლებლობები ბევრად ჩამორჩება. Რაც შეეხება ხარისხს, ამ მხრივ ორმა ახალმა ფაქტორმა სიტუაციის დასტაბილურება დაიწყო - უკრაინაში შორი მანძილის, ზუსტი მოქმედების საარტილერიო სისტემების შესვლამ, განსაკუთრებით ეს ეხება M777-ს ჰაუბიცას, რომელსაც ზუსტი ცეცხლის გახსნა, თუ არ ვცდები, დაახლოებით 32 კილომეტრის რადიუსზე შეუძლია. კიდევ უფრო „საინტერესოა” კიდევ უფრო შორი მანძილის საარტილერიო სისტემები, რომლებიც ძალიან ზუსტია. მათ უკრაინა არა მარტო ამერიკისგან, არამედ ნატოს სხვა მოკავშირეებისგანაც იღებს. HIMars and MLRS ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს შეუძლიათ მიზანს 70 კილომეტრის მანძილზე მისწვდნენ. მაგრამ მანძილი მხოლოდ ერთი ფაქტორია ამ თამაშში - მეორე ფაქტორია მაქსიმალური სიზუსტე, რადგან უკრაინას მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების შეზღუდული რაოდენობა აქვს. აქ კი უკვე თამაშში შემოდის როგორც დრონები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია. საბოლოო ჯამში, როგორც ვნახეთ, უკრაინა მაღალი სიზუსტის „სურათს“ იღებს და ზუსტად ურტყამს რუსული არმიის სტატიკურ, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს - იქნება ეს აღჭურვილობის საწყობები, ხიდები, რკინიგზა, სამეთაურო პოსტები, რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებები, გადაჭერისა და ჩახშობის შესაძლებლობები. ეს ყველაფერი უკიდურესად ფასეულია რუსებისთვის, მათი „სამხედრო ოპერაციის“ წარმატებისთვის. უკვე ვნახეთ, რომ მათ მოუწიათ შენელება და „ოპერაციული პაუზის“ აღება. თუ მათ მოუწევთ, მაგალითად, ამუნიციის საწყობების ფრონტიდან 70 კილომეტრს მიღმა „გადაჩოჩება“, ეს გაზრდის იმ დროს, რაც რუსებს ტექნიკის ფრონტის ხაზთან მისაყვანად დასჭირდებათ. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ რუსების ლოგისტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რკინიგზის მიღმა უსუსურები არიან.

რუსეთს არ აქვს იმის ფუფუნება, ეს ომი წააგოს. მაგრამ ვიტყოდი შემდეგს: ის „უძლეველობის მანტია“, რომელიც რუსებს ცივი ომის შემდეგ ჩვენვე მოვასხით, ჩამოგლეჯილია. მეტიც, თვითონვე ჩამოიგლიჯეს, თავადვე დაამსხვრიეს საკუთარი უძლეველობის მითი.

რადიო თავისუფლება: რადგან რიცხვებით ვსაუბრობთ - დაახლოებით რა რაოდენობის HIMARS-ი და ეკვივალენტური სისტემა დასჭირდება უკრაინას, რათა პუტინს არა უბრალოდ „საჯდომი აუწვას“, არამედ ათქმევინოს: ჩვენი საქმე არც ისე კარგადაა?

გენერალი მაიკ რეპასი: ახლა დაახლოებით 24-მდე მსგავსი სისტემა აქვთ, და მეტს ელოდებიან. ვიტყოდი, რომ ორი ამდენი მაინც სჭირდებათ. ამას გარდა, ნორვეგიისგან, ამერიკისგან და ბრიტანეთისგან ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს იღებენ, ესენიც დაახლოებით 50-დან 100-მდე დასჭირდებათ. და დასჭირდებათ საკმარისი საბრძოლო მასალა ეფექტიანად „სამუშაოდ“. ასეთ შემთხვევაში ძალთა თანაფარდობა შეიცვლება.

რადიო თავისუფლება: სამხედრო ანალიზიდან გეოპოლიტიკაზე გადავინაცვლოთ - იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მისი საერთაშორისო რეპუტაცია სხვების დაშინებას, სამხედრო ძალით „კუნთების თამაშს“ ემყარება - შეუძლია თუ არა რუსეთს, გარისკოს ამ ომში დამარცხება? ან თუნდაც დაუშვას, რომ დამარცხებულად გამოჩნდეს?

