პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღამაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პუნქტის შესასრულებლად ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს. მისი თქმით, მომზადდება ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები, რომელზე დაყრდნობითაც ევროპელებს ექნებათ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, თუ ვინ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები და ვინ - არა.
„თორმეტივე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო პროექტი უნდა დაიდოს, რომელიც ევროპელების რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, გვჭირდება 24/7-ზე მუშაობა ძალიან ბევრ იურისტთან, ორგანიზაციასთან, პოლიტიკოსთან ერთად, რათა სექტემბრისთვის საქართველოს პარლამენტში ერთობლივად დავარეგისტრიროთ კანონის პროექტების ფართო სპექტრში, რომლის მიღებაზეც დამოკიდებული იქნება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ორშაბათიდან პარლამენტში სამუშაო ჯგუფების სისტემური შეხვედრები გაიმართება. კონკრეტული დროითა და ვადებით გვექნება ხელდაკაპიწებული მუშაობა იმისთვის, რომ დავდოთ კანონპროექტები, რომელთა მიღებაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს.
ვისაც იქეთ პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს, გზა დამილოცნია. ჩვენ ფუჭ შეხვედრებში დროის ხარჯვას არ ვაპირებთ. ვაპირებთ დღე და ღამე მუშაობას, რათა ევროკავშირის მიერ მოცემული საშინაო დავალება შესრულდეს“, - თქვა ვაშაძემ.
უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში „ქართული ოცნების" ინიციატივით უკვე შექმნილია რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რომლებშიც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს. ჯგუფების მუშაობაში ამ დროისთვის არ მონაწილეობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო" და „სტრატეგია აღმაშენებელი".
ასევე ნახეთ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი არის დეოლიგაქრიზაცია.