როგორ შეაგროვო საარჩევნო ხმები - მმართველი გუნდის რეცეპტი „გოგაშვილის ფაილებიდან“

როგორ მოისყიდო ამომრჩეველი, ანუ როგორ აიძულო ამომრჩეველი მოგცეს ხმა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა“, გაასაჯაროეს ინფორმაცია და ათობით დოკუმენტი, რომელიც ერთგვარ მზა რეცეპტს წარმოადგენს მმართველი პარტიის ხელში სახელმწიფო რესურსების უკანონო გამოყენებით, ფაქტობრივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პარტიის სასარგებლოდ შეაგროვოს ხმები.

მაგალითად, ხმის სანაცვლოდ მსჯავრდებულს (პრობაციონერს) მოუხსნას პირობითი მსჯავრი ან სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გაათავისუფლოს. არჩევნებში ხმის მისაღებად, როგორც აღმოჩნდა, აპრობირებული მეთოდია სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა. მმართველი პარტიის სასურველი კანდიდატის შემოხაზვის შემთხვევაში, შესაძლოა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაც კი შეწყდეს, ან ბრალდება შეუმსუბუქდეს. როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ხმის სანაცვლოდ სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდება მსჯავრდებულის ოჯახს მმართველი გუნდი. აღმოჩნდა, რომ წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებაც არაა ურიგო დაპირება ხმის სანაცვლოდ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დოკუმენტაცია მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად ბრალდებულმა იოსებ გოგაშვილმა გადასცა. ეს ინფორმაცია კი გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „შესაძლებლობის ფარგლებში“, საჯარო წყაროებით გადაამოწმეს.

მამხილებლის მიერ გადაცემული დოკუმენტები ძირითადად შეადგენდა 2018-2019 წლებში ელექტრონული ფოსტის მისამართზე securgd@gmail.com მიღებული და ამავე მისამართიდან გაგზავნილ კორესპონდენციას. ფაილებში იყო დოკუმენტები უფრო გვიანდელი, 2020 წლის პერიოდიდანაც.

კვლევის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოკვეთეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც, მაღალი ალბათობით, დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით, სავარაუდოდ, გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით.

გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, მთელ ამ პროცესში გამოიკვეთა ცალკეულ თანამდებობის პირთა სავარაუდო სამოხელეო და სისტემური დანაშაულის ნიშნები.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ, იყვნენ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

მასალები შეიცავს ასევე დოკუმენტს სახელწოდებით „მოხსენებითი ბარათები“, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების პარტიის საარჩევნო შტაბში გადმოყვანას.

2020 წელს შედგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას სწორედ ამ ინფორმაციას და დოსიეებს ეყრდნობოდა. უფრო კონკრეტულად კი დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

როგორ უნდა მოიშორო თავიდან სკოლის „არასასურველი“ დირექტორი, ანუ როგორ შეინარჩუნო დირექტორის პოსტი

სიახლე არ არის, რომ საარჩევნო პერიოდში საგანმანათლებლო რესურსი, უფრო ზუსტად კი პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, დირექტორები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, მმართველი გუნდის ხელში ხმათა მობილიზების ერთ-ერთი ეფექტიანი იარაღია. ამას ადასტურებს 21 ივლისს გასაჯაროებული დოკუმენტაციაც.

2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. ამ 112 პირიდან მამხილებლის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში, 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი უარყოფითად ჰყავდა შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

დოკუმენტების თანახმად, დირექტორები სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდებიან.

ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორის კომპეტენციის გრაფაში ერთ-ერთი დირექტორი შეფასებულია, როგორც „ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ზრუნავს სკოლის წინსვლასა და განვითარებაზე“, მომდევნო, ე.წ. შენიშვნის გრაფაში ვკითხულობთ: „აქვს არასწორი პოლიტიკური ორიენტაცია“. კიდევ ერთ გრაფაში, სახელწოდებით, „პარტიის შეფასება“, ამავე დირექტორზე ვკითხულობთ: „უარყოფითი“. სულ ბოლოს კი დირექტორის დახასიათებას სუს-ის შეფასება აგვირგვინებს - „ოპოზიციურად განწყობილი, არ არის მიზანშეწონილი“.

წყარო: TI, ISFED

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ანალიზის თანახმად, სუს-ი თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ დირექტორი პოლიტიკურად ნეიტრალური იყო; არ ასრულებდა/თავს არიდებდა მმართველი პარტიის მიერ მიცემულ დირექტივებს; დაკავშირებული იყო ოპოზიციურ პარტიასთან; „პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო” პირი იყო; მის მიერ მართული პედაგოგიური კოლექტივი არჩევნებში არ მონაწილეობდა; მას არ გააჩნდა „საარჩევნო რესურსი“ და სხვა.

