აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიესალმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას და მხარეებს მოუწოდა მსგავსი ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისკენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 25 ივლისს გამოქვეყნებულ ორ შეტყობინებაში, რომელიც ეხება სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბრებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ბლინკენმა ალიევთან და ფაშინიანთან განიხილა რეგიონში მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა და დაადასტურა, რომ აშშ მზად არის ხელი შეუწყოს რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გახსნას. სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა ევროკავშირის შუამავლობით დისკუსიისადმი მხარდაჭერა და ისიც, რომ აშშ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავაც მზად არის თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებაში.
ალიევთან და ფაშინიანთან სატელეფონო საუბრების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ცნობები თითქმის ერთნაირი შინაარსისაა, იმ განსხვავებით, რომ ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდა, გაათავისუფლოს ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროები, ხოლო სომხეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თურქეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის.
ასევე ნახეთ თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრათბილისში 16 ივლისს გაიმართა სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა.
2021 წლის 12 ივნისს, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით აზერბაიჯანმა გაათავისუფლა შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა მასალები დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვისრუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 2020 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა.