ბრიტანეთის დაზვერვა აქარწყლებს რუსეთის განცხადებას, რომ ოდესაზე შეტევის სამიზნე იყო უკრაინის საბრძოლო ხომალდი

მარცვლეულის ტერმინალი ოდესაში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, 23 ივლისი, 2022

ბრიტანეთის მიერ 26 ივლისს გაკეთებული განცხადებით, "არაფერი მიანიშნებს" იმაზე, რომ უკრაინის საბრძოლო ხომალდი და რაკეტები შაბათ-კვირას ოდესის შავი ზღვის პორტში იყო განთავსებული - რაც წინააღმდეგობაში მოდის კრემლის განცხადებასთან, რომ 23 ივლისს, სარაკეტო თავდასხმისას მისი სამიზნე იყო უკრაინის საბრძოლო ხომალდი და საომარი ინფრასტრუქტურა.

სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ერთ დღეში მას მერე, რაც 22 ივლისს სტამბოლში რუსეთს, უკრაინასა, გაეროსა და თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე - რამაც გაზარდა იმედი, რომ შესაძლოა მოხერხდეს საკვების გლობალური კრიზისის თავიდან არიდება, მას მერე, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმა საკვების ფასებისს ზრდა გამოიწვია.

უკრაინა ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრამ და პორტების დაბლოკვამ გადაზიდვები შეაჩერა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ 24 ივლისს აღიარა სარაკეტო თავდასხმა, თუმცა თქვა, რომ მან გაანადგურა "სამხედრო ინსფრასტრუქტურა" და უკრაინის საპატრულო ხომალდი.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ანგარიშში 26 ივლისს ამბობს, "არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ადგილზე ამგვარი სამიზნეები იყო მაშინ, როცა სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა".

თავდასხმის შედეგად 25 ივლისს მკვეთრად გაიზარდა ხორბლის ფასი.