„ძალიან მადლიერი ვარ საქართველოსი, მრცხვენია, რომ სათანადოდ ვერ გამოვხატავ ამას. ვხვდებით, რომ ეს არაა მდიდარი ქვეყანა, და მაინც ამხელა დახმარება გაწია. არ მინდა წასვლა, სიმართლე რომ გითხრათ. ძალიან ახლო ხართ ჩვენთვის, აქ ყველაფერი მარტივია, ევროპელებივით ჩაკეტილები არ ხართ. გაგვასახლებენ - არ გაგვასახლებენ, უბრალოდ მინდა ვთქვა, მადლობა”, - მეუბნება უკრაინელი სვეტლანა მილანოვიჩი და სასტუმროს ნომერში, რომელიც ბოლო სამი თვეა, სახლის მაგივრობას უწევს, ჩაის მისხამს. „ეს აქაური ასკილი დავკრიფე, ქართული”.
9 დღეში, პირველი აგვისტოდან ორი ათასზე მეტმა უკრაინელმა, რომლებმაც თავშესაფარი სახელმწიფოს დახმარებით იპოვეს, სასტუმროები უნდა დატოვონ. თბილისის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დევნილებს ცხოვრების საფასურს აღარ გადაუხდის. უკრაინელები სამი თვე ფულად დახმარებას მიიღებენ. დევნილები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობამ მხოლოდ ერთი კვირის წინ გაიგო.
“საქართველოში ხართ, მოეშვით და ყველაფერი დაივიწყეთ”
ხერსონიდან თბილისამდე დაახლოებით 1500 კილომეტრია. რომ დაფიქრდე - არც ისე ბევრი, მანქანით დაახლოებით 24 საათის სავალია. მაგრამ ეს გზაც უსასრულოდ გეჩვენება, როცა „მტრის ტერიტორიით” მიდიხარ და ყოველ რუსულ ბლოკპოსტზე გაჩერებენ. არ იცი, ვინ შეგხვდება - ზოგი ჯარისკაცი დაღლილია და „ზრდილობის გულისთვის” თუ შეგიმოწმებს საბუთებს, ზოგი მანქანის ფანჯარას კონდახით გამოგიმტვრევს, ზოგი წაგართმევს საჭმელს და ზედ ფულსაც მიაყოლებს. ყველაფერზე თავს უქნევ და ყველაფერზე თანხმდები, იმიტომ რომ უკან სიკვდილია, ან, საუკეთესო შემთხვევაში, მრავალთვიანი, დამღლელი ოკუპაცია, რომელიც გაღატაკებს და ღირსებას გილახავს.
ამას ჰყვებიან უკრაინელები, რომლებიც ახლა საქართველოს სასტუმროებში ცხოვრობენ. ხერსონიდან კი ბევრი იმიტომაა, რომ ქალაქი თავისუფალ უკრაინას მოკვეთილია და გაღწევის ერთადერთი უსაფრთხო გზა ყირიმზე გადის, ქერჩის ხიდის გავლით, კრასნოდარისკენ, ვლადიკავკაზში, და ბოლოს, ლარსიდან - საქართველოში.
„შემოვედით თუ არა, მესაზღვრემ გვითხრა - მოდით, სამივე, საქართველოში ხართ, მოეშვით და ყველაფერი დაივიწყეთ, საიმედო ხელში ხართო. ეს არასდროს დამავიწყდება”, - ჰყვება სვეტლანა მილანოვიჩი. ის ერთ-ერთი პირველი იყო ხერსონში, ვინც შვილთან და მოხუც დედასთან ერთად საქართველოში გამოიქცა. მაშინ ხერსონის ოლქში უმეტესობას ეგონა, რომ დიდი საშიშროება არ იყო, მაგრამ სვეტლანამ ჩერნობაევკის აფეთქებები საკუთარი ფანჯრიდან ნახა თუ არა, ბარგი ჩაალაგა.