მოცემული შეფასებებიდან იკვეთება, რომ სუს-ი იკვლევდა საჯარო სკოლის დირექტორების, მათი ოჯახის წევრების პარტიულ საქმიანობას, კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობის შემთხვევებს და სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე აფასებდა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზანშეწონილობას. ძირითადად, საჯარო სკოლის დირექტორების, მათი ოჯახის წევრებისა თუ ახლო ნათესავების ოპოზიციურ პარტიაში საქმიანობა, მათ მიმართ პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოხატული დამოკიდებულება იყო უარყოფითი შეფასების საფუძველი, ანალოგიური მიდგომა იყო დირექტორის ნეიტრალური პოზიციის და მისი მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე გამოხატული უარის შემთხვევაში.

მაგალითად, როცა სუს-ი მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობის გამო დირექტორის პოზიციაზე დარჩენას მიზანშეწონილად აფასებდა, წერდა, რომ: „არის არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი, მიზანშეწონილია დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ საჯარო სკოლის დირექტორების, არამედ მათი ოჯახის წევრების პარტიულ საქმიანობას მიიჩნევდა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის დამაბრკოლებელ ფაქტორადაც. მაგალითად, ერთ-ერთი დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციის საფუძვლად აღნიშნავდა: „საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდნენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს“.

წყარო: TI, ISFED

როგორ დაიბრუნო ჩამორთმული მართვის მოწმობა? - ხმა და ხმები მიეცი მმართველ პარტიას

2018 წლის ოქტომბერი - 2019 წლის იანვრის შუალედში securgd@gmail.com-დან, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან, იმ 900-მდე პირის სია გაიგზავნა, ვისაც შეჩერებული ან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

როგორც ჩანს, პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ, „ქართული ოცნება“ ამ პირებისთვის შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის საქმეს უწევდა ორგანიზებას.

მამხილებლის მიერ გამჟღავნებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ სიმთვრალის გამო, 6 თვით ჩამორთმეული მართვის მოწმობა უნდა დაუბრუნდეს პირს, რადგან ის „მუხიანში გვეხმარება“. ამავე მიზეზით ჩამორთმეული მართვის მოწმობა უნდა დაუბრუნდეს კიდევ ორ პირს, რადგან ისინი მმართველ პარტიას „სოფელ გლდანში ეხმარებიან“.

წყარო: TI, ISFED

განსაკუთრებით საინტერესო ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლითაც იკვეთება, რომ პირი პარტიას მართვის უფლების დაბრუნებისთვის აუცილებელი დინამიური-ნარკოლოგიური შემოწმების გვერდის ავლაში დახმარებას სთხოვს, პარტია კი ამ თხოვნას შსს-ს მაღალჩინოსანს უგზავნის.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მართვის უფლების აღდგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილებები 2018 წლის ნოემბერში რამდენჯერმე აღემატება წინა და შემდეგი თვეების მაჩვენებლებს.

წყარო: TI, ISFED

როგორ მოიხსნა პირობითი მსჯავრი? - ხმა მიეცი პარტიას და დაეხმარე სხვების ხმების მობილიზებაშიც

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით, სავარაუდოდ, გიორგი პატარიძისთვის 1700-მდე მსჯავრდებულის (პრობაციონერის) შესახებ არსებული ინფორმაცია გაიგზავნა.

როგორც კორესპონდენციისა და გაგზავნილი მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, პრობაციონერები ან/და მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ხოლო პარტია მათ მონაცემებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იმ მიზნით უგზავნიდა, რომ მათთვის სასამართლო განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლობა მოეხსნათ.

უფრო კონკრეტულად, გადაცემულ სიებში იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ რეგიონული შტაბებიდან შეგროვებული მსჯავრდებულთა ჩამონათვალი, რომლებსაც სხვადასხვა დანაშაულისთვის განსაზღვრული ჰქონდათ პირობითი მსჯავრი.

სიებში, როგორც წესი, მითითებული იყო მათი პერსონალური ინფორმაცია, ჩადენილი დანაშაული, შეფარდებული სასჯელი, პირობითი მსჯავრის ხანგრძლივობა და მოთხოვნა - მისი გაუქმება.

ხშირ შემთხვევაში სიის შემდგენელი პირებისგან შენიშვნის გრაფაში მითითებული იყო, თუ რა ფორმით ეხმარებოდა პირი პარტიას. მაგალითად, ასე: „ეს ბიჭი საბურთალოელია, მეხმარება გლდანში და საბურთალოზეც“; ან ასე: „ეს ბიჭი გლდანელია და გვეხმარება გლდანში, გლდანულაში, პატარა გლდანში და სოფელ გლდანში“.

წყარო: TI, ISFED

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე ასკვნიან, მიღებული სიების საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილისგან, სავარაუდოდ, იგზავნებოდა პასუხები, რომლებშიც აღნიშნული იყო ის, თუ როგორ გადაწყდა სიაში მყოფი პრობაციონერების მოთხოვნები. კორესპონდენციაში არსებობს securgd@gmail.com-დან 2018 წლის 27 ნოემბერს გაგზავნილი წერილი, რომელიც ამ გარემოებას არაპირდაპირ ადასტურებს: „გიგზავნით პირთა სიებს, რეგიონების მიხედვით, რომელთა საკითხი პირობითებისა და უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყდა დადებითად. მოცემულ სიებში არსებული ყველა პირი ინფორმირებულია“.

ამ წერილზე მიმაგრებული იყო მონაცემთა ბაზების ფაილები, რომელშიც წარმოდგენილი იყო თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონიდან შედგენილი 1,600-ზე მეტი პირის სია.

გარდა securgd@gmail.com-ის კორესპონდენციისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტებში იძებნება, სავარაუდოდ, მცხეთის მერის და პარტიის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის 2018 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის და რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის სახელზე, რომლითაც გიორგი კაპანაძემ ცხრა პრობაციონერისგან შემდგარი სია გააგზავნა და მათთვის „სათანადო დახმარების“ გაწევა მოითხოვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“, მამხილებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის გადამოწმება, რომლის თანახმადაც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, პირობითი მსჯავრის მოხსნის საკითხი ამომრჩევლის მოსასყიდად გამოიყენებოდა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გადაამოწმა და გამოითხოვა სტატისტიკა პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, მუდმივმოქმედმა კომისიამ წინა თვეებთან შედარებით მრავალჯერ მეტი ოდენობის პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

წყარო: TI, ISFED

გარდა ამისა, პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია 2018 წლის ნოემბერში და დეკემბერში 13-ჯერ შეიკრიბა, მაშინ როდესაც მანამდე თვეში ერთხელ იკრიბებოდა.

დახმარება პარტიას სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ

მამხილებლის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გადაგზავნილი დოკუმენტებისა და კორესპონდენციების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრის პერიოდში securgd@gmail.com-დან როგორც გიორგი პატარიძესთან, ისე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან, გაიგზავნა 20-მდე პირის სია, რომლებზეც მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და წერილებით მოთხოვნილი იყო სასჯელის შემსუბუქება. მიზეზი იგივე, მაგალითად, თაღლითობაში ბრალდებული პირი პარტიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მუხიანის აგარაკებში ეხმარება. ძალადობაში ბრალდებული პირი კი ვაკე-საბურთალოზე.

ამავე სქემაში შეიძლება ჩაეწეროს არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება.

გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, 2018 წლის ოქტომბერში, ორი მსჯავრდებულისთვის ითხოვდა სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, რათა სანაცვლოდ ეს პირები საარჩევნო ხმების მობილიზებაში დახმარებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ [...] რაიონში, ცხოვრობს დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება, ლევანი (გვარი დაშიფრულია). ის სასჯელს იხდის გლდანის [...] დაწესებულებაში. ჩვენ თუ შევძლებთ არჩევნებამდე ამ პიროვნების #15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანას (ქსნის ზონა), ჩვენ მოვახერხებთ გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას“.

წყარო: TI, ISFED

რას ამბობს გენერალური პროკურატურა?

დაიწყო თუ არა გენერალურმა პროკურატურამ 21 ივლისს გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით გამოძიება, ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ გენერალურ პროკურატურას მიმართა.

როგორც უწყების პრეს-სამსახურში გვითხრეს, დოკუმენტაცია პროკურატურას 21 ივლისს გადაეცა, „მიდის შესწავლა და მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სანამ მამხილებლის მიერ გადაცემულ ინფორმაციას მედიისთვის გაასაჯაროებდნენ, დოკუმენტაცია სრულად მიაწოდეს გენერალურ პროკურატურას.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან იკვეთება როგორც სამოხელეო დანაშაული, ისე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტები და ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, სიმართლის დადგენა მარტივად იქნება შესაძლებელი, რაკიღა დოკუმენტაციაში აღწერილი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

რადიო თავისუფლება შეეცადა გასაჯაროებულ დოკუმენტაციაში ნახსენებ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებასაც, თუმცა, ამ დრომდე, მათთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.