21 ივლისს ევროპის საბჭომ დაამტკიცა სანქციების მორიგი, მეშვიდე პაკეტი, რომელიც ოდნავ მოკრძალებულია წინებთან შედარებით.
ამჯერად რუსული გაზის და ნავთობის შემცირება დღის წესრიგში არ დგას. სამაგიეროდ, ევროკავშირი კრძალავს რუსეთში წარმოებული ოქროს შემოტანას და აფართოებს სანქციებს სამხედრო მრეწველობის საქონლისთვის. სანქცირებულთა სიაში მოხვდა ასევე 57 ადამიანი და 10 ორგანიზაცია. მათ შორის, სბერბანკი, მოძრაობა იუნარმია, გორჩაკოვის ფონდი (რომელიც ასევე მუშაობს „ქართულ-რუსულ დიალოგზე) და მოტოკლუბი „ღამის მგლები”.
ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა მოტოკლუბის მთელ ხელმძღვანელობას. რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, აქტივები გაუყინეს „ღამის მგლების” ევროპის წარმომადგნელობის ხელმძღვანელს, სლოვაკეთის მოქალაქე ჟოზეფ ჰამბალეკს.
ღამის მგლები?
„ღამის მგლების” წარმომადგენლობები გახსნილია 48 ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირშიც: გერმანიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, ლატვიასა და ჩეხეთში.
საქართველოში ბევრმა ისინი 2017 წელს გაიცნო, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსი ბაიკერები საცხრამაისოდ თბილისში ჩამოსვლას და „გამარჯვების დღის” აღნიშვნას აპირებდნენ.
3 მაისს 50-მდე ბაიკერი ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს. ისინი პერფორმანსს „გამარჯვების გზა ბერლინისკენ“ რიგ-რიგობით მართავდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ნაციონალისტური და ქსეონოფობიური პოზიციის გამო ისინი პოლონეთშიც არ შეუშვეს.
1989 წელს დაფუძნებული „ღამის მგლები” აქტიურად უჭერენ მხარს ვლადიმირ პუტინს და მის დღის წესრიგს. ამისთვის კი წლებია ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონ რუბლს იღებენ.
2014 წელს „ღამის მგლებმა” ღიად დაუჭირეს მხარი ყირიმის ანექსიას და მათი წევრები იბრძოდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში, როგორც ისინი აცხადებდნენ, „უკრაინელი ნაცისტების წინააღმდეგ”.
22 თებერვალს, ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე, „ღამის მგლების” ლიდერმა ალექსანდრ ზალდასტანოვმა (მეტსახელად ქირურგმა), სხვა ბაიკერებთან ერთად ვიდეო ჩაწერა. მან მოუწონა პუტინს გადაწყვეტილება, ეღიარებინა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები და თქვა, რომ რუსეთმა ისინი უნდა გადაარჩინოს.
„მტერი კარზეა მომდგარი. იქ, დონბასში, ჩვენი ძმები და დები არიან. ისინი მტერს თავს შეაკლავენ, მაგრამ არ მისცემენ მოღალატეებს შესაძლებლობას, წაბილწონ ძეგლები და საფლავები… “ღამის მგლები” მზად ვართ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ფრონტზე დავუჭიროთ მხარი დონბასს და ყველას, ვინც თავს რუსეთთან აიგივებს”, - თქვა ზალდასტანოვმა.
გამოსვლის დასასრულს ღამის მგლებმა ერთხმად შესძახეს, რომ „დონბასი და კიევი რუსეთია, კოსოვო კი - სერბეთი”.
წვრთნები ტანკით და ბეტეერებით
„ღამის მგლების“ საქმიანობა მხოლოდ მოტოციკლეტებზე კატაობით და ულტრამემარჯვენე იდეების გავრცელებით არ შემოიფარგლება.
2018 წლის გაზაფხულზე, დღეს სანქციებდადებულმა „ღამის მგელმა”, ჟოზეფ ჰამბალეკმა სლოვაკეთის პატარა სოფელ დოლნა კრუპაში ბანაკი გახსნა. იქ ბაიკერები და კიდევ რამდენიმე სლოვაკური დაჯგუფების წევრები სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ. „ღამის მგელი” დაადანაშაულეს, რომ ის მებრძოლებს ამზადებს აღმოსავლეთ უკრაინაში გასაგზავნად, თუმცა ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა.
სამაგიეროდ, ივნისში გაირკვა, რომ წვრთნების დროს იყენებდნენ ტანკსა და ჯავშანტექნიკას. ჰამბალეკმა ეს დამალა და ამიტომაც ჯარიმა 33 ათასი ევრო გადაიხადა.
სლოვაკეთში „ღამის მგლების” აკრძალვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან. სლოვაკური მედია წერდა, რომ ომის დაწყების წინა დღეს ჰამბალეკი რუსეთის ელჩს შეხვდა.
ჰამბალეკისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ ის ვეღარ იმოგზაურებს სლოვაკეთიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
ეს იშვიათი, თუმცა არა უნიკალური შემთხვევაა. ჰამბალეკი არ არის ევროკავშირის პირველი მოქალაქე, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბრიუსელმა სანქციები დაუწესა. „შავ სიაში” ის შეუერთდა ხორტვატიის მოქალაქეს, ალექსანდრა მელნიჩენკოს, ასევე სანქციებქვეშ მოყოლილი რუსი მილიარდერის ანდრეი მელნიჩენკოს ცოლს; კვიპროსის მოქალაქეს, მილიარდერ ვადიმ მოშკოვიჩს; ფინეთის (ასევე რუსეთისა და სომხეთის) მოქალაქეს, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს და სხვებს.