„უფასოდაც არავის მიაქვს” - კახეთში საზამთროს და ნესვის მოსავალი ფუჭდება

კახეთში წელს ნესვისა და საზამთროს კარგი მოსავალია, თუმცა ფერმერები ხილს ვერ ყიდიან. ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს და არც გამოსავალი ჩანს.

70 წლის თამაზ ირემაძე ეკომიგრანტია. ლაგოდეხში, სოფელ არეშფერანში ოჯახთან ერთად 21 წლის წინ აჭარიდან გადმოსახლდა. ახლა მისი 8-წევრიანი ოჯახი ძირითადად მიწაზე მუშაობს - წელიწადის გამოტოვებით ნესვი და საზამთრო მოჰყავთ.

თებერვალში ირემაძეებმა დაახლოებით 5 ჰექტარი მიწა წინა წლის ნარჩენებისგან გაასუფთავეს და დაამუშავეს. 2 ჰექტარზე საზამთრო დათესეს, სამზე - ნესვი. ზაფხულისთვის დაახლოებით 100 ტონა ნესვი და 50 ტონა საზამთრო მოიყვანეს. აქედან ჯერ მხოლოდ 15 ტონა ნესვი გაყიდეს. კილოგრამი 10-15 თეთრად. დანარჩენი ბაღშივე ულპებათ.

„ნესვი საერთოდ აღარ იყიდება. 10 თეთრს ვაფასებთ და ბოლო 24 საათში მხოლოდ 100 კგ გავყიდე. ეს ისეთი ხილია, მაქსიმუმ 10 დღე შეინახოს. ამ პერიოდში თუ არ გაიყიდა, ბაღშივე დალპება… ისეთი მდგომარეობაა, უფასოდაც არავის მიაქვს. 10 თეთრზე ნაკლები როგორ დავაფასო, როცა 8 თეთრი მკრეფავებს უნდა გადავუხადო?“ - ამბობს თამაზ ირემაძე და იმაზე წუხს, როგორ გადაიხდის მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან აღებულ 45 ათასი ლარის სესხს.

Your browser doesn’t support HTML5

თამაზ ირემაძე

საზამთრო და ნესვი ძირითადად მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ეს ხილი ექსპორტზე უმნიშვნელო რაოდენობით თუ გადის. მაგალითად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე საქართველოდან 800 ტონაზე მეტი საზამთრო და 21 ტონაზე მეტი ნესვი ექსპორტზე მხოლოდ ერთ ქვეყანაში, სომხეთში გავიდა.

კახელი ფერმერები ერთხმად ამბობენ, რომ აქაური საზამთრო და ნესვი წელს საქართველოშიც აღარ უნდათ.

„ადრე თავად ჩამოდიოდნენ მუშტრები სხვადასხვა ქალაქებიდან და საზამთრო მიჰქონდათ, ახლა არავინ ჩანს. მინდა ამ დღეებში მოვკრიფო და ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე გავიტანო გასაყიდად. თუ არ გაიყიდა, წავიღებ და საქონელს ვაჭმევ, დანარჩენს ბაღში მივატოვებ. აბა, რა გავაკეთო? სად წავიღო? თბილისში წაღებაც ძვირი ჯდება, მანქანა უნდა დაიქირაო, საწვავი ჩაუსხა და იქ რომ ჩავიტან, ან გავყიდი და ან არა. 25 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ასეთი წელი არასდროს ყოფილა...“ - ჰყვება ახალსოფლელი გია ლუხუშვილი. წელს მას 60 ტონა საზამთროს მოსავლის მოყვანა 12 ათასი ლარი დაუჯდა. ჯერ არცერთი კილოგრამი არ გაუყიდია.

Your browser doesn’t support HTML5

გია ლუხიშვილი

კახეთში საზამთროსა და ნესვის მოსავალი ძირითადად ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოჰყავთ. იოსებ ჯიოევი ლაგოდეხიდანაა. სოფელ აფენში 1 ჰექტარ ფართობზე საზამთროს ბაღი აქვს, ხოლო ნახევარ ჰექტარზე - ნესვი. წელს მასაც 60 ტონამდე მოსავალი აქვს და ვერ ასაღებს.

კახელი ფერმერები ფიქრობენ, რომ მათი წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ ქართული პროდუქცია უცხოურს კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზეც კი ვერ უწევს.

Your browser doesn’t support HTML5

იოსებ ჯიოევი

2022 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 12 ათას ტონამდე საზამთროა იმპორტირებული ოთხი ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ნიდერლანდიდან და თურქეთიდან.

„ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ადგილობრივ წარმოებას რატომ არ აძლევს უპირატესობას?“ - ამბობს ფერმერი, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფოს დახმარების შემთხვევაში მისი ბიზნესი მომგებიანი გახდებოდა. თითქმის იმავეს იმეორებს თამაზ ირემაძეც: „დიდ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ბევრი კლიენტია, ძირითადად იმპორტული პროდუქტი იყიდება. რატომ არ შეიძლება, დროებით, როცა ჩვენთანაც მოდის, [უცხოეთიდან] ხილის შემოტანა შეჩერდეს?“

არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დირექტორი რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მოინდომებს, შეუძლია ფერმერებს დაეხმაროს.

„მეხილეობა იქნება ეს, საზამთროს თუ ნესვის წარმოება, უნდა გაგვაჩნდეს პოლიტიკა… მე მახსოვს, ესტონეთში მოხდა ასეთი რამ: ქვეყანაში შედიოდა ჭარბი რაოდენობით რძის პროდუქტები. ადგილობრივმა მერძევეებმა და კოოპერატივებმა მოითხოვეს მხარდაჭერა. პასუხად მთავრობამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმპორტზე დამატებითი მოსაკრებელი დააწესა და ადგილობრივმა ფერმერებმა ამით ისარგებლეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსუდან გიგაშვილმა.

როდესაც სახელმწიფო რომელიმე დარგის მიმართ საიმპორტო შეზღუდვებს აწესებს, როგორც წესი, ადგილობრივი წარმოება მართლაც ხეირობს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი აგებს.

„თუ არ შეგვიძლია, რომ საზამთრო და ნესვი მოვიყვანო უფრო იაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებს მოჰყავს, მაშინ რატომ უნდა გადარჩეს დარგი? უნდა ვიფიქროთ ისეთი რამის მოყვანაზე, რომელიც მეტად კონკურენტუნარიანია. იქნებ მეტი ცოდნაა საჭირო, რომ თუნდაც ამ კუთხით უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ? ესაა გზა განვითარების და არა რაღაცის შეზღუდვა“, - ამბობს ეკონომისტი აკაკი ცომაია, რომელიც სახელმწიფოს ჩარევას, თუნდაც ქართველი ფერმერების სასარგებლოდ, გამართლებულად არ მიიჩნევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კახეთში შექმნილი პრობლემის შესახებ იციან, თუმცა რაიმე სახით ჩარევას ამ სიტუაციაში არ გეგმავენ: „იმპორტის აკრძალვა არ განიხილება არც ნესვის, არც საზამთროს და ზოგადად არანაირი მიმართულებით, ფასებს რაც შეეხება... სამინისტრო არ ადგენს [ფასს], ფასებს ბაზარი თავად განსაზღვრავს“, - მოსწერეს რადიო თავისუფლებას უწყებიდან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ 60-დან 72 ათას ტონამდე საზამთროს მოსავალი მოჰყავთ. დაახლოებით 9 ათასი ტონა - ნესვი.