თბილისში ჩამოსულები, შემთხვევითმა გამვლელმა მერიამდე მიაცილა, იქიდან კი სასტუმროში გაუშვეს, თან უთხრეს - იცხოვრეთ რამდენი ხანიც გინდათო. ევროპაში წასვლას ფიქრობდნენ, მაგრამ სამისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდათ. სვეტლანას შვილი ორ თვეში უკრაინაში, სამხედრო მოხალისედ დაბრუნდა, 72 წლის დედა კი, ბოლო ფულით, ნათესავებთან ჩეხეთში გაამგზავრეს. სვეტლანა მარტო დარჩა და სცადა, პროფესია არ დაეკარგა. ოსტეოპათიის კაბინეტის გახსნა უნდოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და უბრალოდ, უსასყიდლოდ დაიწყო თანამემამულეების დახმარება. უფულოდ და, მალე, უსახლკაროდაც დარჩენილ სვეტლანას მაინც უფრო სხვების დარდი აქვს:
„მთელი ეს თვეები ტელეფონზე ვიჯექი და გაუჩერებლად ვწერდი მეგობრებს, ჩამოდით საქართველოში. ახლა ძალიან მტკივა გული იმ ადამიანებზე, რომლებმაც, როგორც იქნა, გადაწყვიტეს ჩამოსვლა, ორი კვირის წინ ჩამოვიდნენ, შესახლდნენ სასტუმროში და ახლა ამბობენ - რა ვქნათ? აქ ხომ დრო უნდა მოწყობას, ბარათის გახსნას, უბრალოდ ორიენტაციას - დრო კიდევ არ არის. ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, როდის შეწყდება დახმარება. რომ არ მოდუნდნენ, რომ მომართულები იყვნენ”, - ამბობს სვეტლანა.
უკრაინელებმა სასტუმროს დატოვებაზე სულ სხვადასხვანაირად გაიგეს. სასტუმრო „ივერია ინის” მენეჯერი, ერეკლე კოკაია ამბობს, რომ მერია ყოველთვე ხელახლა ატყობინებდა, რომ ისევ ფარავდა უკრაინელების ცხოვრების ხარჯებს, და ამიტომ პროგრამის დასასრულის ზუსტი თარიღი არასდროს სცოდნია.
მერიაში ამბობენ, რომ დევნილებს თავიდანვე უთხრეს, რომ პროგრამა, რომელიც 19 მარტს დაიწყო, აპრილის ბოლოს დასრულდებოდა.
მაგრამ უკრაინელები, რომლებსაც ველაპარაკე, სხვა რამეს ჰყვებიან.
“მხოლოდ ჩემოდანი და შენ რჩებით ცხოვრებაში”
მაგალითად, ოქსანა ვიაზოვსკაიამ საბავშვო ღონისძიებაზე, 15 ივლისს შეიტყო, სხვა დედებისგან. ის და მისი ორი ქალიშვილი ერთი თვეც არაა, რაც ჩამოვიდნენ. გზა ძვირი დაუჯდათ - ყირიმამდე კაცზე 300$-ს იღებენ, ფული ნაცნობებმა შეუგროვეს. თანაც, ოქსანას ერთ შვილს ცერებლური დამბლა აქვს.
ისნის რაიონის პატარა სასტუმროში, სადაც ოქსანა ცხოვრობს, ის ხალხი დარჩა, ვინც ევროპაში ან კანადაში წასასვლელი ფული ვერ იშოვა - მოხუცები, მრავალშვილიანი დედები. ნატალია ზოტოვა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, ამბობს, რომ ლამის ჩამოსვლის დღიდან დადის უბანში და კითხულობს, ვინმეს ჭურჭლის მრეცხავი ან დამლაგებელი ხომ არ სჭირდება.
Your browser doesn’t support HTML5
მთავრობის გამოცემული, 13 ივლისის განკარგულებით, მერიის პროგრამა, რომელშიც 14 მილიონი ლარი დაიხარჯა და უკრაინელების სასტუმროში განთავსებას და სამჯერად კვებას უზრუნველყოფდა, მთავრობის თანადაფინანსების პროგრამით შეიცვლება. საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები, დახმარების სახით მიიღებენ ოჯახზე 300 ლარს და კიდევ 45 ლარს თითო ადამიანზე - სამი თვით. თუმცა თბილისის მერია განცხადებაში იმასაც ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, World Vision-ი და UNHCR-ი, განიხილავენ სულზე 235-ლარიან დახმარების პაკეტს.
ომს გამოქცეულები ღელავენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე, მხოლოდ საქართველოს მთავრობის შემწეობა ქირისთვის საკმარისი არ იქნება. სასტუმროში, სადაც ახლა ნატალია და ოქსანა ცხოვრობენ, ორკაციანი ნომერი 160 ლარი ღირს. იაფი არც გარეუბნებია - მაგალითად, ავჭალაში ან ვარკეთილში თვიური ქირის ფასი ერთოთახიანი ბინისთვის 600-900 ლარია.
„ძალიან მეუხერხულება ახლა მათხოვრობა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს მადლიერი ვარ. უბრალოდ, ვერსად ვერ წავალთ, ჩვენი, გახანგრძლივებული პასპორტებით მხოლოდ გერმანია, ავსტრია და კვიპროსი გვიღებს, არცერთის ფული არ გვაქვს”.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის საკონსულოშიც იმავეს ამბობენ. ასეთი პასპორტით უკრაინელს კანადა და აშშ-ც მიიღებს, იმ პირობით, რომ შევა ვიზით, სამუშაოდ ან სასწავლებლად. სხვა შემთხვევაში საჭიროა ახალი პასპორტის აღება, რომელსაც დაახლოებით 3 თვე სჭირდება და 419 ლარი ღირს.
„მე მაქვს საზღვარგარეთის პასპორტი, ჩემს ბებიებს, შვილებს არ აქვთ, აღსადგენია. წავედით მერიაში, იქაც უფასო არაა, ჩვენთვის იაფი არ არის, - ამბობს ალექსანდრ კრუტიენკო, რომელიც სასტუმრო „444”-ში ორი კვირაა, რაც ცხოვრობს, - სამსახური უნდა ვიშოვოთ, მაგრამ როგორ, სად, ამ დროში არ ვიცით. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ეს სახელმწიფო დახმარება შევაჯამოთ და ერთ ბინაში შევსახლდეთ რამდენიმე ოჯახი”.
Your browser doesn’t support HTML5
„ესენი მხოლოდ ორი კვირაა, რაც აქ არიან, ჩვენ მთელი სამი თვე, უკვე “ადაპტირებულები” ვართ”, - ხუმრობს ლარისა გულინა, მეზობელი. სინამდვილეში ლარისას ჯერ კიდევ ეღვიძება ხმაურიანი მანქანის ჩავლის დროს ან როცა ფეიერვერკი ფეთქდება. ნოვაია კოხოვკაში დარჩენილი მისი მეგობრები ამას წინათ ლარისას სახლის სანახავად იყვნენ. აფეთქებებმა შენობას ერთი ფანჯარაც კი არ დაუტოვა მთელი, ყველაფერი ჩალეწილია. მოკლედ, უკან დაბრუნებაც შეუძლებელია.
Your browser doesn’t support HTML5
„აქ რომ დავსახლდით, გამოვიდა ზღაპარივით - ჩამოვედით და საცხოვრებელი ადგილი გვაქვს. მხოლოდ ჩემოდანი და შენ რჩებით ცხოვრებაში, ყველაფერი იქ დარჩა, ამიტომ რთულია აქედან გასვლა, რა თქმა უნდა. არ ვიცით, როგორ [წავალთ] და სად”.
ამ საუბრის წინა დღეს სასტუმრო „444”-ში თბილისის მერიიდან იყვნენ. უკრაინელები ამბობენ, საქართველოში შემოსვლის თარიღი და პროფესია გვკითხეს, მონაცემები ჩაინიშნეს, მაგრამ გვითხრეს, გასვლა აუცილებლად მოგიწევთო.
მთავრობის დადგენილებით, უკრაინის მოქალაქეებს ფული სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა ჩაურიცხოს. „ჩვენ უბრალოდ გამტარი ვართ, ბინას ჩვენ არ ვუძებნით”, - თქვა სააგენტოს წარმომადგენელმა.
ასეთივე სიტუაციაა აჭარაშიც, სადაც დაახლოებით 150 უკრაინელი ლტოლვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსებით, ჯერ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობდა, შემდეგ კი, სეზონის მოსვლასთან ერთად - უფრო იაფ სასტუმროებში გადაიყვანეს, გონიოსა და ქობულეთში. მათი უმეტესობა მარტოხელა დედაა, რომელსაც საზღვარგარეთ წასვლის ფული ან დანაზოგი არ აქვს, და მათაც წინა კვირაში შეიტყვეს სასტუმროს დატოვების ამბავი.
„ასე რომ, ასე, დიდხანს ვერ გესაუბრებით, - მეუბნება ლარისა, - ახლა უნდა ვირბინოთ, ვეცადოთ, რამე მაინც გამოვნახოთ”.
მუშაობა ცხოვრების სანაცვლოდ
ევგენიას სასტუმრომ მაისში უთხრა, რომ წამოსვლა ემუქრებოდა. შეწუხდა და გამოსავლის ძებნა დაიწყო - ტელეგრამში, ერთ-ერთი პატარა სასტუმროს მეპატრონე წერდა, უკრაინელ ოჯახს მუშაობის სანაცვლოდ ვაცხოვრებო. ასე გადავიდნენ ევგენია და 11 წლის მარკი ცხრანომრიან სასტუმროში, სადაც ევგენია და კიდევ ერთი უკრაინელი კაცი, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებენ. ევგენია ამბობს, რომ სამუშაო მძიმეა - დღისით ცოტა ხნით წაიძინებს ხოლმე, რომ ღამე ჩამოსულ სტუმრებს დახვდეს, მერე კი დილით ნომრებს ალაგებს, ტერიტორიას ასუფთავებს და საჭმელს ამზადებს. სასტუმრო უკრაინელებს მცირე გასამრჯელოს უხდის. სამი ადამიანი დაახლოებით 1300 ლარს იყოფს.
„მაინც ეს ჯობია უბრალოდ სასტუმროში ჯდომას. ვისურვებდი, რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება მქონოდა. ზოგჯერ დასვენება მინდა, სადმე წასვლა, ჩვენ კიდევ თითქმის არსად არ გავდივართ. მხოლოდ ბაზარში, ან მარკი როცა ძალიან მთხოვს, ავლაბრის მოედნამდე ჩავდივართ. ორი თვის განმავლობაში ერთი დასვენების დღე გვქონდა, იმიტომ რომ სულ აქ უნდა ვიყო, შაბათ-კვირასაც. ვეუბნებოდით მეპატრონეს, რომ საჭიროა ღამის მორიგე, საჭიროა დასვენების დღე, რომ ღამე სრულფასოვნად გვეძინოს. მაგრამ მას ასე აწყობს და ჩვენ თუ არ გვაწყობს, უნდა წავიდეთ”.
ახლა მარკი ვაკეში ერთ-ერთი სკოლის უკრაინულ კლასში დადის. დედა-შვილისთვის ქართველებთან ურთიერთობა მარტივია, საყოფაცხოვრებო პროდუქტი - ნაცნობი. ევგენია აღარც რუს სტუმრებთან შეხვედრისას ღელავს. „ზოგჯერ იმდენ ბოდიშს მიხდიან, რომ უხერხულადაც კი ვარ”, ამბობს ის. ამიტომ ჯერ საქართველოში რჩება, იმედი აქვს, რომ ცხოვრებას თანდათან ცოტა კიდევ უკეთ მოიწყობს.
„ყოველი დღე ვიაზრებ, რომ ომის დამთავრებამდე შეიძლება კიდევ ბევრი დრო გავიდეს, ნახევარი წელი, ერთი წელი. არ მაქვს გეგმა და არ ვიცი, ვის აქვს საერთოდ”.