გენერალი მაიკ რეპასი: ცალსახად არა, რუსეთს არ აქვს იმის ფუფუნება, ეს ომი წააგოს. მაგრამ ვიტყოდი შემდეგს: ის „უძლეველობის მანტია“, რომელიც რუსებს ცივი ომის შემდეგ ჩვენვე მოვასხით, ჩამოგლეჯილია. მეტიც, თვითონვე ჩამოიგლიჯეს, თავადვე დაამსხვრიეს საკუთარი უძლეველობის მითი, რომ ანგარიშგასაწევი ძალა არიან და მათთან ხუმრობა ძვირად დაგიჯდება. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ამ არმიამ რომ ნატოსთან დაპირისპირება სცადოს? რამდენიმე დღეში კატასტროფულად დამარცხდებოდნენ და პუტინს ალბათ ბირთვული ღილაკის გამოყენება მოუწევდა თავის გადასარჩენად. რაც უფრო ჭიანურდება ომი უკრაინაში, მით უფრო სუსტდება რუსეთი და მით უფრო ძლიერდება უკრაინა. და ვინ აკვირდება ყველაფერ ამას დიდი ინტერესით? ჩინეთი, რომელსაც რეგიონული ამბიციები აქვს ტაივანთან მიმართებით. ჩრდილო კორეა. ირანი, რომელსაც განუზომელი ტერიტორიული ამბიციები აქვს ახლო აღმოსავლეთში, რათა „დიადი ირანი“ აღადგინონ, ლიბანის, სირიის, ერაყის, იემენის ხარჯზე. ყველა, ვისაც საზღვრების გადახედვა უნდა, გულდასმით აკვირდება სიტუაციას უკრაინაში, და აკვირდება, რას მოიმოქმედებს დასავლეთი. მისცემს კი იგი რუსეთს უფლებას, ეს ტერიტორიული ექსპანსია შერჩეს? თუ პასუხია - დიახ, თუ რუსეთს ეს შერჩება, მაშინ უნდა ველოდოთ მეტ „სიახლეებს“ წყნარი ოკეანის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში, რადგან რევიზიონისტი მოთამაშეები არ დაახანებენ. ჩვენ არ შეგვიძლია მწვანე შუქი ავუნთოთ საზღვრების სამხედრო ძალით შეცვლას. 90-იანი წლები გავიხსენოთ - როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა-უფროსმა თქვა: საკმარისია! თქვა, რომ არ შევეგუებოდით ერაყის მიერ კუვეიტის დაპყრობას. მსურველთა კოალიცია შეიკრა, რომელიც ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში და ერაყი კუვეიტიდან გამოაგდო. დღესაც გვჭირდება მსგავსი მსურველთა კოალიცია, რომელსაც ძალაც უნდა შესწევდეს და „ხელებიც ხსნილი ჰქონდეს”, რათა რუსეთი უკრაინიდან გამოაგდოს - ან აიძულოს, თავისი ნებითვე გავიდეს, ანაც კინწისკვრით გამოყაროს.

თუ დასავლეთი თავს უფლებას მისცემს, რუსეთს ეს ტერიტორიული ექსპანსია შეარჩინოს, მაშინ უნდა ველოდოთ მეტ „სიახლეებს“.

რადიო თავისუფლება: და როგორ ატყობთ - ხედავთ დღეს მსგავს სულისკვეთებას, ამისთვის მზადყოფნას დასავლეთში?

მაიკ რეპასი: ჯერ ვერა. მაგრამ ვხედავ ძლიერ პოლიტიკურ ნებას ნატოში - ალიანსის შიგნით მე ვხედავ მტკიცე გადაწყვეტილებას, გააძლიერონ უკრაინა. რაც მადარდებს, არის ის, რომ დასავლეთში შემდეგი 8 თვე რთული პერიოდი გველის - ევროპაში მოგვიწევს გადავიტანოთ ენერგეტიკული, დანარჩენ სამყაროში კი სურსათის კრიზისი, რომლის შემოქმედი და არქიტექტორიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია. ეს დასავლურ დემოკრატიებში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. მაგრამ ის ქვეყნები, სადაც საკვების სიმცირის გამო არასტაბილურობაა, მხედველობაში მაქვს უწინარესად ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა და ზოგიერთი სამხრეთაზიური ქვეყანა - ეს ქვეყნები დადგებიან წარმოუდგენელი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე. დასავლეთში კი, ხალხი ამას ერთხელ გაივლის და შემდეგ იტყვის - არა, მეორედ ამის გამეორებას არ დავუშვებთ. პუტინი თუ გაზს „მოკეტავს“, ევროპა იტყვის - რუსების ჭკუაზე სიარულს აღარ ვაპირებთ, ცივი ზამთარი აღარ გვინდა, ერთხელ უკვე გამოვცადეთ. ასე რომ, დრო პუტინის წინაღმდეგ მუშაობს - საათი ჩართულია.

დღესაც გვჭირდება მსგავსი მსურველთა კოალიცია, რომელსაც ძალაც უნდა შესწევდეს და “ხელებიც გახსნილი” ჰქონდეს, რათა რუსეთი უკრაინიდან გამოაგდოს - ან აიძულოს, თავისი ნებითვე გავიდეს, ანაც კინწისკვრით გამოყაროს.

რადიო თავისუფლება: ერთგვარ დილემასთან მივედით. თუ რუსეთს არ შეუძლია, თავს უკან დახევის უფლება მისცეს და, ამავდროულად, დასავლეთისთვის წარმოუდგენელია, რუსეთს ეს შეარჩინოს - სად მივყავართ მაშინ ამ ყველაფერს?

გენერალი მაიკ რეპასი: შესანიშნავი კითხვაა. რომელიმეს მოუწევს დათმობა. დათმობს ის, ვისაც ომის მუდმივად გაგრძელების თავი აღარ ექნება. დასავლეთსა და რუსეთს შორის ასეთი რუსეთია, იმიტომ რომ არ აქვს მატერიალური რესურსი და ინდუსტრიული შესაძლებლობა, რომ ბრძოლა უსასრულოდ გააგრძელოს, დასავლეთი კი ახლა ქოქავს ინდუსტრიულ შესაძლებლობებს. ამას გარდა, პუტინმა უნდა განაგრძოს „დიდი ტყუილის“ შეთავაზება შიდა მოსახლეობისთვის - მაგრამ ყველაზე მაგარი ტყუილიც კი ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. და როდესაც რუსეთში მიხვდებიან, რომ ისინი ყველანი გააცურეს, მისი დღევანდელი მხარდაჭერა აორთქლდება. პუტინს კიდევ ერთი ნელი მოქმედების ნაღმი უჭირავს ხელში: მისი ახალწვეულები ურბანული ელიტის წარმომადგენლები არ არიან - ეს მისი „იატაკქვეშა“ მობილიზაცია რუსეთის სამ უდიდეს ქალაქს არ ეხება. რატომ? და რა მოხდება, როდესაც მათი ჩარევაც გახდება საჭირო? პუტინმა იცის, რომ თუ მათ მხარდაჭერას დაკარგავს, მისი საქმე წასულია.

რადიო თავისუფლება: და აქ მივდივართ იმ ფაქტორთან, რომელსაც აქამდე კომფორტულად ვარიდებდით თვალს - ბირთვული არსენალი. ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც უფრო კუთხეშია მიმწყვდეული პუტინი, მით უფრო სახიფათო იქნება იგი. ამას კი მივყავართ კითხვებთან, რომელიც ალბათ დღეს დასავლეთის ყველა ლიდერს უტრიალებს თავში: მაინც რამდენად თავზეხელაღებულია ეს კაცი? რაზეა წამსვლელი? არსებობს თუ არა მისთვის რაიმე წითელი ხაზები?

