კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზრის შემოწმების დროს გამოავლინა ჩინური წარმოების (He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD) კერამიკული თეფშებიდან ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2).

როგორც სააგენტო იუწყება, საქართველოში აღნიშნული პროდუქციის თეფშების (Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB), მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ - სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სააგენტომ ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა.