ვართან მამიკონიანი, მხედართმთავარი და ავარაირის ბრძოლის წინამძღოლი, სომხებმა ეროვნულ გმირად აღიარეს, სომხეთის ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა.
„ასული ვარდანისი სომეხთა სპაჲპეტისაჲ“ - წერს იაკობ ცურტაველი. შუშანიკის დახასიათებაში შუშანიკის მამის, ვარდანის (იგივე ვართანის) ხსენება, უბრალოდ გენეალოგიის აღწერა არ არის. ვართან მამიკონიანი, რომელზეც 21-ე საუკუნის საქართველოში ბევრმა არაფერი იცის, სომხეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. თავის ეპოქაში კი ის იყო ადამიანი, რომელმაც რეგიონის ისტორია შეცვალა.
მე-5 საუკუნე, სომხეთი და საქართველო უკვე წლებია ცდილობენ შეინარჩუნონ ქრისტიანობა, რომელიც წინა საუკუნეში მიიღეს. მათ საზღვართან სპარსეთის უზარმაზარი იმპერიაა, რომელიც ამ ორივე ქვეყანას და კიდევ ალბანეთს თავის ქვეშევრდომებად განიხილავს. სპარსეთში ამ დროს ზოროასტრიზმი, იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობაა გავრცელებული.
მეხუთე საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი „სომხეთის ისტორიში“ ჰყვება, საიდან დაიწყო ამბავი, რომელსაც ომები და უამრავი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
თუკი მანამდე ქართველებისა და სომხების ყოფა მეტ-ნაკლებად ასატანი იყო, ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, სპარსეთის შაჰმა გადაწყვიტა, „წარწყმედილი“ ქვეშევრდომების სულებზე ეზრუნა და სომხეთში წერილი გააგზავნა, მოუწოდა, ზოროასტრიზმი მიეღოთ: „…როდესაც თქვენც ჩვენსავით სცნობთ ჩვენს ჭეშმარიტ რჯულს, ქართლი და ალბანეთი ჩვენი და თქვენი ნების იქით გადასვლას ვერ გაბედავენ“ (ლაზარ ფარპეცის „სომხეთის ისტორია“).
სომხებმა რჯულის შეცვლა არ მოისურვეს. შაჰი სომხებსაც, ქართველებსაც და ალბანელებსაც თავის კარზე იბარებს. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რაც ელოდათ, შაჰთან სამივე ქვეყნის წარმომადგენლები გამოცხადდნენ, მათ შორის ვართან მამიკონიანიც, რომლის ყველა ხსენებაზე ისტორიკოსი წერს: „სომეხთა სპასპეტი და მამიკონიანთა უფალი“.
ვართანი სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საგვარეულოს - მამიკონიანების - წარმომადგენელია, მათი შტოდან ტრადიციულად მხედართმთავრები გამოდიოდნენ, მხედართმთავარი იყო ვართანის მამაც, ხოლო ბაბუა - დედის მხრიდან - კათალიკოსი. ისტორიკოსები ვართანს ახასიათებენ, როგორც უაღრესად წიგნიერ და განათლებულ ადამიანს.
ლაზარ ფარპეცი წერს, რომ მას შემდეგ, რაც დიდგვაროვნები სპარსეთში ჩავიდნენ, შაჰმა მათ რჯულის შეცვლა მოსთხოვა და დაემუქრა, თუ წინააღმდეგობას გასწევდნენ, დედაბუდიანად „დაღუპავდა“.
ისტორიკოსი წერს, რომ ამ სიტყვების მერე ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ვართან მამიკონიანმა შაჰს პირდაპირ მიახალა, შიშის გამო რჯულის გამოცვლას არ ვაპირებო. „ჩემი პასუხი ესაა, რომელ რჯულზეც ვარ, მასზევე მწადია სიკვდილი!“ - თქვა მან.
ვართანისგან განსხვავებით დანარჩენებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს, შაჰისგან გამოსულებმა კი გადაწყვიტეს, ზოროასტრიზმი მოჩვენებითად მიეღოთ, თავიანთ ქვეყანაში ჩასულებს კი ძველებურად ქრისტიანულად ეცხოვრათ, ან საერთოდ ცოლ-შვილიანად გადაკარგულიყვნენ.
ლაზარ ფარპეცი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვართან მამიკონიანი ბოლო წუთამდე არ ეთანხმებოდა. მის დასაყოლიებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. „როგორც განგიზრახავთ ისე მოიქეცით. მე კი ნუ მეუბნებით იმას, რის მოსმენაც კი ნამდვილად შეუძლებელია ჩემთვის, არათუ გაკეთება“, - არ თმობდა სომეხთა სპასპეტი. თუმცა, საბოლოოდ მაინც დაარწმუნეს, რომ სჯობდა ისევ მას დაეთმო, ვიდრე შაჰს სომხეთი, საქართველო და ალბანეთი ერთმანეთის მიყოლებით აეოხრებინა. „[ვართანი] ატირდა და თავს იდვა, დროებით გარეგნულად დაჭრილიყო სამივე ქვეყნისა და მათი კაცთა და ქალთა სიმრავლისათვის“.
ავარაირის ბრძოლა
451 წლის 26 მაისს ვართან მამიკონიანის წინამძღოლობით გაიმართა ბრძოლა, რომელიც ისტორიაში ავარაირის ბრძოლის სახელითაა შესული. სომხების მცირერიცხოვანი ჯარი სპარსეთის იმპერიას დაუპირისპირდა. გარდა მებრძოლებისა, სპარსელებს გამოყვანილი ჰყავდათ მეომარი სპილოებიც, რომლებიც წინასწარ დაათვრეს, რომ უმისამართოდ ეტრიალათ და ხალხი გაეჭყლიტათ.
ამ ბრძოლაში დაიღუპა ვართან მამიკონიანი. დამარცხნენ. თუმცა, სომხეთში მიიჩნევენ, რომ ეს არც იყო დამარცხება, რადგან აჯანყების შემდეგ სპარსეთმა სომხეთს ნება მისცა, საკუთარი რელიგია შეენარჩუნებინა. მოგვიანებით ვართან მამიკონიანი სომხურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, სომეხთა ეკლესია ასევე წმინდანად აღიარებს მის შვილს შუშანიკსაც.
„მამიკონიანები ყველა ერთმანეთს ჰგავდნენ, ერთი იდეოლოგია ჰქონდათ, ეს იმდენად სისხლის ბრალი არაა, დრო იყო ასეთი, საქართველოშიც იგივე ხდებოდა. ავარაირის ბრძოლაში საინტერესო ის არის, რომ ყველა მებრძოლი მონათლული იყო. ეს იყო ომი სამშობლისთვის, იესო ქრისტეს სახელით. მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, ეს ბრძოლა მაინც ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია სომხეთის ისტორიაში, რადგან სომხებს რჯული არ შეუცვლიათ. ვართან მამიკონიანი და მასთან ერთად ის 1036 მებრძოლი, რომლებიც ავარაირის ბრძოლაში დაიღუპნენ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა“, - ამბობს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი კირაკოს დავთიანი.
ლიტერატორი არმენ ოჰანიანი ჰყვება, როგორ შეიქმნა ლეგენდები ვართან მამიკონიანთან დაკავშირებით და რატომ აქვს ამ სახელს ამხელა მნიშვნელობა.
„ავარაირის ბრძოლა ყველა მოსწავლემ იცის. სომხებისთვის ეს ყველაზე დიდი ბრძოლა იყო. უკვე მე-20 საუკუნეში დემირჭიანმა დაწერა ისტორიული რომანი „ვართანანქი“, რომელიც საბჭოთა კლასიკა გახდა. 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, სომხეთშიც ბევრი ფიქრობდა, თუ რატომ უნდა დახოცილიყვნენ ომში, რომელიც მათ ნაკლებად ეხებოდათ. საჭირო იყო ხალხში მებრძოლი სული გაეღვიძებინათ. წიგნის მთავარი ნარატივიც ესაა, ბრძოლა მრწამსისთვის (თუმცა საბჭოთა კავშირი მაშინ მრწამსში მხოლოდ კომუნიზმს გულისხმობდა). ეს ნარატივი საკმაოდ ძლიერი იყო და დღემდე ცოცხალია“, - ამბობს არმენ ოჰანიანი.
დერენიკ დემირჭიანი 1877 წელს საქართველოში, ახალქალაქში დაიბადა, განათლება მიიღო თბილისში, მოგვიანებით კი ერევანში გადასახლდა. მისი ისტორიული რომანი „ვართანანქი“ ბევრ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის ქართულადაც. რაც შეეხება ისტორიულ ცნობებს, ვართან მამიკონიანზე საუბრობს როგორც ლაზარ პარცეპი, ასევე მისი ცხოვრება აღწერილი აქვს მე-5 საუკუნის ისტორიკოს ელიშეს, წიგნში „ვართანისა და სომეხთა ომის შესახებ“.
ვართან მამიკონიანს ხშირად ხატავენ სომეხი მხატვრები, უმეტესად ის ცხენზე ამხედრებული, ხმლით ხელში, წითელი მოსასხამითა და მტრით გარშემორტყმული გამოისახება.
„ხელოვნებაში ვართანის სახე შედარებით გვიან გამოჩნდა, ხშირად გამოსახავენ პროფილში, თავზე მუზარადით. ის გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება უმცირესობამ უმრავლესობის წინააღმდეგ გაილაშქროს“, - ამბობს მხატვარი არმენ გრიგორიანი.
უკვე 90-იან წლებში სომხეთში ვართან მამიკონიანის თემამ კიდევ ერთხელ წამოიწია. საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა, იყო თუ არა ვართანის ამგვარი ხისტი დამოკიდებულება ერთადერთი გამოსავალი.
„მეც ვმონაწილეობდი ამ დისკუსიაში, ესე და სტატიები დავწერე. ვართან მამიკონიანთან ერთად მაშინ კიდევ ერთი დიდგვაროვანი, ვასაკ სივნიელიც იყო, რომელსაც სპარსეთის შაჰი სომხეთის დამოუკიდებლობას და მეფობას დაჰპირდა, თუკი სომხეთი რწმენას შეიცვლიდა. 90-იან წლებში ვამბობდით, რომ ეს უფრო მოქნილი სვლა იქნებოდა, უნდა დათანხმებულიყო, რადგან დამოუკიდებლობა რელიგიაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ვართანი სწორად მოიქცა. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ დღეს რომ სომხეთს ოკუპაცია დაემუქროს და რჯულის შეცვლა მოითხოვონ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ, მიუხედავად იმისა, რომ ორთოდოქსი ქრისტიანი არა ვარ. ეს ჩვენი ტრადიციაა, ჩვენი რელიგია“, - ამბობს მწერალი ვაჰრამ მარტიროსიანი.
ამ ისტორიის გათვალისწინებით უკვე სულ სხვანაირად იკითხება პირველი ქართული წიგნის პირველი სტროფები:
„იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში ძჱ არშუშაჲსი. რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი სომეხთა სპაჲპეტისაჲ, რომლისათჳს ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით ვარდან და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით“.