გენერალი მაიკ რეპასი: საინტერესო კითხვაა, არასოდეს უკითხავთ ჩემთვის, რუსეთს აქვს თუ არა რაიმე წითელი ხაზები. ალბათ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ყველა სავარაუდო წითელ ხაზს აბიჯებენ. მათთვის წითელი ხაზი იქნებოდა ნატოს მობილიზება უკრაინაში რუსეთთან საომრად. აი, ეს იქნებოდა ერთობ „საინტერესო“ წითელი ხაზი. წითელი ხაზი იქნებოდა ასევე ქვეყნების კოალიცია, რომელსაც სურვილი ექნებოდა დაპირისპირებაში ჩართვის, რათა ძალის გამოყენებით გაეხსნა საზღვაო გზები მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ფორმალური შეთანხმების მიღმა, რაც ახლა მოქმედებს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ ამ წითელი ხაზებიდან. კიდევ ბევრი სიმახინჯე და საშინელება უნდა მოხდეს, რომ ამ წითელ ხაზებს მივუახლოვდეთ.

[ოდესის პორტის დაბომბვაზე]: „ეს მეტყველებს მორალურ ხრწნაზე როგორც რუსეთის მთავრობაში, ასევე რუსულ არმიაში.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება პორტების ბლოკადას - რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა სტამბოლის „ხორბლის შეთანხმებიდან“ ზუსტად ერთი დღის შემდეგ. რაზე მეტყველებს ეს?

გენ. მაიკ რეპასი: ეს წინასწარგანზრახული აქტი იყო. მათ მაღალი სიზუსტის, შორი მოქმედების საცეცხლო სისტემა გამოიყენეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ეს მეტყველებს როგორც რუსეთის მთავრობის, ასევე რუსული არმიის მორალურ გახრწნილებაზე. რუსეთის ეს მზაკვრული თამაში კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მათი ნდობა შეუძლებელია, როდესაც საქმე საერთაშორისო შეთანხმებებს ეხება.

რადიო თავისუფლება: ბოლოს საქართველოზეც გკითხავთ: დასავლური სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩაედინება. ხომ არაა ეს შესაძლებლობის ფანჯარა რუსეთის იმ მეზობლებისთვის, რომელთათვისაც კრემლი ეგზისტენციალური საფრთხეა, რომ ხელი ასწიონ და თქვან: ჩვენც გვინდა, ჩვენც მოგვეცით? Himars-ები საქართველოსთვის - ხომ არ გაუშვა შანსი საქართველომ?

ძნელი წარმოსადგენი არაა სცენარი, სადაც რუსები იფიქრებენ: ბარემ საქართველოც გავაყოლოთ ხელს, დასავლეთი მაინც არ ჩაერევა, რადგან თავდაცვითი ხელშეკრულება არ აქვთ.

გენერალი მაიკ რეპასი: არა, არ ვფიქრობ, რომ მათ შანსი ხელიდან გაუშვეს. ამ მომენტში მათ ეს არ სჭირდებათ. რუსეთმა გამოლია საკუთარი კონტინგენტი თავის ორ ქართულ ანკლავში, რადგან ეს ხალხი უკრაინაში სჭირდებოდათ. ამიტომ ახლა რუსეთს იმის თავი არ აქვს, პარალელური თავდასხმითი ოპერაცია წამოიწყოს. მაგრამ თუ სიტუაცია შეიცვლება - თუ მაგალითად ისინი გამარჯვებას გამოაცხადებენ უკრაინაში, ძნელი წარმოსადგენი არაა სცენარი, სადაც რუსები იფიქრებენ: ბარემ საქართველოც გავაყოლოთ ხელს, დასავლეთი მაინც არ ჩაერევა, რადგან თავდაცვითი ხელშეკრულება არ აქვთო. დავუბრუნდეთ ზემოთ ხსენებულ ნარატივს: კიდევ ვინ აკვირდება ამ ომს? აკვირდება საქართველო, აკვირდება აზერბაიჯანი, რადგან სწორედ რუსული სამშვიდობო ბრიგადა ცდილობს სიტუაციის გაკონტროლებას ბაქოსა და ერევანს შორის, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. ასე რომ, ამ ომს ბევრი მაყურებელი ჰყავს. ამ ეტაპზე არ მგონია, ჰორიზონტალური ესკალაციის გამოწვევა გვჭირდებოდეს იმით, რომ საქართველოს HIMARS-ები მივცეთ. მაგრამ ეს განხილვადი ვარიანტია, რუსეთის შესაჩერებლად, თუ მათ ისევ შეაწუხებთ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ავანტიურის იდეა.