ევროკავშირის ახალი სანქციები „სტრატეგიული მოთმინების“ მანიშნებელია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ოფიციალურად 21 ივლისს დააწესა. ეს, ალბათ, ყველაზე სუსტი პაკეტია, რაც კი ბრიუსელს აქამდე მიუღია. ამის მიზეზების გასაგებად კი ალიანსის ბოლო აქტივობებს უნდა გადავხედოთ. ევროკავშირი გრძელი, ცივი ზამთრისთვის ემზადება.

ეს სანქციების მეშვიდე პაკეტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. თუმცა, ამ ზომებს სანქციები მაინცდამაინც არ ეთქმით. ევროკავშირის ერთმა დიპლომატმა ანონიმურად მითხრა, ეს „არდადეგების პაკეტია, რომელსაც ხელს მოაწერენ, ვიდრე ბრიუსელი არაოფიციალურად მუშაობას შეწყვეტს მომდევნო 5 კვირის განმავლობაშიო“.

ყველაზე ღირსშესანიშნავი აქედან ალბათ აკრძალვაა რუსულ ოქროზე. ამაზე დიდი შვიდეული ჯერ კიდევ ივნისში შეთანხმდა. სხვა მხრივ კი ეს პაკეტი ძირითადად შეეხება „ხვრელების“ ამოქოლვას, რომლებიც წინა 6 პაკეტის განხორციელებისას აღმოაჩინეს. ამას ემატება რამდენიმე სახელი და ჩამონათვალი უკვე არსებულ სიებში.

ახალი სანქციების მიხედვით, მაგალითად, რუსეთის დროშით მცურავ ხომალდებს ახლა მხოლოდ ევროკავშირის პორტებში კი არა, შლიუზებში შესვლაც ეკრძალებათ. სანქცირებული ორგანიზაციების სიას დაემატა რუსეთის უმსხვილესი ბანკი „სბერბანკი“ და ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლები“. სანქცირებული პირების სია კი რამდენიმე პოლიტიკოსით, ოლიგარქითა და მათი ნათესავით გაიზარდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, გაიოლდა სანქცირებულ პირთა არადეკლარირებული ქონების კონფისკაცია.

ეს კი ძალიან განსხვავდება ბრიუსელის აქამდე მიღებული სანქციებისგან, რომელიც, სხვა ბევრ რამეს შორის, უმიზნებდა რუსეთის ნახშირს და ევროკავშირში რუსეთის ნავთობის ექსპორტის 90 პროცენტს.

ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ცდილობენ ახალ-ახალი ზომები მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, სხვა ქვეყნებს შესაძლოა ტემპის შემცირება სურდეთ. ჯერ არავინ იცის, თუ რა გავლენას იქონიებს ევროკავშირზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვა და იტალიის არჩევნები, თუმცა ევროკავშირის ბევრი პოლიტიკოსი, ვისთანაც მილაპარაკია, მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა ბრიუსელის თავდაჯერება შეარყიოს.

ყოველი ახალი ზომა მოითხოვს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობას. რეალურად კი სანქციებისთვის დარჩა სამი დიდი სფერო - დარჩენილი ნავთობი, ატომური ენერგია და გაზი. აქ ზომების მიღება კი ახლო მომავალში გაჭირდება.

ევროკავშირში ელექტროენერგია მკვეთრად გაძვირდა, რასაც რეკორდული ინფლაცია დაემატა. ევროკავშირის ოფიციალური პირები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ახლა ალიანსი არ მიიღებს სანქციებს, რომელიც თავად ევროპის ბიზნესსა და მოსახლეობას დააზარალებს.

რუსეთის ნავთობის დარჩენილი 10 პროცენტის სამიზნეში ამოღება მოითხოვს უნგრეთის და სხვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანხმობას. ამ მხრივ პროგრესის მისაღწევად კი საჭიროა, რომ ბრიუსელმა და ბუდაპეშტმა სხვა მიმდინარე საკითხები მოაგვარონ - პირველ რიგში გადაჭრან კონფლიქტი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, რომელიც უნგრეთისთვის გამოყოფილ მილიარდობით ევროს ბლოკავს.

რუსეთის ატომური სერვისების და მარაგების სანქცირებაც პრობლემური საკითხია, რადგან ეს არაპროპორციულად დიდ ზარალს მიაყენებს სწორედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს. ალტერნატიული საწვავის წყაროების მოძიება კი ძვირი და რთულია.

ამიტომაც ზოგი ამტკიცებდა, რომ შემდეგი სამიზნე რუსეთის გაზი უნდა იყოს. თუმცა, მანამდე ბრიუსელს დასჭირდება წყაროების დივერსიფიცირება და მოსკოვზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება.

ამიტომაც, ევროკომისიის წევრები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და ევროკავშირის სახელით ხელშეკრულებებს აფორმებენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოსაზიდად. უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები აზერბაიჯანთან, ალჟირთან, ნორვეგიასა და აშშ-სთან.

ეს ყველაფერი საბოლოოდ შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს რუსულ გაზს. თუმცა ეს, სავარაუდოდ, ამ ზამთარს არ მოხდება.

ამასობაში კი ბრიუსელიდან ისმის გზავნილები, რომ ევროპის მოქალაქეებმა „სტრატეგიული მოთმინება“ უნდა გამოიჩინონ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა, ჟოზეპ ბორელმა, მაგალითად, დაწერა, რომ სანქციებს დრო სჭირდება და რომ ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება „კარაქსა და იარაღს“ შორის.

საკითხავი ის არის, შეუძლია თუ არა მოთმენა უკრაინას.