მუხთარლი: დადასტურდა, რომ ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, პროკურატურამ ის უნდა დაკითხოს

აზერბაიჯანელი დისიდენტის, აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გატაცების 5-წლიანი უშედეგო გამოძიებაში ახალი გარემოება გაჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მუხთარლის გატაცების დავალებაში ბრალი დასდო მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს.

აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კიდევ ერთხელ აპირებს თბილისში ჩამოსვლას, რათა შეეცადოს, პროკურატურას მისი საქმის გამოძიება ბოლომდე მიაყვანინოს.

- 2022 წლის 9 ივნისს, თქვენ თქვით, რომ ივანიშვილის დავალებით გაგიტაცეს. დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ იგივე განაცხადა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა. რას ცვლის ეს გარემოება?

ძალიან ბევრს ცვლის. პირველ რიგში, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დავალებით გამიტაცეს და ამის უკან იდგა [ბიძინა] ივანიშვილი.

გამიტაცა კრიმინალურმა პოლიციამ, უსაფრთხოების სამსახურმა, [ჩართული იყო] საბაჟო სამსახური. ამდენი უწყება სახელმწიფოს ლიდერის დავალების გარეშე ამ ოპერაციას ვერ შეასრულებდა.

ვფიქრობ, შს მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან სანამ ის იკავებს პოსტს და პროკურატურა მისი ზეწოლის ქვეშაა, გამოძიება არაფერს გააკეთებს მინისტრის წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ევროკავშირისგანაც იქნება წნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე.

- სამართლებრივად როგორ გამოიყენებთ ამას საქმეში?

უკვე მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ გოგაშვილის დაკითხვა. როგორც ვიცი, თვითონაც მზადაა მისცეს ჩვენება. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება.

პროკურატურამ, ასევე, უნდა დაკითხოს ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

- გოგაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის დავალებით წაიშალა ვიდეო მტკიცებულებები თქვენს საქმეში. 5 წელია მიმდინარეობს გამოძიება. კიდევ გაქვთ იმედი, რომ შედეგი დადგება?

გოგაშვილის განცხადება უკვე არის შედეგი. ის იყო დიდი თანამდებობის პირი და ახლა არის მოწმე ამ საქმეზე.

ვფიქრობ, რომ ყველა ფაილი არ იქნება წაშლილი. ასე არ ხდება ხოლმე. ვიღაც რაღაცას მაინც შეინახავდა. ადრე თუ გვიან ამ კადრებსაც ვიხილავთ.

- გასულ წელს პირველად იყავით თბილისში, თქვენი გატაცებიდან 4 წლის შემდეგ. თუ აპირებთ ისევ ჩამოსვლას?

ერთი წელია პროკურატურას აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია - არაფერი დაუწერიათ, არავინ გამოუკითხავთ.

ძალიან მალე, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას, თბილისში ჩამოვალ.

***

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი დისიდენტი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს გაუჩინარდა და მოგვიანებით ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს, თუმცა მუხთარლის მტკიცებით, ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს.

2020 წლის მარტში მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც ის ამ დრომდე ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.