„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“.
„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.
დავით არახამიას სიტყვებით, მას არ უკვირს ირაკლი კობახიძის კავშირები რუსეთთან, ვინაიდან კობახიძის მამა „კაგებეს“ აგენტი იყო.
სწორედ ამის შეფასება სთხოვა ჟურნალისტმა კობახიძეს.
„ცხადია გააღიზიანა დავით არახამიას ხსენებამ ირაკლი კობახიძე და პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „მთავარის“ ჟურნალისტი, ნატალი ჯახუტაშვილი.
მისივე თქმით, ხშირად მუშაობს პარლამენტში და ხედავს, როგორც ესხმიან თავს კრიტიკულ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრები გამუდმებით.
„ჩვეულებრივ მოვლენად ექცათ ქართული ოცნების წევრების ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი შეურაცხყოფა. ეს არაა პირველი შემთხვევა - ცოტა ხნის წინ პარლამენტში ირაკლი ბერაიამ მომაყენა შეურაცხყოფა, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით დასმული კითხვის გამო“, - ამბობს ჯახუტაშვილი.
კამათი გაგრძელდა „ოცნების“ კიდევ ერთ ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან, რომელმაც გაამართლა კობახიძე და „მთავარის“ ჟურნალისტს მისთვის „ბინძური შეურაცხყოფის“ მიყენებაში დასდო ბრალი.
„თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს. თან ეს ბინძური შეურაცხყოფა მიაყენეთ უმძიმესი ფორმით, ასე ადამიანს არც კითხვის ფორმით არც არანაირად არ უნდა დაელაპარაკო“, - თქვა მდინარაძემ და ჟურნალისტს კრემლის სასარგებლო იდიოტი უწოდა და დაამატა "თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა და მან მოგითმინათ, მე თუ მკითხავთ, პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონი გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით",- თქვა მდინარაძემ.