პრემიერი ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე: სამწუხაროა ის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მიმართ

შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებს. თავდაპირველად კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს პირისპირ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს. მთავრობის მეთაურთან მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

როგორც მთავრობის პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მიმართ, როდესაც ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, თუმცა საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება. ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური პროცესი და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს ქვეყნის შიგნით.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ჰუმანიტარულ, ისე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. „აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი ყველა შესაბამის ფორმატში დააყენებს აღნიშნულ საკითხს. აგრეთვე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და ერთგული კონტრიბუტორი მიმდინარე ოპერაციებში", - ნათქვამია პრესრელიზში.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დევიდ მაკალისტერის გარდა ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ასევე ნახეთ ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი - ევროპარლამენტარების ჩამოსვლა დაძაბულ ფონზე

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, პარლამანტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებს, საპარლამენტო ოპოზიციას, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებს. მათ ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.